ორი სამინისტროს ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფმა ტყიბულის შახტის და ჭიათურის მაღაროების შემოწმება დაიწყო. 11 მაისის ბრძანების საფუძველზე, ეკონომიკის და ჯანდაცვის უწყებების ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფი შეამოწმებს და ზედამხედველობას გაუწევს სამუშაო ადგილებს, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის რისკებს შეიცავს. ჩატარდება ტექნიკური ინსპექტირება; ზედამხედველობა გაეწევა შრომის პირობებს; შეფასდება, რამდენად შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ შრომის და უსაფრთხოების მოთხოვნებს.
მონიტორინგის ჯგუფი ორივე უწყების წარმომადგენლებისგან შედგება – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებისგან.
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში უბედური შემთხვევა 9 მაისს მოხდა – ბაგირის გაწყვეტის შედეგად 4 მეშახტე 400 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. სამაშველო ოპერაცია 14 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცხედრების ექსპერტიზა და იდენტიფიცირება ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარდა.
დაღუპული მეშახტეები 14 მაისს დაკრძალეს.
შესაბამის სამსახურებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის დეპარტამენტის უფროსი და შრომის ინსპექტორების ჯგუფი.
განცხადებები გაავრცელეს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა და პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.
მომხდარს გამოეხმაურა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.
შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
სამოქალაქო სექტორმა, “აუდიტორია 115”-მა და რკინიგზის პროფკავშირებმა პარლამენტთან აქცია გამართეს.