გადაცემა “პროფილის” ეთერში მაია ასათიანი შვილის გარდაცვალების შემდეგ ტელეეკრანზე პირველად გამოჩნდა. მან ტრაგედიის დღე გაიხსენა:
“ძალიან რთული გზა იყო თქვენამდე მოსასვლელი გზა და მე მოვედი. არ ვიცი რას ამბობენ ასეთ დროს და როგორ გამოხატავენ მადლიერებას, მაგრამ თუ მე გადავრჩი, თუ ფეხზე დადგომა და თქვენთან მოსვლა შევძელი, ეს თქვენი დამსახურებაა. ჩემო მაყურებელო, ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, ძალიან დიდი მადლობა თქვენ. თავიდან ვისწავლე სუნთქვა, დილით თვალის გახელა, სიარული, საუბარი და ყოველ ახალ დღესთან შეხვედრა ჩემი შვილის გარეშე. არასდროს ვსაუბრობდი ნუცაზე საჯაროდ. მე მეშინოდა ხმამაღლა მეთქვა, როგორი წარმატებული შვილი მყავდა. მინდოდა ჩემსკენ წამოსული აგრესიისგან დამეცვა, ჩემსკენ ნასროლი ტალახი მას არ უნდა მოხვედროდა და აი მე ვდგავარ თქვენს წინაშე, ჩემს შვილზე გიყვებით და აღარ მეშინია. ამ ორი თვის მანძილზე ბევრი კითხვა იყო და მე მოგიყვებით ჩემს ამბავს…
20 წლის ვიყავი, დედა რომ გავხდი, 18 წელი ვიყავით ერთად. “დე ძალიან მენატრები” – ეს იყო ბოლოს რაც მითხრა… მერე იყო სიკვდილი. ალბათ ბევრი დასვამს შეკითხვას, რატომ
დავბრუნდი და რა დროს დაბრუნებაა? აქ ორი გზაა, ან სიკვდილთან ერთად ცოცხლად სიკვდილი ან ცხოვრების გაგრძელება. მეორე უფრო რთულია… მე მეორეს ვირჩევ. მე დავბრუნდი და თუ შენ ახლა მიყურებ, მე გპირდები, შენ ვერასდროს იგრძნობ, რომ ჩემს უკან დიდი ტრაგედია. მაშ ასე, დღეს მე ცხოვრებას ვიწყებ თავიდან, ცხოვრება ტრაგედიის შემდეგ…
მე და ნუცას ყოველწამიერი კონტაქტი გვქონდა. გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ვესაუბრე სკაიპით, სულ ხუმრობა ჩემთან დაკავშირებულ ინტერნეტ ბულინგის თემაზე და ცდილობდა გავემხნევებინე. ეს ის პერიოდი იყო ჩემზე “გიფები” რომ გაკეთდა. მეუბნეოდა, დე იმედია ახლა არ ზიხარ და ამაზე არ ნერვიულობო, ცოტა “ლაითად” შეხედე ამ ყველაფერსო. ცოტა ხანს ვისაუბრეთ, ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი. ძალიან ხანმოკლე საუბარი იყო, თითქოს რაღაც დამაკლდა. ბოლოს მითხრა, რომ “დედა, ძალიან მენატრებიო”. მეორე დღეს, შუადღის 3 სააათზე მირეკავდა უნივერსისტეტის წარმომადგენელი… მითხრა, რომ ნუცა იყო ძალიან ცუდად და მასთან უნდა ჩავსულიყავი. თავიდან, ვერ გავიაზრე ბოლომდე, რა მოხდა. მე და ნუცას მამა პარიზში იმავე ღამეს გადავფრინდით. დიაგნოზი იყო მენინგოკოქცემია, ეს ძალიან მძიმე დაავადებაა და ნუცას უმძიმესი ფორმა შეხვდა. მე რომ ჩავედი ის უკვე კომაში იყო, რეალურად 2-3 საათი გავატარეთ ერთად. შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. მეც მქონდა შეკითხვები ჩემს თავთან, გამეგრძელებინა თუ არა ცხოვრება… მივხვდი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
თუ რამეს ვნანობ, ბევრი შვილი რომ არ მყავს. თუ ღმერთი ინებებს, მინდა ბევრი შვილი, რომ მყავდეს”, – განაცხადა მაია ასათიანმა.
შეგახსენებთ, რომ მაია ასათიანის და ირაკლი მახვილაძის 18 წლის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე პარიზის საავადმყოფოში 23 თებერვალს გარდაიცვალა. გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ნუცა მახვილაძე საფრანგეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდა.
მაია ასათიანი – "დღეს ჩემი ახალი ცხოვრების პირველი დღეა"
Gepostet von თოქ-შოუ პროფილი am Donnerstag, 4. Mai 2017