ელზა პაპოშვილი
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რევაზ არველაძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ გაზის ტარიფის ზრდა გარდაუვალია. მისი თქმით, ფასის ზრდა ივნისის ბოლოსთვის არის მოსალოდნელი. ამის მიზეზად კი ის ორ მთავარ ფაქტორს ასახელებს.
მისი განცხადებით, 2005 წლის შემდეგ გაზის ტარიფები არ გადახედილა, შესაბამისად მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ამ ხნის განმავლობაში გაზის სექტორში საკმაოდ ბევრი ინვესტიცია განხორციელდა, გარდა ამისა, არველაძის თქმით, ლარის და დოლარის ურთიერთობა საკმაოდ შეცვლილია. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში დიდი კურსით გაუფასურდა. აქედან გამომდინარე, რევაზ არველაძე ამბობს, რომ გაზის ტარიფების ზრდას უნდა ველოდოთ.
გადამწყვეტი სიტყვა ბოლოსთვის მარეგულირებელი კომისიის იქნება და შემდეგ გამოცხადდება, რამდენით მოიმატებს გაზზე გადასახადი. თუმცა, არველაძე დარწმუნებულია, რომ ზაფხულში გაზზე ფასი აუცილებლად გაიზრდება.
„არსებობს ორი აუცილებელი კომპონენტი, რომელთა გათვალისწინებითაც გაზზე ფასის ზრდას აუცილებლად გამოიწვევს. ეს არის გაზის სექტორში განხორციელებული ინვესტიციები და ეს არის ლარის კურსი დოლართან. ეს კომპონეწნტები გაზის ფასის ზრდას აუცილებლად გამოიწვევს, მაგრამ რამდენით ეს უკვე თავად კომპანიის ხელმძღვანელობის და მარეგულირებელი კომისიის გადასაწყვეტია. ეს უფრო ზაფხულში ივნისშია მოსალოდნელი.
მარეგულირებელ კომისიაში განაცხადები უკვე შეტანილია და კომისია ვალდებულია ახალი ტარიფი იანგარიშოს და დაამტკიცოს. ახლა რამდენად შეიცველა და ეს ზრდა დიდი იქნება თუ არა, ცოტა რთული სათქმელია. მნიშვნელობა აქვს ახალი ტარიფის განსაზღვრისას მარეგულირებელი კომისია ლარის რა კურსს იანგარიშებს.
ის, რომ ზრდა მოსალოდნელია, მე დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება მთავრობის რეაგირებას და ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის რეაქციას, მათ ამ კუთხით არაფრის გაკეთება არ შეუძლია. მარეგულირებელი კომისია არის დამოუკიდებელი კომისია, რომელზეც ზეგავლენას ვერავინ მოახდენს.
გვახსოვს ალბათ, სენაკში გაზის ტარიფის ზრდას კალაძის მწვავე რეაქცია მოჰყვა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ გაზის ფასის ზრდა კომპანიამ მარეგულირებელი კომისიის გარეშე გადაწყვიტა. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ეს თვითნებური გადაწყვეტილებაც არ ყოფილა. თავად სამინისტრომ ჯერ კიდევ 2008 წელს, გაზის სექტორის ნაწილობრივი დერეგულირების თაობაზე, კომპანიებს უფლება მისცა ტარიფი თავად დაედგინათ. ამ კომპანიასაც სენაკში კანონი არ დაურღვევია.
ახლა, ეს საკითხი მთლიანობაში დგას, რადგანაც ვიცით, რომ გაზს იმპორტით ვიღებთ და ყიდვის დროს გადავიხადეთ რაღაცა რაოდენობის დოლარი. ეს გაზი ხომ მომხმარებელზე უნდა გავყიდოთ?! იმ დოლარების რაოდენობას ადრე ვამრავლებდით 1,7-ზე, რომ, ლარში გადაგვეყვანა გამოდიოდა ტარიფი, ახლა კი ამის მაგივრად 2,4 უნდა ვიანგარიშოთ. ეს კი თავისთავად გაზის ფასს ზრდის“, – ამბობს არველაძე.
მისი თქმით, ბოლო დროს, გაზის კომპანიებმა საკმაოდ დიდი ინვესტიციები განახორციელეს და ქვეყნისა სხვადასხვა რეგიონების გაზიფიცირება მოახდინეს. შესაბამისად, ესეც ტარიფში უნდა გადავიდეს, რადგანაც კომპანია, როდესაც ფულს ხარჯავს ის ტარიფიდან უნდა ამოიღოს.
ენერგეტიკის და ტრანზიტს საკითხების ანალიტიკოსი ლიანა ჯერვალიძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ გაზზე ტარიფის ზრდა გარდაუვალია. მას უკვირს ლარის კურსის ვარდნის პირობებში „ყაზტრანსგაზმა“ ძველი ტარიფის შენარჩუნება როგორ მოახერხა. მისი თქმით, ჩვენ ბაზარზე წარმოდგენილი კომპანიები, არიან კომერიული აქტიორები და ისინი არ არიან ჰუმანიტარული ორგანიზაციები, შესაბამისად ისინი მოგებაზე არაინ ორიენტირებულნი.
ანალიტიკოსის განცხადებით, ლარის კურსის გაუფასურების შესაბამისად, კომპანიებს აღარ უღირთ ის ტარიფი, რომელსაც ახლა ვიხდით, რადგანაც მათი შემოსავლები საკმაოდ შემცირდა. მითუმეტეს მასობრივი გაზიფიკაციის პირობებში სოფლების და რაიონების დაერთება ხდება, რაშიც კომპანიებს დამატებით თანხების გაღება უწევთ.
„გაზზე ფასის ზრდა, რა თქმა უნდა მოსალოდნელია და ამას ჩვენი მოსახლეობა მომზადებული უნდა შეხვდეს. მისასალმებელი კი არა მოსალოდნელი იყო. საზოგადოებამ სხვაგვარად არ მინდა აღიქვას. უბრალოდ, კომპანიებს სხვა გზა და გამოსავალი არ გააჩნიათ.
ყველა კომერციული კომპანია და ბიზნესმენი მოგებაზეა ორიენტირებული, შესაბამისად მათ ვერ მოვთხოვთ, რომ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე საკუთარი დააზარალონ. მიკვირს კიდეც, ამდენი ხანი ძველი ტარიფის შენარჩუნება როგორ მოხერხდა.
ზაფხულიდან ტარიფის მომატებას იმიტომ ვარაუდობთ, რომ გაზის მოხმარება ამ დროს მცირდება და მოსახლეობა გაზრდილ ტარიფს ერთბაშად ვერ იგრძნობს. ამ დარტყმას ნაკლებად იგრძნობს და ზამთარში უკვე შეგუებული შეხვდება. თან გააჩნია კომპანია მარეგულირებელ კომისიას რამდენით გაზრდას მოსთხოვს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ძველ ტარიფს ხუთი თეთრი აუცილებლად მოემატება და დანარჩენი მას ზემოდან რა დაემატება ეს უკვე კერძოდ კომპანიების გადასაწყვეტია“, -ამბობს ანალიტიკოსი „მეტრონომთან“.