ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პოლიტიკაში იმ შეცდომებზე პასუხისმგებლობით ვბრუნდები, რომელიც ჩემი თანამონაწილეობითაც ხდებოდა”

“მე ვბრუნდები პოლიტიკაში გამოცდილებით, რომელიც არ ყოფილა ერთნაირად წარმატებული. ვბრუნდები პოლიტიკაში პასუხისმგებლობით იმ შეცდომებზე, რომელიც ჩემი თანამონაწილეობითაც ხდებოდა როგორც ოპოზიციაში ყოფნისას, ასევე ხელისუფლებაშიც. ვბრუნდები პოლიტიკაში, სწორედ იმ ვალდებულებით, რომ გამოცდილება, ცოდნა, ენერგია მოვახმარო საქმის უკეთ კეთებას, ” – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან დღეს პოლიტიკური პარტიის შექმნა დააანონსა და აღნიშნა, რომ ეს იქნება არა უბრალოდ მორიგი პოლიტიკური პარტია, არამედ ახლებური პარტია თავისი შინაარსითაც, ფორმითაც და შექმნის წესითაც. როგორც უსუფაშვილი ამბობს, ეს იქნება ცენტრისტული პარტია.

“ეს იქნება პარტია, რომელიც გადააგდებს იმ ლექსიკონს, რომელიც ჩვენს პოლიტიკოსებს ჯიბეში უდევთ. ლექსიკონი, რომელშიც სპეციალურად არის შერჩეული სიტყვები და მიმართულია გათიშულობისკენ, შეურაცხყოფისკენ, ნგრევისკენ. ჩვენ ვიქნებით შენებაზე ორიენტირებული პარტია. მე არ ვაპირებ გვერდში ამოვიყენო 10-12 ცნობილი თუ ნაკლებადცნობილი ადამიანი და შორიდან გელაპარაკოთ, თითქოს ჯადოსნური ჯოხი გვიჭირავს ხელში”- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ახალი პარტიის მთავარი ამოცანა იქნება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და კოალიციური მთავრობის ფორმირება.

“ამისთვის ვიქნებით მზად და არა ერთპარტიულობისთვის. დაინტერესებული ვიქნებით პოლიტიკური ოპონენტების სიძლიერით და მოწადინებული ვიქნებით იმისთვის, რომ კონკურენცია იყოს მაღალი”,- აღნიშნა უსუფაშვილმა.

 

იტვირთბა....