უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა, 2 მარტს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეს განიხილავს.
დიდი პალატის მიერ საქმის განხილვის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია:
„2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს საკასაციო საჩივარს სამოქალაქო საქმეზე №ას-664-635-2016 (ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანშვილის, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“, შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“, ნინო ნიჟარაძის /მოპასუხეები/ საკასაციო საჩივრები ქიბარ ხალვაშისა და შპს „პანორამას“ /მოსარჩელეები/ წინააღმდეგ).
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ „დიდ პალატაში საქმის განმხილველი შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“, 2014 წლის 28 მარტს დამტკიცებული დადგენილების შესაბამისად, მოცემულ საქმეზე შეიქმნა დიდი პალატა შემდეგი შემადგენლობით:
ნინო გვენეტაძე; მზია თოდუა; ვასილ როინიშვილი; ეკატერინე გასიტაშვილი; პაატა ქათამაძე; ბესარიონ ალავიძე; მაია ვაჩაძე; ზურაბ ძლიერიშვილი; გიორგი შავლიაშვილი.“ – ნათქვამია განცხადებაში.
„მეტრონომი“ წარმოგიდგენთ ამ 9 მოსამართლის შესახებ მოძიებულ ინფორმაციას, რომელიც სხვადასხვა დროს მედიის მიერ გავრცელდა.
ნინო გვენეტაძე – „ერთი ნაწილისთვის გვენეტაძე „პრინციპული“, „პროფესიონალი“ და „სამართლიანობისთვის მებრძოლი მოსამართლეა“, მეორე ნაწილი მას შევარდნაძის დროინდელი პროკურატურის მორჩილ და მექრთამე მოსამართლეებთან აიგივებს. 2005 წელს ნინო გვენეტაძე „დისციპლინარული გადაცდომისთვის სკანდალურად გაათავისუფლეს“. გათავისუფლების მიზეზს იუსტიციის საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის იმდროინდელი წევრი, ნინო კალანდაძე განმარტავს. კალანდაძის განცხადებით, გვენეტაძის გათავისუფლების მიზეზი „სხვა საქმეებთან ერთად, ერთ-ერთი ბრალდებულისთვის 7-წლიანი უკანონო პატიმრობის შეფარდება გახდა“. კალანდაძე ამბობს, რომ კოლეგიის გადაწყვეტილება მართებული იყო და ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ უზენაესმა სასამართლომ კოლეგიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და საპირისპირო გადაწყვეტილება არც სტრასბურგის სასამართლოს გამოუტანია.
მეორე მხარისთვის, ის პრინციპული, „მეამბოხე მოსამართლეა“, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და რის გამოც ის უზენაესი სასამართლოდან დაითხოვეს.
მედიაში მეამბოხე მოსამართლედ ცნობილი სამართალმცოდნე, რომელმაც ჯერ კიდევ 10 წლის წინ საზოგადოებას თავი მაშინდელი ხელისუფლების საწინააღმდეგო ღია განცხადებებებით დაამახსოვრა“.- წერდა „მედიაჩეკერი“.
მზია თოდუა – „სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა ქართული ოცნების შემომწირველი იყო. აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, თოდუამ ქართულ ოცნებას 2012 წლის ნოემბერში 14 000, ხოლო 2014 წლის აპრილში 20 000 ლარი შესწირა.
ამასთან, მზია თოდუა 2012-2015 წლებში სააქციო საზოგადოება “ბანკი ქართუს“ იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი იყო, 2007-2012 წლებში იმავე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, 2006 -2012 წლებში კი სააქციო საზოგადოება “ქართუ ჯგუფის“ იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილე და სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი.
მზია თოდუა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ პრეზიდენტის წარდგინებით, 2015 წელს აირჩიეს.“ – წერდა „გურია ნიუსი“
ვასილ როინიშვილი – უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ლალი ლაზარაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ იხსენებდა:
„(2010 წელს) გადაწყდა, სამოქალაქო საქმეთა პალატაც გაეკონტროლებინათ და ეს დაგვირგვინდა იმით, რომ პალატის თავმჯდომარედ ისევ და ისევ პროკურატურის კადრი – ვასილ როინიშვილი დანიშნეს. მას სამოქალაქო საქმეთა პალატაში ძალთა ისეთი ბალანსი დახვდა, რეჟიმისთვის სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად უმრავლესობას რომ ვერ აგროვებდა. ამიტომ დღის წესრიგში დადგა, სულ ცოტა, ერთი მოსამართლის მოცილების საკითხი და არჩევანი ჩემზე შეაჩერეს.
– როგორ გაიძულეს მოსამართლეობაზე უარი გეთქვათ?
ლალი ლაზარაშვილი: ვასილ როინიშვილმა ჩემთან “მოლაპარაკება” დაიწყო. დამიბარა, გამაცნო ჩემ მიერ მხარეებისთვის გადაწყვეტილების გაგზავნის ვადების გადაცილების სტატისტიკა და დისციპლინური დევნის აღძვრით დამემუქრა. ასევე გამოითხოვა ჩემი განხილული საქმეები, დარღვევებს ეძებდა. რომ ვერ იპოვეს, პირდაპირ შემომთავაზა თანამდებობის დატოვება: “მე აქ მჭირდება გუნდი, თქვენ კი “დეტსკი სადი” გამიმართეთ”, – მითხრა მან.
2010 წლის 11 ნოემბერს ისევ დამიბარა და მითხრა, სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გადაგიყვანთო. უარი ვუთხარი, რადგან მე სამოქალაქო სამართლისა და დამატებით ადმინისტრაციული სამართლის სპეციალისტი ვარ.“ – ამბობდა ყოფილი მოსამართლე ვასილ როინიშვილზე.
For.ge-სთან ინტერვიუში, ადვოკატი, რამინ პაპიძე აცხადებდა, რომ შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მოკლული, ქართველი მზვერავის, როინ შავაძის საქმეს ვასილ როინიშვილის სახელი უკავშირდება:
„როდესაც ეს მკვლელობა მოხდა, მაშინ აჭარის პროკურორი იყო ვასილ როინიშვილი, რომელიც ახლა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის თავმჯდომარეა, ის არის ზურაბ ადეიშვილის დეიდაშვილი. როინ შავაძის ცოლი იყო მასთან შესული და უთხრა, რომ გამოეძიათ ეს მკვლელობა და როინიშვილი დაემუქრა ციცინო შავაძეს, რომ მისთვის ჯობდა გაჩუმებულიყო.“ – აცხადებდა For.ge-სთან ინტერვიუში, ადვოკატი, რამინ პაპიძე.
2016 წლის 20 სექტემბერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აქვეყნებს პოსტს: „მას შემდეგ, რაც ივანიშვილის არხებმა გამოაქვეყნეს რამდენიმე მოქმედი პოლიტიკოსის სია, რომელსაც სახელმწიფომ დაუფინანსა განათლება და ცდილობენ ამას როგორც ნეპოტიზმის გასაღებას, მე მოვიძიე და მოვიპოვე ნაწილობრივი სია, სადაც დაახლოებით 630 ადამიანია, რომელთაც დავუფინანსეთ განათლება უცხოეთში. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში მყოფი ზოგიერთი ჩვენი მთავრობის თანამშრომელი, მუშაობის დროს გავუშვით საზღვარგარეთ, და ზოგიც სამსახურში ავიყვანეთ სწავლის შემდეგ.
იმ ახალგაზრდების რაოდენობა ვისაც ხელი შევუწყეთ ამა თუ იმ ფორმით სწავლაში ბევრად მეტია, მაგრამ ჯერჯერობით ვაქვეყნებ იმ გვარებს რომლებიც მოვიპოვე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ ულხინდა, მე ყოველთვის განვიხილავდი ახალგაზრდების განათლებას ჩვენს პრიორიტეტად. არასდროს ვეკითხებოდით კანდიდატებს მათ პოლიტიკურ შეხედულებაზე, ამიტომაცაა, რომ ამ სიაში შესული ბევრი ადამიანი დღევანდელ სახელმწიფო აპარატშიც მსახურობს და მათი დიდი ნაწილი არაა ჩვენი პოლიტიკური მხარდამჭერი. მთავარია ისინი ემსახურონ საქართველოს.“ – წერდა სააკაშვილი, რომელმაც აქვე სია გამოაქვეყნა. სიაში მითითებულია ვასილ როინიშვილიც.
ეკატერინე გასიტაშვილი – ადვოკატი ზაზა ხატიაშვილის მიერ 2016 წლის 23 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში, ნათქვამია: „ნინო გვენეტაძემ „ოლიგარქი ივანიშვილის“ მხრიდან განხორციელებულ ელემენტარულ წნეხს ვერ გაუძლო, რაც მისთვის დასასრულის დასაწყისი იყო. როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ნინო გვენეტაძის კანდიდატი ეკატერინე გასიტაშვილი, „ოლიგარქმა ივანიშვილმა დაძირა“, ნინო გვენეტაძე უნდა გადამდგარიყო და სამოქალაქო საზოგადოებისთვის სრული სიმართლე ეთქვა, მაგრამ როგორც საქართველოს სინამდვილეში ხდება, ნინო გვენეტაძემ საკუთარ ღირსებაზე და ღირებულებებზე მაღლა უზენაესი სასამართლოს თანამდებობა დააყენა და რიგით მურუსიძედ გადაიქცა.“
„ქრონიკა პლუსის“ ინტერვიუში, ადვოკატი მამუკა ნოზაძე (19 ოქტომბერი, 2015) აცხადებდა:
„დავიწყებ ეკა გასიტაშვილით, რომელიც გახლავთ გვენეტაძის დაქალი და ახლობელი. უზენაეს სასამართლოში პრეცედენტი არ ყოფილა იმისა, რომ უზენაეს წევრად გამწესებული იყოს ისეთი მოსამართლე, რომელიც არ გამოირჩევა ავტორიტეტით, ან აღიარებით იურისტების წრეში. სასამართლოს ამ ზედა რგოლის წევრობაზე როცა ხდება პირის წარდგინება, აუცილებლობა მოითხოვს, რომ კანდიდატი იყოს კარგი რეპუტაციის მქონე, მცოდნე, საზოგადოებისთვის მისაღები თავისი ადამიანური ნიშნებით. გასიტაშვილი არც სამეცნიერი წრეებიდან მოდიოდა და არც მნიშვნელოვანი გაუკეთებია რამე. ის რამდენიმე წელი მუშაობდა ადვოკატურაში, თუმცა ყველა ადვოკატმა კარგად იცის, ამ წრეში ვინ რისი შემძლეა, ან რა საქმეების გამკეთებელი. ის არც ადვოკატი იყო ისეთი, რომ ინოვაციები ეკეთებინა და სამართლებრივ საკითხებში თავისი წვლილი შეეტანა, ანუ იყო რიგითი ადვოკატი და ჰქონდა რამდენიმე საქმე, რომელსაც აწვდიდნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული და მათი ინტერესების გამტარებელი ოფისები. ეს ქალბატონი, თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილთანაც მუშაობდა.
გასიტაშვილს თანაშემწედ ჰყავს მაია ახალაძე, რომელიც არის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის ყოფილი მოსამართლე. მსოფლიოს სამართლებრივ სისტემაში არ ყოფილა პრეცედენტი, რომ უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე გადასულიყო თანაშემწის სტატუსზე, რადგან ეს მოსამართლისთვის არის ძალიან დამაკნინებელი, თუმცა ეს სამსახური, თავის მხრივ, არ გახლავთ სასირცხვილო და ეს გზა გაიარა მოსამართლეების გარკვეულმა ნაწილმა, მაგრამ იერარქიულად ქვემოდან ზემოთ და არა ზემოდან დაქვეითებით. თავად გასიტაშვილს მოსამართლეობის გამოცდა არ ჩაუბარებია, მაგრამ თანაშემწედ უზის უზენაეს სასამართლოში გამოცდილი კადრი, ცხადია, გამოცდაჩაბარებული. ეს იმიტომ ხდება, რომ თავად ქალბატონ ეკას, მისი ინტელექტუალური შესაძლებლობიდან გამომდინარე, არ შეუძლია გადაწყვეტილებების დაწერა. მას ამისათვის არ აქვს არც სათანადო გამოცდილება და არც პრაქტიკა. მართალია, პრეზიდენტი ამბობს, რომ კარგი მოსამართლეები და კარგი სპეციალისტები წარადგინა, სინდისიერი და დამოუკიდებელი პირები არიან ახლა უზენაეს სასამართლოშიო, მაგრამ მიმაჩნია და ხმამაღლაც ვიტყვი, რომ მარგველაშვილის მიერ უზენაეს სასამართლოში წარდგენილები იყვნენ არაკომპეტენტური პირები. ეს კადრები რომ პრეზიდენტის შერჩეული არ არის, საზოგადოება ამაში ნათლად დარწმუნდება თუ იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებგვერდზე ნახავს პრეზიდენტის გამოსვლას, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ მე შემომთავაზეს ორი კანდიდატი და ვახორციელებ მის წარდგენასო. იქვე პრეზიდენტის ინტერვიუს მოჰყვება გვენეტაძის ინტერვიუც: მე პრეზიდენტს შევთავაზე ორი კანდიდატურა. ესენი იყვნენ ეკა გასიტაშვილი და მზია თოდუაო. მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი“ – აცხადებდა ადვოკატი.
პაატა ქათამაძე – ამ მოსამართლის სახელს უკავშირდება დ. საყვარელიძის სახელით მიღებული წერილები უკრაინიდან, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ მოსამართლეების მოსყიდვის საქმეზე ძიება დაიწყო. ამასთან დაკავშირებით „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებდა:
“კვანძი გაიხსნა – წესიერებით განთქმულმა მოსამართლე ქათამაძემ, ჯერ კიდევ 14 იანვარს შეიტანა პროკურატურაში რუსთავი 2- ის საქმესთან დაკავშირებით მასზე მიმდინარე ზეწოლის შესახებ განცხადება, რაც ჩვენთვის უცნობი იყო დღემდე. გუშინ, სამთავრობო მედია – ბედუკაძის სააგენტო და ტვ იმედი, სუსის დაკვეთით შეეცადნენ მოსამართლის დისკრედიტაციას, თითქოს ეს ქრთამის გამო გააკეთა. ყველაფერი ნათელია: გილოცავთ, საქართველოს ისტორიაში პირველად გვყავს სისტემის და მთავრობის მამხილებელი მოსამართლე ქათამაძე! ეს არის ნამდვილი სამოქალაქო გმირობა!” – წერდა გვარამია.
წერილში, რომელიც პაატა ქათამაძემ დავით საყვარელიძის სახელით მიღო, ნათქვამი იყო, რომ სწორედ ეს ორი მოსამართლე იყო მათი დასაყრდენი, ეს ინფორმაცია კი „გვარამიასგან ჰქონდათ“. წერილის ავტორი აღნიშნავდა, რომ მოსამართლეებს ეს „დაუფასდებათ და იურიდიული მიმართულების სათავეებთან დადგებიან“ მომავალში.
ამასთან, წერილში აღნიშნული იყო, რომ „მიშასთან“ შეთანხმებით მათ შემდეგი რამ უნდა გააკეთონ – საჯაროდ განაცხადონ, რომ წნეხისა და ზეწოლის ქვეშ არიან.
„დანარჩენი უკვე ნიკამ იცის, ისეთ შავ პიარს ააგორებს, რომ საბოლოოდ განადგურდება ეგ საქმე,“ – ნათქვამი იყო წერილში.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ საქმეზე ძიება დაიწყო, ხოლო პოლიტიკოსმა დავით საყვარელიძემ, საქმეს „აბსურდი“ უწოდა.
ბესარიონ ალავიძე – როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, პაატა ქათამაძესთან ერთად, სავარაუდოდ, უკრაინიდან გამოგზავნილი წერილები ბესარიონ ალავიძემაც მიიღო.
კულუარებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას კონსტანტინე კუბლაშვილი ასრულებდა. იგი მფარველობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ბესარიონ ალავიძეს, რომლის კვალიფიკაციაც ეჭვქვეშ 2013 წელს დადგა.
ბესარიონ ალავიძის შესახებ სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ადვოკატმა ალექსანდრე ალადაშვილმა მისი დიპლომის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა და მოსამართლის იურიდიული განათლება ეჭვქვეშ დააყენა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ალავიძის დიპლომის ირგვლივ ჩაატარა მოკვლევა და როგორც უზენაეს სასამართლოში 2013 წლის 27 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, საქმის მასალების გამოთხოვისა და ანალიზის შედეგად, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ადგილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. კერძოდ, მტკიცებულების ფალსიფიკაციას.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მაშინდელი მდივანი ვალერი ცერცვაძე კი ამტკიცებდა, რომ მაშინ მოქმედ ყველა მოსამართლეს უმაღლესი იურიდიული განათლება ჰქონდა, ხოლო ბესარიონ ალავიძის დიპლომზე დავას “განსხვავებული გემოვნებით” ხსნიდა.
მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის მინისტრმა მოსამართლე ალავიძის დიპლომთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას “მეტისმეტად შემაშფოთებელი” უწოდა, მოსამართლე ბესარიონ ალავიძე თანამდებობას ამ დრომდე ინარჩუნებს.
მაია ვაჩაძე – „უზენაესმა სასამართლომ, ბოლო დროს, ორი საშიში გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც ადამიანს, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა, კომპენსაციის სახით მისცეს მიზერული თანხა, რაც მას მედიკამენტების შესაძენადაც კი არ ეყოფა. მეორე პიროვნებასაც საპატიმროში გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და დღეს ამის გამო არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. მას არ შეუძლია შრომა, მაგრამ ამ ადამიანსაც კომპენსაციის სახით მისცეს მიზერული თანხა. ეს მაშინ, როცა მის მიმართ ადგილი ჰქონდა სახელმწიფო სტრუქტურაში სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტს. ეს გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე ნუგზარ სხირტლაძემ, რომელიც „ ნაციონალური მოძრაობის“ მონა-მორჩილი მოსამართლე იყო. გადაწყვეტილებას ასევე ხელს აწერენ მოსამართლეები – მაია ვაჩაძე და ლევან მურუსიძე. მაია ვაჩაძეზე იგივეს ვერ ვიტყვი, რასაც სხირტლაძესა და მურუსიძეზე ვამბობ. მისგან გასაკვირი იყო, ასეთ უკანონობას რომ დაუჭირა მხარი და განსხვავებული აზრი არ გამოხატა, არ დააფიქსირა თავისი პოზიცია. ამ გადაწყვეტილების გამო სახელმწიფო სტრუქტურაც საფრთხის წინაშე დადგა და, დიდი ალბათობით, გასაჩივრების შემდგომ, მას კომპენსაციის სახით თანხის გადახდა დაეკისრება. როგორც ჩანს, მოსამართლეებს ასეთი მიდგომა აქვთ – არ დავინდოთ სახელმწიფო და არც მოქალაქეები.“ – ამბობდა ადვოკატი მამუკა ნოზაძე „ქრონიკა პლუსთან“.
„იმ განუკითხავ წლებში სახელმწიფო უმოწყალოდ ძალადობდა მოქალაქეებზე. პროკურატურა და სასამართლო სააკაშვილის რეჟიმის განუყოფელ ნაწილად იქცნენ და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე უკანონებდნენ ყოფილი ჩინოვნიკებისთვის თუნდაც უსამართლოდ წართმეულ ქონებას. როლანდ ბლადაძე ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, ვის მიმართაც დაუნდობელი რეპრესიები დაიწყო…
ევროკავშირსა და ევროსაბჭოში გაგზავნილი ჩვენი წერილების პასუხად კი შეშფოთების გამომხატველი განცხადებები ისმის რიგი მაღალი დონის ჩინოვნიკებისგან. ჩვენ, ახლად აღმოჩენილი გარემოებები მაინც წარვადგინეთ სასამართლოებში, თუმცა, მოსამართლე მაია ვაჩაძემ ამჯერადაც კუბლაშვილის ზარს და პაპუაშვილის ინტერესებს მიანიჭა უპირატესობა. – აცხადებდა „ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი მედიასთან.
ზურაბ ძლიერიშვილი – „ბევრი მოსამართლე საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებს და ანგარიშსწორებებსაც მშვენივრად ახერხებს. სწორედ ასეთი პიროვნებები არიან ეკა გასიტაშვილი და ზურაბ ძლიერიშვილი, რომელიც ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ წარადგინა პრეზიდენტმა. ძლიერიშვილი, მართალია, მეცნიერი გახლავთ, მაგრამ მეცნიერობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის კარგი პრაქტიკოსი იურისტიც იქნება როგორც ადვოკატურაში, ასევე სასამართლოში. გადაწყვეტილებების დროს მოსამართლე იმით კი არ უნდა ხელმძღვანელობდეს, მას როგორ სწამს, არამედ კანონი უნდა იყოს მისთვის უზენაესი. ზურაბ ძლიერიშვილი „ადვოკატთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიაში მუშაობის დროს არ გამოირჩეოდა ობიექტურობით და როცა ობიექტურობით არ გამოირჩევი ადვოკატების საქმეების განსჯისას, ბუნებრივია, რომ ვერ იქნები დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო საქმეების განსჯის დროსაც. თქვენ უნდა გენახათ, როგორი აგრესიით მიმდინარეობდა ის სხდომები, სადაც ზურაბ ძლიერიშვილი მონაწილეობდა. ის საოცარ უპატივიცემულობას და არაჰუმანურობას იჩენდა კოლეგების მიმართ. ეთიკის კომისიის ქალ კოლეგებთან ლამის ფიზიკურ შემხებლობაზეც გადადიოდა და ასეთი ადამიანი როგორ შეიძლება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყოს?“ – აცხადებდა „ქრონიკა პლუსთან“ ადვოკატი მამუკა ნოზაძე.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა შორის ზურაბ ძლიერიშვილის კანდიდატურა შესთავაზა.
გიორგი შავლიაშვილი – „გიორგი შავლიაშვილი – კუბლაშვილის ახლობელი. ამ ახლობლობის გამო ჯერ დაჯილდოვდა საქალაქო სასამართლოს მოსამართლეობით, სადაც მთავარი „გამპრავებელი” იყო. კარგა ხან „აპრავებდა” უკანონობას, რის მერეც დაჯილდოვდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობით.“ – აცხადებდა „კვირის ქრონიკასთან“ ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩეული შვიდივე მოსამართლე კოტე კუბლაშვილის მორჩილი პირები არიან. საბჭოს ორი წევრი არის კუბლაშვილი და შავლიაშვილი (საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე), პარლამენტმა კიდევ საბჭოს 6 წევრი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან უნდა აირჩიოს, საიდანაც კახიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ უმცირესობის მიერ წარგენილი ორი კანდიდატის არჩევა მოუწევს და ამიტომ ექსპერტი ამბობს, რომ საბჭოს ასეთი შემადგენლობით ყოფნას უბრალოდ აზრი ეკარგება, რადგან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილება უმრავლესობით მიიღება, უმრავლესობა კი კუბლაშვილს ეყოლება. – წერდა for.ge „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, კახა კოჟორიძეზე დაყრდნობით.
„რუსთავი 2“-ის საქმეზე, რომელიც 2 მარტს ჩაინიშნა, გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:
„გვენეტაძე (ჩვენ მოვითხოვეთ აცილება), თოდუა (ქართული ოცნების ოფიციალური დამფინანსებელი, ქართუს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი მოსამართლედ გამწესებამდე. მოვითხოვეთ აცილება), როინიშვილი, გასიტაშვილი, ქათამაძე, ალავიძე, ვაჩაზე, ძლიერეიშვილი, შავლიაშვილი.
p.s. 23 თებერვალს ხალვაშის მხარეს შეუტანია შუამდგმლობა გასიატაშვილის, ქათამაძისა და ალავიძის აცილებაზე (ის კოლეგია, რომელმაც საქმე გადასცა დიდ პალატას).“ – განმარტავს გვარამია.
„რუსთავი 2“-ის საქმის ბედს 9-დან 5 მოსამართლის თანხმობა გადაწყვეტს. „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ჯარჯი აქიმიძის განცხადებით, ხვალ სამართლიანობის აღდგენის ისტორიული მიჯნაა.
ოპოზიციური პარტიებისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო კი ხვალ, 11:00 საათზე, უზენაეს სასამართლოსთან ”რუსთავი 2”-ის მხარდამჭერ აქციას გამართავს.
როგორც საკოორდინაციო საბჭოს, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნუგზარ წიკლაურმა საბჭოს სხვა წევრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აქციას პერმანენტული ხასიათი ექნება და არ შეწყდება იქამდე, ვიდრე არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება ”რუსთავი 2”- ის საქმესთან დაკავშირებით.
მანა ნოდია