ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტ დავით ოქიტაშვილთან
საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი „მეტრონომთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, მამა გიორგი მამალაძის დაკავებაზე საუბრობს და ამბობს, რომ დაკავებულთან ადრე კონფლიქტი ჰქონდა და მას კარგად იცნობს. მისი თქმით, ეს არის ადამიანი, რომელიც ანაფორაში გადაცმულ „ურჩხულს“ უფრო ჰგავდა ვიდრე სასულირო პირს.
ოქიტაშვილის ინფორმაციით, საპატრიარქოში დაწყებული არეულობა და დაპირისპირება მისი პროვოცირებული იყო. მისი განცხადებით, მამალაძე აჭარაში არაერთ ადამიანს ავიწროვებდა და ამის ხმამაღლა თქმას ვერავინ ბედავდა. ის ვარაუდობს, რომ მამალაძე მარტო არ მოქმედებდა და მას საპატრირქოში თანამოაზრეები ჰყავს.
„მეტრონომი“: თქვენ გააკეთეთ განცხადება, რომ მამა გიორგი მამალაძეს იცნობთ და მას არც თუ კარგად ახასიათებთ. რა ურთიერთობა გქონდათ მამალაძესთან და რა იცით მის შესახებ?
დავით ოქიტაშვილი: მას ვიცნობდი და საპატრიარქოში არა ერთხელ შევხვედრილვარ. ამპატრავანი ადამიანი, რომელიც ყველას და ყველაფერს დასცინოდა. მასთან შელაპარაკებაც მომივიდა და პირში ვუთხარი, ჩემი სათქმელი.
ის ამბები, რაც საპატრიარქოში ხდებოდა, ამ ადამიანის პროვოცირებული იყო. მას სურდა, რომ შორენა თეთრუაშვილის განეიტრალება მომხდარიყო. აიყოლია რამდენიმე სასულირეო პირი, რომელთა მეშვეობითაც საწყალ ქალს, შავი პიარი აუგორა. მიზანმიმართულად მისი სახელის დისკრედიტაციას ცდილობდა. დღეს თუ ჩვენი პატრიარქი გადარჩა და დღემდე მოვიდა, ეს შორენას დამსახურებაა. ბოლო სინოდის სხდომა რომ მოეწყო, ეს ყველაფერი მამალაძის მოწყობილი იყო.
– თქვენ ფიქრობთ, რომ მამა გიორგი მამალაძეს საპატრიარქოში თანამოაზრეები ჰყავს? როგორ ფიქრობთ მარტო მოქმედებდა თუ ვინმესგან იმართებოდა?
– ეს კვალი, რა თქმა უნდა, რომ ძალიან შორს მიდის. ეს იყო ანაფორაში გადაცმული ურჩხული, რომელიც ამხელა თანამდებობაზე როგორ მოხვდა კაცმა არ იცის. ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არ არის. ამის თქმას ხმამაღლა, ვერავინ ბედავდა.
აჭარაში მის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ აქამდე ხმამაღლა არავინ საუბრობდა. არ ვიცი, ალბათ საპატრიარქოში თანამოაზრეებიც ჰყავს, ამით გამოძიება და პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.
აჭარიდან ძალიან ბევრი მირეკავს და მეუბნება, რომ მამალაძის შესახებ ბევრი ინფორმაცია აქვთ. მთელი ეს რეგიონი აწიოკებული ჰყავდა. ერთ-ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ მამალაძეს აჭარაში გაუპატიურებაშიც კი ედებოდა ბრალი.
პროკურატურა ამითაც უნდა დაინტერესდეს. ეს ადამიანი მარტო არ მოქმედებს. მას თანამოაზრეები ჰყავს, რომელთა დადგენაც სასწრაფოდ უნდა მოხდეს. ახლა მივხვდი შორენა რამხელა ზეწოლის და წნეხის ქვეშ იმყოფებოდა.
ეს ისეთი კურდღელი და მშიშარა ადამიანი იყო, რომ ამხელა ამბავს მარტო ვერ ჩაიდენდა და ვერც გადაწყვეტდა. მის უკან სერიოზული ძალებია ჩართული, ეს კაცი ერთი პაიკია იმ დიდ თამასში, რომლის ტრაგედიასაც მთელი სახელმწიფო გადაურჩა.
– თქვენ თუ ფლობთ ინფორმაციას, ეს ადამიანი ამხელა თანამდებობაზე როგორ მოხვდა? რატომ ითვლებოდა ის პატრიარქის ნდობით აღჭურვილ პირად?
– გაოგნებული ვარ, ამ ადამიანს ამხელა თანამდებობაზე რა უნდოდა. ვინ გაუკეთა რეკომენდაცია და რატომ სარგებლობდა ამხელა ნდობით? ესეც გამოსაკვლევია. წადით მის შესახებ იმ საავადმყოფოებში იკითხეთ, რომლის ხელმძღვანელიც ის იყო. იქ მომუშავე პერსონალს რა დღეში აგდებდა. საქართველოს მოსახლეობას აინტერესებს ვისთან ერთად მოქმედებდა და მის უკან რა ძალა დგას, რომელიც თავს ასე კარგად ფარავს. სანამ ეს ხალხი გამორკვეული არ იქნება, საფრთხე გადავლილი არ არის.
ელზა პაპოშვილი