თბილისში სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ბავშვთა სამყაროს“ შენობა და ახლოს მდებარე სავაჭრო ზონა მთლიანად დაიწვა. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, ცეცხლი ღამით გაჩნდა. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია, მაგრამ სახანძრო ბრიგადები ადგილზე რჩებიან. მოვაჭრეების განცხადებით, უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ასევე დაუდგენელია ზარალი, თუმცა, სავარაუდოდ მისი ოდენობა დიდია.
ბოლო ინფორმაციით, ღია ცეცხლი იყო და დამწვარია 13 ათასი კვადრატული მეტრის ფართობი.
როგორც თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, მომხდარზე პასუხისმგებლობა ბაზრობის ადმინისტრაციას ეკისრება.
ადგილზე, მოვაჭრეების ნაწილი ვარაუდობს, რომ ცეცხლი განზრახ არის გაჩენილი.
შსს-მ გამოძიება 187-ე მუხლით გამოძიება დაიწყო.
შსს-ს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი, თეა პერტაია სოციალურ ქსელში წერს:
“შეტყობინებიდან 5-6 წუთში მეხანძრეები ადგილზე იყვნენ, მობილიზებული იყო 31 სახანძრო ბრიგადა, ხანძარი ლოკალიზებულია, დაშავებულია 1 მეხანძრე, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები , (სსკ-ის 187-ე მუხლი)”-წერს პერტაია.
ნინო ცხადაია