ექსკლუზიური ინტერვიუ „ფორმულა კრეატივის“ დამფუძნებელ, ირაკლი საღინაძესთან
სულ ცოტა ხნის წინ „რუსთავი 2“-ზე გასული ახალი სერიალი, „ხელოვნური სუნთქვა“, მაყურებლისთვის მალე იქცა პოპულარულ პროდუქტად. თუმცა ორი სეზონის შემდეგ, „ფორმულა კრეატივი“, რომელიც ამ და სხვა პროდუქტებს ქმნის, სერიალის შეწყვეტის შესახებ ალაპარაკდა. სოციალურ ქსელში „ხელოვნური სუნთქვის“ გულშემატკივრებმა „საპროტესტო აქციებიც“ კი წამოიწყეს და მისი გაგრძელება მოითხოვეს. რატომ გახდა სერიალის დახურვა საჭირო და გაგრძელდება თუ არა „ჩემი ცოლის დაქალები“, ამის შესახებ „მეტრონომს“ სერიალი პროდიუსერი და „ფორმულა კრეატივის“ დამფუძნებელი, ირაკლი საღინაძე ესაუბრა.
“მეტრონომი“: რატომ შეწყდა სერიალი „ხელოვნური სუნთქვა“?
ირაკლი საღინაძე: ერთადერთი მიზეზი ფინანსური დაბრკოლებაა. სერიალი არ არის თვითკმარი. ის ისე არ იყო ბაზარზე დამკვიდრებული, რომ მისივე რეიტინგით და შემოსავლით შესაძლებელი გამხდარიყო გადაღების გაგრძელება. „ფორმულა კრეატივს“ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დოტაციური პროექტი ვაკეთოთ, შესაბამისად გადაწყდა, რომ დროებით შევაჩეროთ.
– უახლოეს მომავალში თუ აპირებთ მის დაბრუნებას?
– გეგმა იყო, რომ სერიალი გაგრძელებულიყო და ეს გეგმა კვლავ ძალაშია. რამდენად მოგვცემს გარემოებები ამის შესაძლებლობას, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ.
– ფაქტია, რომ მაყურებელს მოსწონს სერიალი და მისმა დახურვამ სოციალურ ქსელში მღელვარებაც გამოიწვია.
– ადამიანების დამოკიდებულება, მაღალი ლოიალურობა და მოწონება სერიალს, რა თქმა უნდა, ჰქონდა, ისევე, როგორც რეიტინგი, მაგრამ არსებობს ბაზრის კონიუნქტურა, სადაც მაყურებლის რაოდენობასთან წვდომა დროის ღირებულებას განსაზღვრავს, რომელშიც ეს პროდუქტი გადის. „ხელოვნური სუნთქვის“ ღირებულება ჯერ არ იყო სათანადო, ამიტომ რეინვესტირება სჭირდებოდა, რომ ბაზარზე შეგვენარჩუნებინა და დროთა განმავლობაში გამხდარიყო ისეთი პროექტი, როგორიც „ჩემი ცოლის დაქალებია“, რომელიც თვითკმარია. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ორი სეზონი საკმარისი არ არის ბაზარზე ფეხის მყარად მოკიდებისთვის. მითუმეტეს, სარეკლამო ბაზარი სერიოზულად ჩავარდა და შემოსავლის მესამედი დაკარგა, ეკონომიკაში კრიზისია, „რუსთავი 2“-ზე ყადაღაა, შესაბამისად, ფინანსური ბერკეტები არხს აღარ აქვს, რომ მენეჯმენტი შესაბამისად ააგოს და ამიტომ იძულებული გავხდით, მინიმუმ დროებით შევაჩეროთ. თუმცა, მას აქვს შეჩერების ვადა, რადგან თუ დაძველდა როგორც მოვლენა, განახლებასაც აზრი არ ექნება. ამიტომ გაზაფხულამდე ველით, როგორ განვითარდება მოვლენები.
– რაც შეეხება „ჩემი ცოლის დაქალებს“, იგივე საფრთხის წინაშე დგას?
– არა, რადგან კომერციულად წარმატებული პროექტია და ის შემოსავლები, რაც მას აქვს, საკმარისია, რომ მისი წარმოება გაგრძელდეს.
მანა ნოდია