საქალაქო სასამართლოში ცენტრ-პოინტის საქმეზე (ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდი) სხდომა განახლდა. ბრალდებულები არიან მაია რჩეულიშვილი და გუკა რჩეულიშვილი. ირაკლი მინდელი წინა სხდომაზე გირაოს სანაცვლოდ გაუშვეს.
მაია რჩეულიშვილის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა:
„გამოთხოვილი გვაქვს დოკუმენტაცია კლინიკებიდან, თუ სადმე გაიარა მკურნალობა მაია რჩეულიშვილმა. დაზუსტებით ყველა ექიმმა დაადასტურა, რომ მაია რჩეულიშვილის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. მარცხენა ფილტვზე აქვს სიმსივნე, გულის იშემიური დაავადება, კუჭ-ნაწლავზე აქვს სერიოზული პრობლემები. ზოგადად მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დღეს ამ დოკუმენტაციას გავაცნობ სასამართლოს და ვფიქრობ, თუ ობიექტური იქნება მოსამართლე, ყველა შემთხვევაში ჩვენი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.”
მისივე თქმით, ამ ეტაპზე სასამართლოს გირაოს სახით 50 000 დოლარს შესთავაზებს.
პროკურორის განცხადებით, დოკუმენტაცია, რომელიც დაცვის მხარემ უნდა წარადგინოს, არასრულია.
ამავდროულად, ინტერნეტში ვრცელდება მანიფესტაცია, სადაც ნათქვამია:
„ადრესატი: საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა, საქართველოს პროკურატურა:
გათავისუფლდეს პატიმრობიდან მაია რჩეულიშვილი
მოგმართავთ თხოვნით, სანამ გვიან არ არის შეუცვალოთ მაია რჩეულიშვილს პატიმრობა გირაოთი, ვინაიდან ყველასათვის მოულოდნელად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ორი კვირის მანძილზე კატასტროფულად დამძიმდა. აქვს კახექსია, აღმოაჩნდა გულის პათოლოგა და ფილტვზე სიმსივნე. შესაბამისად საჭიროებს ისეთ გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას, რომლის განხორციელებაც ციხის პირობებში შეუძლებელია.
ამასთან, მისი ციხეში ყოფნა არათუ აგვარებს არამედ კიდევ უფრო ართულებს დაზარალებულების პრობლემას და პატიმრობის მოსამართლის მიერ დასახელებული მიზანიც – მოწმეებზე ზემოქმედების საშიშროება – აღარ არსებობს. მაია რჩეულიშვილს არც არასდროს ჰქონია სურვილი და მისი ახლანდელი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არც შეუძლია ან ზემოქმედება მოახდინოს მოწმეებზე ან/და მიიმალოს.
პატივისცემით, ლელა კილაძე.
ნინი ცხადაია