ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

“მე ვაფრთხილებდი ჩვენს მმართველ ძალას“: რუსული საბრძოლო მზადყოფნა საქართველოს მიმართულებით

 

გაზეთ  “რეზონანსთან” საუბრისას სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ რუსეთის მიერ საბრძოლო მზადყოფნის შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოსაც ეხება:

„ბოლო მონაცემებით, ყირიმსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, უკრაინის სასაზღვრო ზოლთან, რუსეთის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი და ანალოგიური საბრძოლო მზადყოფნის წინაპირობა გათვალისწინებულია საქართველოს მიმართულებითაც“

“ეს არის 49-ე არმიის წვრთნები, რომელიც მიმდინარეობს ოკუპირებული აფხაზეთისა და კრასნოდარის ტერიტორიაზე. რაც რუსეთის ტელევიზიებმა აჩვენეს, ეს იყო ძირითადად ტაქტიკური დესანტისა და სადესანტო მოიერიშე შენაერთების წვრთნები. წვრთნების მიზანი ტაქტიკური დესანტის მოგერიება და შემდგომში მტრის მიმართულებით კონტრშეტევების განორციელებაა.“

“წვრთნებში 700-დან 1000 კაცამდე მონაწილეობს, დაახლოებით 100 ერთეულამდე საბრძოლო ტექნიკით, ჩართულია ასევე საბრძოლო ავიაცია და სამხედრო საზღვაო შენაერთებიც.“

“ირანსა და რუსეთს შორის ფაქტობრივად სამხედრო-სამოკავშირეო ხელშეკრულება დაიდო და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მიეცათ სამხედრო ბაზების გამოყენების საშუალება. ეს არის სამოკავშირეო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება.

“თავის მხრივ, ირანმა რუსეთისგან საკმაოდ დიდი სარგებელი მიიღო, რუსეთმა მას “ეს-400” ტიპის საზენიტო რაკეტები მისცა. ამით ირანმა სოლიდური სამხედრო შეიარაღება მიიღო, რამაც ამერიკის დიდი რისხვა გამოიწვია.

“ინიციატივა რუსეთმა და ირანმა აიღეს საკუთარ ხელში. აფროამერიკული კოალიციის დარტყმები საკმაოდ შესუსტდა და დღეს უკვე გამოჩნდა, რომ დომინანტური ძალა სამწუხაროდ რუსეთი და ირანია.

“საქართველოში არავინ იცის ეს ინფორმაცია, არც ერთმა საინფორმაციო საშუალებამ არ დააფიქსირა ის ფაქტი, რაც დაახლოებით 3 კვირით ადრე მოხდა – რუსეთის ავიაციამ ამერიკული სამხედრო ინსტრუქტორები დაბომბა, რომლებიც სირიის თავისუფალი არმიის ბაზაზე იმყოფებოდნენ.

“თუ არ ვცდები, რამდენიმე ამერიკელმა სამხედრომ ძლივს გაასწრო ამ დაბომბვას და რამდენიმე დაიჭრა კიდეც, თუმცა ამას არ ასაჯაროებენ. რუსეთმა მიზანმიმართულად მოახდინა ამ ბაზის დაბომბვა.

“რის შედეგაც დაპირისპირებამ უკვე პირდაპირი ხასიათი მიიღო. რუსეთმა პრაქტიკულად გაინაღდა საჰაერო სივრცე და დომინანტ ძალად გადაიქცა.

“ამავდროულად თურქეთი და რუსეთი საბაზო ინფორმაციის გაცვლაზე შეთანხმდნენ. ეს ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთს კოორდინაციას გაუწევენ ტერორისტებთან ბრძოლის საქმეში. ანუ დე ფაქტოდ შეიმუშავეს ანტიტერორისტული საკოორდინაციო ცენტრის საქმიანობა. ეს არის მიმართული “ისლამური სახალიფოს” წინააღმდეგ, მაგრამ ეს არის პრელუდია.

 

“რუსეთთან ერდოღანი იმაზე მეტ დათმობაზე წავიდა, ვიდრე პუტინი მოელოდა. ეს 2 ქვვეყანა შეთანხმდა, რომ აღადგინონ ის სავაჭრო ურთიერთობა, რომელიც გასული წლის 30 სექტემბრამდე არსებობდა. რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი და თურქეთი სავარაუდო მოკავშირეები ხდებიან”, – განაცხადა მაისაიამ.

“რუსეთმა “სამხრეთ ოსეთიდანაც” კარგად მოგვაქცია ალყაში, რადგან თურქეთ-რუსეთს შორის ურთიერთობის გარღვევამ და მომენტებმა, რომლებიც აღვნიშნე, იმ მდგომარეობაში ჩაგვაყენა, როგორშიც 1921 წლის იანვარში ვიყავით. ახლაც დაახლოებით იგივე სიტუაციაა.

“უნდა აღვნიშნო, რომ ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ სწორედ თქვენთან ვსაუბრობდი. ვთქვი, რომ თუ არ ვიაქტიურებდით, საქართველო ასეთ გარემოცვაში მოხვდებოდა და სამწუხაროდ, ეს პროგნოზი ერთი-ერთზე ახდა.

“მე ვაფრთხილებდი ჩვენს მმართველ ძალას, აქ საუბარი მხოლოდ ხელისუფლებაზე არ არის, არამედ მთელ პოლიტიკურ სპექტრზეა.

“ჩვენმა პასიურმა საგარეო ქმედებებმა და საგარეო პოლიტიკისადმი უღერღილო დამოკიდებულებამ გამოიწვია ჩვენი სრული იზოლაცია და დღეს ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ ფონზე ვიმყოფებით.

“ისეთი მასშტაბური და რადიკალური ცვლილებები მიმდინარეობს, ეს საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა, გვერდზე დაგვრჩეს. ჩვენ შიდა პოლიტიკური დაპირისპირების იქით ვერ ვიხედებით”, – განაცხადა სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ.

 

გაზეთი “რეზონანსი”

იტვირთბა....