ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს ფერისცვალებაა: როგორ უნდა აღნიშნოს დღესასწაული მართლმადიდებელმა მორწმუნემ

 

6  (ახალი სტილით 19)  აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს.

მაცხოვარმა თავის მოწაფეთაგან გამოარჩია სამი: პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ იესო ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას იხილეს, რომ მაცხოვარი „იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“ (მათე 17, 2). მაცხოვარს გვერდით ედგნენ ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი.

პეტრემ წამოიძახა: „რაბი, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ; ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენთჳს, ერთი მოსესთჳს და ერთი ელიაჲსთჳს. რამეთუ არა იცოდა, რაჲმცა მიუგო, რამეთუ იყვნეს შეშინებულ“ (მარკოზი 9, 5-6). შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგა მათ და მოესმათ უფლის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე 17, 5).

მოწაფეები შიშით მიწაზე დაემხვნენ. მაცხოვარმა ისინი წამოაყენა და დაამშვიდა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“ (მათე 17, 7), შემდეგ გააფრთხილა, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, მის მკვდრეთით აღდგომამდე.

მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ამ დროს ადამიანებმა, მისმა სამმა მოწაფემ იხილეს მაცხოვრის ღვთაებრივი დიდება და მარადიული ნათელი, ასევე მოესმათ უფლის ხმა…

ყოველ ქართველს და მართლმადიდებელს ვულოცავთ მაცხოვრის ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს! მაცხოვრის სიყვარული ნუ მოკლებოდეს ჩვენს ქვეყანას და ოჯახებს! წავიკითხოთ ტროპარი და კონდაკი ფერისცვალებისა და შემდეგ მარკოზის სახარებიდან ეპიზოდი ქრისტეს ფერისცვალების შესახებ.

მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით,  როგორც დღესასწაული მარიამობის მარხვის პერიოდში უწევს, შესაბამისად, მარხვა დაცული უნდა იყოს. მორწმუნემ უნდა აღასრულოს ის კანონები, რომელიც მოძღვრისგან აქვს მიცემული. რაც შეეხება ფერისცვალების დღესასწაულს, აუცილებელია, ადამიანი წინა დღეს დაესწროს საზეიმო ლოცვას, როდესაც ხდება პურისა და ზეთის კურთხევა, დილით, კი – საზეიმო წირვას და ეზიაროს თუ მზად იქნება. შემდეგ გაიხსნილოს თევზით და ზომიერების ფარგლებში გაატაროს ეს დღე.

 

 

იტვირთბა....