ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ატალახებული ქუჩა, სიბნელე, უკანალიზაციობა და უწყლობისას წყალში ჩავარდნილი ბავშვები – თბილისური ერთი ქუჩის ისტორია

„მეტრონომმა“ მტკიცებულებები მოიპოვა, რომლითაც მთაწმინდის გამგეობას სიცრუეში, ან მინიმუმ არაკომპეტენტურობაში ამხელს

„გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. იმხელა წყალი იდგა, ბავშვი ჩამივარდა და სულ დასველდა, ფეხსაცმელები გადაგლეჯილი გვაქვს, წყალი სახლში შემოგვდის. თუ გზა არ გაკეთდა, საშინელებაა. მშრალ ამინდში კიდევ არაუშავს, მაგრამ როცა წვიმიანი ამინდია, აქ გავლაც შეუძლებელია“- ამის შესახებ „მეტრონომს“ მეფუტკრეობის ქუჩის ერთ-ერთი მაცხოვრებელი მანანა ბასილაშვილი უყვება.

ამ სტატიის ასეთი შესავალი ფაქტობრივად, მკითხველს ეგრევე შეუქმნის შთაბეჭდილებას, თუ ამ წერილით რა სახის პრობლემას უთმობს დროს “მეტრონომი“. მსგავსი პრობლემები თბილისის ქუჩებში საკმაოდ მრავლადაა. რედაქციაში შემოსული წერილის შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ მკითხველს მივაწოდოთ თბილისის ერთი ქუჩის პრობლემა, რომელიც სხვა უბნებში არსებული პრობლემის ანარეკლია. გამგეობა, მერია და ზოგადად ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ სამსახურში სიარულს და საქმის კეთებას აქვს თავისი ვალდებულებები, რომელსაც მოსდევს პასუხისმგებლობა. ეს ის პასუხისმგებლობაა, რომელიც მოსახლეობამ დააკისრა მათ და ხელფასს უხდის. ამ პასუხისმგებლობისგან გაქცევა ლოგიკურად ნიშნავს უპასუხისმგებლობას, რომელიც საქმის მიმართ არაჯეროვან დამოკიდებულებაში გადადის და აქ იწყება დანაშაული. დამნაშავეები კი უნდა დაისაჯონ კანონით გათვალისწინებული ნორმების მიხედვით. როცა მოსახლეობის ფულით დაფინანსებული უწყება და მისი თანამშრომლები, ჩინოვნიკები იტყუებიან და ეს დასტურდება მტკიცებულებებით (რასაც „მეტრონომი“ ქვევით გთავაზობთ), მინიმუმ, ამ უწყების ხელმძღვანელმა პასუხი უნდა აგოს.

nomeri

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ „მეტრონომის“ რედაქციაში, თბილისში, ოქროყანის დასახლებაში მდებარე, მეფუტკრეობის ქუჩის მცხოვრებლების წერილი შემოვიდა, რომელსაც ათეულობით ადამიანი აწერს ხელს. როგორც ისინი განმარტავენ, რამდენიმე წელია ქუჩის პრობლემების მოსაგვარებლად მერიასა და გამგეობას მიმართავენ, თუმცა უშედეგოდ. „დღემდე ერთ ადამიანსაც არ მოუწვდენია ხმა ჩვენთვის, რომ არაფერი ვთქვათ აქ ვიზიტზე, რაზეც არჩევენებიდან არჩევნებამდე არასოდეს თავს არავინ იწუხებს ხოლმე“, – გვწერენ ისინი.

„მთავრობის მხრიდან დიდი ხნის განმავლობაში არსებულმა უყურადღებობამ გადაგვაწყვეტინა, მოგმართოთ მედიას, რათა იქნებ თქვენი დახმარებით მაინც მივაწვდინოთ ხმა მათ, ვისაც წლების განმავლობაში მიტოვებული მოსახლეობისთვის ცხოვრების ელემენტარული პირობების შექმნა ევალება. (განცხადება იხილეთ ფოტოზე)

წელიწადზე მეტ ხანს ვითხოვდით ქუჩაზე გარე განათების დამონტაჟებას, როგორც იქნა დადგეს, მაგრამ ახლა ნათურები არ ანთებს და უბრალოდ, ქუჩაძე ნათურების შეცვლა ვერა და ვერ მოხერხდა. გზა წვიმის შემთხვევაში ისე ტალახიანდება, რომ თითოეული მოსახლე იძულებულია სახლში შესვლა-გამოსვლის დროს ორი ფეხსაცმელი იქონიოს. ქუჩის მოხრეშვასაც მოსახლეობა საკუთარი სახსრებით, შეძლებისდაგვარად აკეთებს.

ყველაზე დიდი საშინელება ის არის, რომ არ არსებობს ცენტრალური კანალიზაცია, რაც ანტისანიტარულ პირობებს ქმნის. წყალიც კი, საკუთარი ხარჯებით მეზობელი ქუჩიდან შემოგვყავს.

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ რამდენჯერმე მივმართეთ თბილისის მერიას განცხადებით (იხილეთ ფოტოზე), მაგრამ დღემდე ერთ ადამიანსაც არ მოუწვდენია ხმა ჩვენთვის, რომ არაფერი ვთქვათ აქ ვიზიტზე, რაზეც არჩევნებიდან არჩევნებამდე არასოდეს არავინ იწუხებს ხოლმე თავს.

მოგმართავთ „მეტრონომის“ რედაქციას, გთხოვთ, იქნებ თქვენ მაინც დაგვეხმაროთ ჩვენი პრობლემის სათანადო ადგილამდე მიტანაში. იქნებ თქვენი დახმარებთ მაინც შევძლოთ ხმა მივაწვდინოთ მათ, ვისაც მოსახლეობის პრობლემების მოსმენა და მოგვარება ევალება“ – წერია მეფუტკრეობის ქუჩის მაცხოვრებლების მიერ „მეტრონომისთვის“ გამოგზავნილ განცხადებაში.

ganateba

ამ წერილის წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტეთ ადგილზე მივსულიყავით და ჩვენი თვალით გვენახა, თუ რა პირობებში ცხოვრობენ ეს ადამიანები. მეორე დღესვე დავადექით გზას. ჩავუარეთ ექსპრემიერ, ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეს და ხუთიოდე წუთის შემდეგ, მთაწმინდის პარკამდე არმისულები, სატელეფონო კავშირის დახმარებით, მეფუტკრეობის ქუჩას მივაგენით (ქუჩის მიმანიშნებელ აბრას იქ  ვერსად წააწყდებით, როგორც მოსახლეობა გვწერდა).

მოსახლეობა შემოგვეგება. სიხარულს ვერ მალავდნენ, რომ ამდენი წლის ლოდინის შემდეგ ვიღაც მათი პრობლემებით დაინტერესდა. გზა მოხრეშილი დაგვხვდა, თუმცა არასათანადოდ. როგორც მეფუტკრეობის ქუჩის მაცხოვრებლებმა გვითხრეს, მოხრეშვა თავიანთი სახსრებით მოახერხეს, რადგან სანიაღვრე სისტემის არარსებობის და შესაბამისად, მოასფალტებული გზის არარსებობის გამო, წვიმის შემდეგ გაჩენილი ტალახიანი წყალი პირდაპირ სახლებში შესდიოდათ. თუმცა მოხრეშვამ, რა თქმა უნდა, ამ პრობლემას მაინც ვერაფერი უშველა.

როგორც ქუჩის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა განგვიცხადა და გვიჩვენა, გზის და სანიაღვრე სისტემის არარსებობის გამო, წყალი სახლებში, შესდით და ამის გამო შენობები ინესტება, შემდეგ კი ზიანდება. ჩვენ მიერ გადაღებულ კადრებზეც ასახულია, მათი სახლების კედლებზე გაჩენილი ბზარები.

„სახლებთან ახლოს გზა არ არის, ტალახია, წვიმის დროს არხი არ არის, რომ ეს წყალი გავიდეს. ამიტომ, სახლებში შემოდის და შენობებს აზიანებს. გარდა ამისა, გზაზე გარე განათება არ არის, რომ ბავშვებმა მაინც იარონ, აქ ღამით ყველაფერი ჩაბნელებულია. მერიას განცხადებით უკვე რამდენჯერმე მივმართეთ, მაგრამ უშედეგოდ, არავინ მოსულა ადგილზე, არავის დაუთვალიერებია“ – გვითხრა ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა არჩილ ჯმუხაძემ.

„თუ წვიმიანი ამინდია, ტალახი დგება. წყალი იმხელაა, რომ ბავშვები ჩამივარდნენ და ფეხები დაუსველდათ. ჩვენ ფეხსაცმელები სულ გადაგლეჯილი გვაქვს, მივდივართ სულ ტალახიანი, სახლში შემოდის წყალი და ძალიან ცუდი მდგომარეობაა. თუ გზა არ გაკეთდა საშინელებაა.  მშრალ ამინდში კიდევ არაუშავს, მაგრამ როცა წვიმიანი ამინდია, აქ გავლაც შეუძლებელია. ყოველთვის ბოტებით ხომ არ ვივლით, ზაფხულია. ძალიან ცუდი მდგომარეობაა, თუ თქვენ მაინც მოგვაქცევთ ყურადღებას, ძალიან კარგი იქნება“ – გვითხრა მანანა ბასილაშვილმა.

„დიდი წვიმის დროს ჩემს ეზოში მდინარე შემოდის. განათებას რაც შეეხება, ბოძები გააკეთეს, მაგრამ მალე ფუჭდება და შემდეგ თვეების დაგვიანებით მოდიან ამის შესაკეთებლად. ახლაც, მხოლოდ ერთი ბოძი ანათებს“ – გვითხრა დალი იმერლიშვილმა.

qucha2 asfaltkofili

ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ლია სარქისიანმა ისიც გვითხრა, რომ რამდენჯერმე პირადად მიმართა გამგეობას, თუმცა იქიდან ლანძღვის მეტი არაფერი მიუღია. ხოლო, რის გაკეთებასაც მოსახლეობა თავიანთი სახსრებით ცდილობს, იმასაც უშლიან.

„ამ ქუჩაზე ყველანაირი პრობლემაა. გარე განათებები ჩვენ არ გვაქვს, გარე განათების ბოძი კი გვიყენია, მაგრამ რამდენჯერაც პირადად მივმართე გამგეობას, ლანძღვის მეტი არაფერი მიმიღია. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. თუ წყალი ზევიდან მოდის, მთელი ნიაღვრები ჩვენთან ჩადის. შიგნიდან ყველა კედელი დანესტიანებული გვაქვს. თუ რამეს ვაკეთებთ, ჩვენი სახსრებით და იმასაც გვიშლიან. მოხრეშვაა და მოსახლეობა თვითონ აკეთებს, უკვე დაღლილები ვართ. ტალახში აქ გამოსვლა შეუძლებელი იყო. ახლა მოხრეშილია და ცოტა შვებაა. მანამდე ჩემი შვილები რომ გადიოდნენ, სხვა ფეხსაცმელი გაჰქონდათ და მერე იცვამდნენ გასასვლელ ფეხსაცმელს, ისეთი გაუსაძლისი იყო აქ გასვლა. სახლებსაც ხედავთ რა მდგომარეობაშია, იქითაც ნიაღვრები ჩასდით და პატრონი არ გვყავს. თუ თქვენ დაგვეხმარებით და რაიმე რეაგირება იქნება, მადლობის მეტი არ გვეთქმის. პრობლემები იმდენია, რომ მთელი დღე რომ ვისაუბრო, არ მეყოფა“ – გვითხრა ლია სარქისიანმა.

მან ისიც დაამატა, რომ რამდენიმე ოჯახს მოხრეშვის საშუალებაც არ ჰქონდა, თუმცა რამდენიმე ახალი მოსახლე გადმოვიდა და ისინი დაეხმარნენ, რომ გარეთ ცოტა სუფთად მაინც გასულიყვნენ.

„კანალიზაცია და წყალი მეზობლებისგან გამოვიყვანეთ. ჩვენც გავიღეთ ფინანსები, რაც შეგვეძლო, ყველა ასე არ გაჩუქებს. თავიდან ბოლომდე პრობლემებში ვართ. აქ რომ ნახოთ რა ხდება წვიმის დროს, ვერ გაჩერდებით“- აღნიშნა სარქისიანმა.

kanalizacia

„მეტრონომი“ ქალაქის მერიას დაუკავშირდა, საიდანაც მთაწმინდის რაიონის გამგეობაში გადაგვამისამართეს. იქ კი გვითხრეს, რომ საქმის კურსში არიან, რადგან ამ ქუჩის მცხოვრებლები მათთან მისულები იყვნენ.

„გაცემულია დავალება ექვს მისამართზე, მათ შორის ოქროყანაში, მეფუტკრეობის ქუჩების ქუჩა-ხრეშოვანი საფარის მოწყობის შესახებ. პირველი ეტაპისათვის, ერთი თვის მანძილზე, ანუ როდესაც შემსრულებელი კომპანია ხარჯთაღრიცხვას წარმოადგენს, ამის შემდეგ დაიწყება ამ ქუჩის მოხრეშვა. მოასფალტებას რაც შეეხება, ჩვენ როგორც ვიცით ამ ქუჩაზე მშენებლობა მიმდინარეობს და ამ წლის ბოლოს ან მომავალი წლის ბოლოს იგეგმება მოასფალტება“- უთხრა „მეტრონომს“ გამგეობის პრესცენტრის წარმომადგენელმა ნინო ჭაბუკიანმა.

კითხვაზე, რატომ არ დაინტერესდა ამდენი წლის განმავლობაში გამგეობა ამ საკითხით, მითუმეტეს, როცა მოსახლეობას პერიოდულად შეჰქონდა განცხადებები, გვიპასუხეს, რომ მათ მხოლოდ თვენახევრის წინ მიმართეს, სხვა მათ მიერ შეტანილ განცხადებებზე კი ინფორმაცია არ აქვთ. კომპანია, კი რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა შპს „საქართველოს ტექნიკური“ ჯგუფია.

„მე რაც დაზუსტებით ვიცი არის ის, რომ ეს ადამიანები თვენახევრის წინ იყვნენ მოსულები და ამ პრობლემის შესწავლა თვენახევრის წინ მოხდა. მანამდე ოქროყანის გარდა კიკეთი, წავკისი, შინდისი, ტაბახმელა, კოჯორი და ა.შ დაახლოებით 200-მდე ობიექტი შეკეთდა. ეტაპობრივად მოვყვებით სოფლებს, იმიტომ, რომ სოფლებში მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო.

qucha

დავიწყეთ, და აუცილებლად წლის ბოლომდე დასრულდება ოქროყანაში, ამ ქუჩაზე გზის შეკეთება“- გვითხრა ჭაბუკიანმა.

თუმცა, ჩვენ მოსახლეობამ გადმოგვცა დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს, თუ რამდენჯერ აქვთ მათ შეტანილი მერიაში და მთაწმინდის გამგეობაში განცხადება. მათ შორის ერთი განცხადება 2014 წლის ივნისით თარიღდება. ამ სტატიის მიზანს არ წარმოადგენს ჩაუღრმავდეს და შეისწავლოს გამგეობის თანამშრომელთა მხრიდან  წამოსული შეურაცხყოფები, რაზეც „მეტრონომთან“ ადგილობრივი მაცხოვრებლები საუბრობდნენ. თუმცა, ვფიქრობთ, მერიის შესაბამისი სამსახური ამით აუცილებლად უნდა დაინტერესდეს.

ერთ-ერთ განცხადებაზე, რომელიც მოსახლეობას გამგეობაში 2015 წლის 6 თებერვალს აქვს შეტანილი (მაშინ, როდესაც გამგეობაში გვეუბნებიან, რომ მოსახლეობამ მათ მხოლოდ თვენახევრის წინ მიმართა) პასუხი ასეთია:

„ა/წ 2 თებერვალს მთაწმინდის რაიონის გამგეობაში შემოვიდა #12/15033188-1 განცხადება, რომელშიც ითხოვთ დაზიანებული გზის საფარის აღდგენას.

ჩვენი თანამშრომლების მიერ ადგილზე იქნა შესწავლილი შექმნილი მდომარეობა, რის საფუძველზეც მოხდა მისი აღრიცხვა მონაცემთა ბაზაში, გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე გათვალისწინებული არ არის აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფარის აღდგენა“ – დოკუმენტს ხელს მთაწმინდის რაიონის გამგებელი გელა არჩვაძე აწერს.

აშკარაა, რომ ჭაბუკიანის კომენტარი რადიკალურად განსხვავდება იმ მტკიცებულებებისაგან, რომელიც „მეტრონომმა“ მოიპოვა. (იხილეთ ამის დამადასტურებელი ფოტომასალა)

რაც შეეხება კანალიზაციას, გამგეობაში განგვიცხადეს, რომ მათ მხოლოდ დაზიანებული საკანალიზაციო სისტემის შეკეთება შეუძლიათ, რომელიც მეფუტკრეობის ქუჩის მოსახლეობას საერთოდ არ აქვს და რაც აქვთ,  როგორც ზევით აღნიშნეს, ისიც საკუთარი ძალისხმევით, მეზობლებისგან აქვთ შემოყვანილი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საკანალიზაციო ქსელის მშენებლობაც მუნიციპალიტეტის მოვალეობაში შედის.

დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტი 810 146 000 ლარით განისაზღვრა (ნახეთ ფოტო ქვევით). აქედან 105 მილიონი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვისაა განსაზღვრული, რაც წესით სავსებით საკმარისი უნდა იყოს იმისთვის რომ პატარა ბავშვები ტალახიანი ფეხებით არ შევიდნენ თავიანთ სახლებში.

გზის ბიუჯეტი

აქვე არ შეიძლება არ ითქვას ისიც, რომ (ნახეთ ფოტო ქვევით) სახელფასო ფონდი 102 481 მილიონია, რაც თითქმის 60 პროცენტით მეტია ვიდრე 2015 წლის ანალოგიური მაჩვენებელი. ამ 102 მილიონის 0.1 პროცენტის მოკლება სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ეზოში მოთამაშე ბავშვები წყალში არ ჩაცვივდნენ და მათმა მშობლებმა წყლის მოსატანად მეზობელ ქუჩებში არ ირბინონ. ამისათვის საკმარისია მხოლოდ ნება და ჯიბეების ოდნავ შეთხელება ისე, რომ ვერც იგრძნოს კაცმა.

ხელფასები

ამ კონკრეტულ თემაზე მუშაობის დროს, ჩინოვნიკების და სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელთა უპასუხისმგებლობების მიღმა, სტატიის ავტორებს გაგვიჩნდა კითხვა – რისთვის არის საჭირო მერია? მხოლოდ იმისთვის, რომ მისმა ხელმძღვანელბმა ჯიბე ხელფასებით და პრემიებით ამოივსონ? საერთოდ გვჭირდება ისეთი დაქირავებული პერსონები, რომლებიც მედიას ეუბნებიან ერთს და დოკუმენტებით ირკვევა მეორე? საერთოდ რა საჭიროა მუნიციპალური ინსტიტუტები, თუკი საკუთარ მოსახლეობას ელემენტარულ პრობლემებს ვერ უგვარებენ, თუკი გზები ატალახებულია, განათება არ არის, რომ კაცმა სახლის კარს მიაგნოს, კანალიზაცია არ არსებობს, წყალი არ არის და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პატარა ბავშვები საკუთარი სახლის წინ დაგუბებულ წყალში არ ვარდებოდნენ (იხილეთ ვიდეო ქვევით).


P.S.  გამგეობამ „მეტრონომთან“ საუბარში აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები მეფუტკრეობის დასახლებაში 1 თვეში დაიწყება. მოსახლეობის თქმით კი, გამგეობის დაპირება, რომ გზის პრობლემას მოაგვარებდნენ, ყოველთვის მხოლოდ მოხრეშვის დაპირებით შემოიფარგლებოდა. მათ გვთხოვეს გზავნილი გადაგვეცა მერიისადმი  და თხოვნას ვუსრულებთ (რედაქციაც ეთანხმება, რომ მოხრეშვა უგზოობის პრობლემას ვერ მოაგვარებს –  1 თვეში კვლავ იგივე სიტუაცია იქნება):

„უკაცრავად ბატონო ნარმანია, 21-ე საუკუნეა! კოკიც კი იმსახურებს ასფალტს, არათუ თბილისის ქუჩები…“

P.S.S. “მეტრონომის“ რედაქცია თვალყურს მიადევნებს მეფუტკრეობის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებს, რათა საზოგადოებას ამცნოს, თუ სახელმწიფო, ამ შემთხვევაში თბილისის მერია, რამდენად ადექვატურია მოსახლეობის პრობლემების აღქმაში და მისი ეფექტურად მოგვარებაში.

 

ნინა ცხადაია

გენო ჯოხიძე

იტვირთბა....