აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ნიუ იორკისკენ რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ტანკერი მიემართება -“როიტერი”

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ნიუ იორკისკენ რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ტანკერი მიემართება, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ გლობალური მონაცემთა პროვაიდერ LSEG-ის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

მედიის ცნობით, მალტის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს 40 ათასი ტონა რუსული დიზელის საწვავი გადააქვს.

საშუალო ზომის ტანკერი Agioi Fanendes 22 ოქტომბერს პრიმორსკის პორტში ჩაიტვირთა. საზღვაო გადაზიდვების მონაცემებით, მას 40 ათასი ტონა გოგირდის ულტრადაბალი შემცველობის დიზელის საწვავი გადააქვს. ტანკერი აშშ-ში 7 ნოემბერს უნდა ჩავიდეს.

მედიის ცნობით, ტრამპი 3 ნოემბერს აშშ-ში დაგეგმილი შუალედური არჩევნების წინ დიზელის საწვავზე ფასების შემცირებას ცდილობს. ამ მიზნით მან რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მათ შორის შეარბილა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი შეზღუდვა. გარდა ამისა, ტრამპი ევროპას აშშ-დან დიზელის საწვავის ექსპორტის შეწყვეტით დაემუქრა, თუ ევროპული ქვეყნები საგანგებო რეზერვებიდან საწვავის უფრო დიდი მოცულობის გამოშვებას არ უზრუნველყოფდნენ.

რუსეთი დათანხმდა, გააუქმოს მის მიერ დაწესებული დიზელის საწვავის ექსპორტის აკრძალვა და საწვავი მსოფლიო ბაზრებს, მათ შორის აშშ-საც მიაწოდოს. შეთანხმება ტრამპსა და პუტინს შორის 9 ოქტომბერს შედგა.

ტრამპმა 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ გაიტანდა ექსპორტზე 300 ათას ტონა დიზელის საწვავს, რაც დაახლოებით 2,25 მილიონ ბარელს შეადგენს. მისი თქმით, ნოემბერში ექსპორტი დამატებით 500 ათასი ტონით გაიზრდებოდა, რის შემდეგაც ექსპორტზე კიდევ 1 მილიონი ტონა საწვავი გავიდოდა.

რუსეთი წლის ბოლოსთვის დიზელის საწვავის ექსპორტის თვეში 3-3,5 მილიონ ტონამდე გაზრდას შეძლებს, რაც ამ საწვავის ექსპორტის ჩვეულებრივი მოცულობაა ქვეყნისთვის. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრ ნოვაკმა გასულ კვირას განაცხადა.

იტვირთბა....