22 ოქტომბერს ფინეთის პრემიერმინისტრმა პეტერი ორპომ, კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფინეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების 36-ე პაკეტს ამზადებს.
დახმარების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას 2026 წლის ბოლომდე ელიან.
“ჩვენ უკრაინელ სამხედროებთან მჭიდრო თანამშრომლობით ვმუშაობთ დახმარების 36-ე პაკეტზე. გადაწყვეტილების მიღებას მიმდინარე წლის ბოლომდე ვგეგმავთ”. – აღნიშნა ორპომ.
წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ფინეთმა უკრაინას სამხედრო დახმარების ხუთი პაკეტი გამოუყო, რომელთა ღირებულებაც ჯამში 500 მილიონ ევროზე მეტს შეადგენს. მომდევნო პაკეტის შინაარსი ამჟამად უშუალოდ უკრაინელ სამხედროებთან განიხილება.
ფინეთის პრემიერმინისტრმა ასევე უკრაინის თავდაცვითი მრეწველობის გაძლიერებისა და კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. კიევში მისი ვიზიტის ფარგლებში, ორივე ქვეყნის კომპანიებმა თანამშრომლობის შვიდ შეთანხმებას, რომლებიც თავდაცვას, სატელიტურ ტექნოლოგიებს, კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო უსაფრთხოებას მოიცავს, ხელი მოაწერეს.
ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ და ფინურმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, Nokia-მ და ICEYE-მ, 22 ოქტომბერს განზრახვის წერილი გააფორმეს, რის ფარგლებშიც მხარეები კოსმოსურ სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებს შეისწავლიან, განსაკუთრებით, უკრაინის კონტროლქვეშ მყოფი სატელიტური კავშირის სისტემის შექმნის კუთხით.
“უკრაინას სჭირდება უსაფრთხო, სუვერენული და მაღალი წარმადობის სატელიტური საკომუნიკაციო სისტემები, რომლებსაც თავად აკონტროლებს.” – განაცხადა ICEYE-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რაფალ მოდჟევსკიმ.
Nokia-მ და ICEYE-მ დედამიწის დაბალ ორბიტაზე მოქმედი სატელიტური კავშირის სისტემების ერთობლივად შექმნის გეგმა 1 ოქტომბერს წარადგინეს. კომპანიების განცხადებით, სატელიტები, სახმელეთო ინფრასტრუქტურა და ტერმინალები სისტემით მოსარგებლე ქვეყნების საკუთრებაში და მათივე კონტროლქვეშ იქნება.

