ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება სამართალი

გაზეთის რედაქტორს ტელეფონით დაემუქრნენ

„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ სამართალდამცველებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს

ინტერნეტ გამოცემა “ქუთაისი თუდეის” ჟურნალისტს მის მიერ გამოქვეყნებული მასალის გამო დაემუქრნენ. გამოცემა ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა შესახებ წერდა. ჟურნალისტების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ზესტაფონის სამმართველოს უფორსმა პავლე ბუბულაშვილმა და ტყიბულის სამმართველოს უფორსმა ზაზა ჩუბინიძემ ერთ-ერთ რესტორანში ერთმანეთს სცემეს.

სააგენტო “მეტრონომთან” საუბარში “ქუთაისი თუდეის” რედაქტორი სერგო ჩივაძე აცხადებს, რომ მას ტელეფონით დაუკავშირდა ადამიანი, რომელიც თავიდან გაეცნო როგორც ჩხუბში მონაწილე ჩუბინიძე, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ ტყიბულის სამმართველოს უფორსის ახლობელი იყო. ეს ადამიანი ჟურნალისტისგან დაჟინებით ითხოვდა სააგენტოს მასალა წაეშალა, რედაქციას ამ მუქარის აუდიოჩანაწერიც აქვს.

“მასალის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, ჩვენს საკონტაქტო ტელეფონზე დარეკა პიროვნებამ, რომელმაც ჯერ თქვა, რომ იყო ტყიბულის პოლიციის სამმართველოს უფროსი ჩუბინიძე, ხოლო შემდეგ განაცხადა, რომ მისი სიძე იყო. ამ ადამიანს უნდოდა ეს მასალა სააგენტოს ვებ-გვერდიდან აგვეღო. ბუნებრივია, ამ მასალას არ ავიღებდით. მისი თქმით, ცრუ ინფორმაცია გავავრცელეთ და ეს ფაქტები არ მომხდარა და თუ მასალას არ ავიღებდით პასუხს გვაგებინებდა. იმის მიუხედავად, რომ გზაზე მივდიოდი ჩანაწერის გაკეთება მაინც მოვახერხე. იმ დილით გელათის მონასტერში ვიყავი ჩემს პირად საქმეებთან დაკავშირებით, ამ ადამიანმა კი მითხრა, რომ ჩემს გადაადგილებაზე ყველაფერი იცოდა. საიდან ფლობდა ინფორმაციას დილით სად ვიყავი, არ ვიცი. მისი თქმით, თანამშრომლებს დაავალა ეკონტროლებინათ სად დავდიოდი. ეს უკანონო თვალთვალია და რამდენად კანონიერად ახორციელებდა ეს ადამიანი ჩემს თვალთვალს ეს უკვე გამოძიების საქმეა. მოგვიანებით გავავრცელებთ იმ აუდიოჩანაწერს. მან რამდენჯერმე გაგვიმეორა, რომ პასუხს ვაგებდით, თუმცა მას შემდეგ რაც ვუთხარით რომ მის საუბარს ვიწერდით აღარ გვითხრა კონკრეტულად რით გვემუქრებოდა. მისი თქმით, ჩემს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ყველანაირი ინფორმაცია ჰქონდა”. – აცხადებს ჩივაძე.

აღსანიშნავია, რომ ტელეფონით მუქარის გარდა, სააგენტოს ერთ-ერთი ადგილობრივი   ტელევიზიის თანამშრომელიც სთხოვდა აღნიშნული მასალის წაშლას. ჩივაძე ამ ეტაპზე ამ ჟურნალისტის ვინაობას არ ასახელებს.

სააგენტოს თანამშრომლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამასუხურს აღნიშნული ვიდეოჩანაწერი უკვე გადასცეს, თუმცა სერგო ჩივაძეს იმედი არ აქვს, რომ უწყება ამ ფაქტზე სათანადო რეაგირებას მოახდენს.

საჯარო მოხელეების საყურადრებოდ : “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” კანონის 26-ე მუხლის თანახმად, ჟურნალისტი თავის საქმიანობაში თავისუფალია. არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ჟურნალისტის საქმიანობაში, აიძულოს ის გამოაქვეყნოს რაიმე ინფორმაცია, ან უარი თქვას ინფორმაციის გამოქვეყნებაზე. მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სექტორში მომუშავე ადამიანებმა ზემოთქმული გაითვალისწინონ.

„მეტრონომის“ რედაქცია, იმედს იტოვებს, რომ შესაბამისი უწყებები სათანადოდ მოეკიდებიან და შეისწავლიან აღნიშნულ ფაქტს. ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში გამოავლენენ დამნაშავეს და კანონის ფარგლებში იმოქმედებენ.

პარალელურად, „საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“, რომელიც „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის“ ერთადერთი წარმომადგენელია საქართველოში მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს უმოკლეს ვადებში მოხდეს აღნიშნული ინფორმაციის შესწავლა და მოხდეს სათანადო რეაგირება.

მარიამ ვარადაშვილი

 

 

იტვირთბა....