შეერთებული შტატების სენატორს ჯონ მაკკეინს ექიმებმა თავის ტვინის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაციას ამის შესახებ სენატორის ოფისშიც ადასტურებენ. სიმსივნე მას გასულ კვირას ჩატარებული ოპერაციის შედეგად დაუდგინეს, როდესაც გავლენიან “რესპუბლიკელ” სენატორს თრომბის მოშორების პროცედურა ჩაუტარდა.
ექიმების განცხადებით, 80 წლის სენატორი და მისი ოჯახი შემდგომი მკურნალობის ვარიანტებს, მათ შორის ქიმიოთერაპიასა და რადიაციულ დასხივებას განიხილავს. მათი თქმით, მაკკეინი სამსაათიანი ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს და მისი ფიზიკური ან ფსიქიკური მდგომარეობა არ გაუარესებულა, ის რეაბილიტაციას საკუთარ სახლში გადის.
როგორც CNN-ის სამედიცინო მიმომხილველი, ანჯეი გუფთა აცხადებს, გლიობლასტომა ტვინის სიმსივნის აგრესიული ფორმაა და პაციენტთა მხოლოდ ათი პროცენტი, მკურნალობის შემთხვევაში, ხუთ წლამდე ცოცხლობს. 90 პროცენტის შემთხვევაში კი, დარჩენილი სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა, მკურნალობის მიუხედავად, 14 თვემდეა.