aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები საზოგადოება

ვის აირჩევს თბილისი მერად: „მეტრონომმა“ გამოკითხვის შედეგი 35 ათასზე მეტი ხმით მიიღო

aviabiletebi
ავიაბილეთები

„თუ თბილისს  მერად ქალი ეყოლება…“

ვის ისურვებდით თბილისის მერად?- ეს კითხვა დასვა  ინტერნეტ-გაზეთმა „მეტრონომმა“  14 ივნისს, საიტზე და  მკითხველს საშუალება მისცა,  28 ივნისამდე, საკუთარი არჩევანი დაეფიქსირებინა.

გამოკითხვაში მითითებული იყვნენ მერობის შემდეგი კანდიდატები: კახა კალაძე („ქართული ოცნება“);  ზაალ უდუმაშვილი („ნაციონალური მოძრაობა“); ალეკო ელისაშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი) და ელენე ხოშტარია („ევროპული საქართველო“).

ასევე, მკითხველს შეეძლო არჩევანი შეეჩერებინა პასუხებზე – „არცერთი“, “სხვა”   და – „არ მივალ არჩევნებზე“.

14 ივნისიდან 28 ივნისამდე  მიმდინარე გამოკითხვამ, ჯამში  35, 118  (ოცდათხუთმეტი ათას ას თვრამეტი)  ხმა დააგროვა,  რის შემდეგაც,  პროცენტები შემდეგნაირად გადანაწილდა:

კახა კალაძე – 14%

ალეკო ელისაშვილი -11%

ზაალ უდუმაშვილი-26%

ელენე ხოშტარია-27%

არცერთი-18 %

სხვა – 3%

არ მივალ არჩევნებზე- 1%

gamokitxva

რა თქმა უნდა,  „მეტრონომი“ ითვალისწინებს გარკვეული პროცენტით ცდომილების არსებობას და  ინტერნეტ გამოკითხვების ურყევ ჭეშმარიტებად მიღებას  არავის სთავაზობს;  თუმცა 35 ათასზე მეტი ხმით მიღებულ შედეგებს მაინც საინტერესოდ და დამაფიქრებლად მიიჩნევს.

აღსანიშნავია, რომ „მეტრონომის“ გამოკითხვაში საკამოდ მაღალი პროცენტი აქვს პასუხს „არცერთი“,  რაც რაიმე სახით პარტიულ დაინტერესებას ფაქტობრივად გამორიცხავს და ამომრჩევლის გულწრფელ დამოკიდებულებას აჩვენებს.

„ევროპული საქართველოს“ კანდიდატის, ელენე ხოშტარიას მიერ გამოკითხვაში  პირველი ადგილის აღებას,  პარტიის წევრი, სერგი კაპანაძე „მეტრონომთან“  აფასებს. მისი თქმით „მეტრონომს“ ამის შემდეგ დასჭირდება დაამტკიცოს, რომ პარტიული საიტი არ არის.  ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, რადგან „მეტრონომის“ რედაქცია იმ იშვიათ გამონაკლისს ეკუთვნის ქართულ მედიასივრცეში, რომელიც არცერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესს არ ატარებს. რაც შეეხება შედეგის სერიოზულ შეფასებას, სერგი კაპანაძის თქმით, თუ თბილისს ქალაქის მერად ქალი ეყოლება, ეს მხოლოდ კარგი იქნება.

სერგი კაპანაძე: „რა თქმა უნდა, ზოგადად,  ყველა გამოკითხვა ცდომილებით ხასიათდება, რადგან  ყოველთვის  სხვადასხვა რიცხვები ჯდება; ამიტომ, გამოკითხვებს  დინამიკაში უნდა შევხედოთ.  ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია თუ კანდიდატები რამდენად კონკურენტუნარიანები არიან, რა პროგრამა აქვთ და როგორ აპირებენ ხალხთან საუბარს.  ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ელენეს ძალიან კარგი შანსები აქვს.

„მეტრონომი“: როგორ ფიქრობთ, ექნება თუ არა არჩევნებზე გავლენა იმას, რომ  ის პირველი ქალი კანდიდატია?

ვფიქრობ, ესეც ფაქტორია, თუმცა -არა  ყველაზე მნიშვნელოვანი.  მთავარია ის, რომ ელენე  პროფესიონალი და ძალიან მონდომებულია. მან იცის თავისი საქმე და  გულწრფელია. ეს ყველაფერი მას ძლიერ კანდიდატად აქცევს და თუ თბილისს ქალაქის მერად ქალი ეყოლება, ეს მხოლოდ კარგი იქნება.“-ამბობს კაპანაძე.

რაც შეეხება ზაალ უდუმაშვილის პოლიტიკაში მოსვლას, რომელსაც გამოკითხვაში 26 პროცენტი ჰქონდა, „მეტრონომთან“ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ასეთ კომენტარს უკეთებს:

“ჩემი აზრით, ზაალ უდუმაშვილი ყველაზე მკაფიო და ნათელი სახეა, არათუ ამ კანდიდატებში, არამედ ბოლო პერიოდის ქართულ პოლიტიკაში, სადაც, მიხარია რომ ასეთი ადამიანები მიდიან. მე, ნამდვილად, ზალიკოს მივცემ ხმას.

სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში გაიმართება  მეორე ტური, სადაც იქნება სახელისუფლებო კანდიდატი და ზალიკო უდუმაშვილი. დანარჩენების  მონაწილეობა არჩევნებში სიმბოლურია.”-განაცხადა “მეტრონომთან”  გვარამიამ.

„ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე  თავად  პრემიერმა შეაფასა და მასზე განაცხადა, რომ ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს. პარლამენტის ვიცე სპიკერის, გია ვოლსკის ინფორმაციით კი “ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს პირველ ივლისს წარადგენს.

დამოუკიდებელ  კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს ჯერ არ აქვს კანდიდატურის დაყენების გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა უკვე არჩევნების გაყალბებაზე აკეთებს აქცენტს:

“მე თუ გადაწყვეტილებას მივიღებ მონაწილეობაზე, და ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის წინააღმდეგ ვინმე წავა, კბილებს დავამტვრევ ყველას, ვინც არჩევნებს გამიყალბებს”- ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მის შესაძლო მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა:

„ არცერთ ხმას არ დავთმობ. თუ მე მივიღებ მონაწილეობას, ეს ჩემგან იქნება თავის გადადება, იმიტომ რომ მე არ მაქვს ფული, არ მაქვს უკან დასახევი და არც ბიძინა ივანიშვილი მყავს, ხალხის გარდა”- განაცხადა ელისაშვილმა.

„მეტრონომის“ მიერ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე  აფასებს.  მისი თქმით, მაშინ, როცა  კანდიდატებს არც საარჩევნო პროგრამა აქვთ წარდგენილი და არც პირისპირ დებატებში არიან ჩართულნი,  ამგვარი გამოკითხვები ამომრჩევლის ემოციურ დამოკიდებულებას უფრო ასახავს, თუმცა  გარკვეულ სურათს მაინც იძლევა.

„მეტრონომი“:  ბატონო ზაალ,  ჩვენ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, პასუხს – „არცერთი“,   საკმაოდ მაღალი, 18  პროცენტი აქვს. ეს ნიშნავს, რომ ამომრჩევლისთვის შესაძლოა სხვა კანდიდატი უფრო საინტერესო გახდეს?

ზაალ ანჯაფარიძე:  თუნდაც ამ მონაცემების საფუძველზე, რაც აღნიშნეთ, ვერ ვიტყოდი, რომ ამომრჩევლის  იმ 18 პროცენტის განწყობა, რომელსაც  არცერთი კანდიდატი  სურს, გასაკვირია. იმიტომ, რომ ჯერჯერობით, საარჩევნო კამპანია არ დაწყებულა, ზოგი მათგანი ოფიციალურადაც კი არ არის  დასახელებული  და ასევე, საარჩევნო პროგრამაც კი არ წარუდგენიათ. ასე,  რომ ამ შემთხვევაში საუბარია კანდიდატთა წმინდა წყლის ემოციურ აღქმაზე. ანუ, ვიღაცას მოსწონს ზაალ უდუმაშვილი იმიტომ, რომ ყოველდღე ხედავდა ეკრანზე;  ვიღაცას ელენე ხოშტარია მოსწონს იმიტომ, რომ თბილისის მერობისთვის პირველი ქალი კანდიდატია;  ვიღაცას კახი კალაძე;  სხვას კი  ალეკო ელისაშვილი მოსწონს, თავისი სკანდალებით. ეს დამოკიდებულებები  კი ჯერ მხოლოდ ემოციურია. როცა გახურდება წინასაარჩევნო კამპანია და კანდიდატები ერთმანეთთან დებატებში შევლენ,  ასევე, წარადგენენ საარჩევნო პროგრამას,  გამოკითხვებით უკვე  უფრო რეალურ სახეს მივიღებთ.

-რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, რომელიც პირველი ქალი კანდიდატია, რა შანსები აქვს,  მითუმეტეს, რომ ჩვენ გამოკითხვაში, მან  27  პროცენტი, ანუ პირველი ადგილი მოიპოვა?

– მაგალითად, სხვა ინტერნეტ გამოკითხვაში ხოშტარია ბოლო ადგილზეა.  სწორედ ამიტომ, რთულია ასეთი გამოკითხვების საფუძველზე შორსმავალი დასკვნების გაკეთება.  რეალური სურათი საარჩევნო კამპანიის შემდეგ გამოჩნდება და ხალხი მათ ყველა კუთხით, მათ შორის იმიჯის თუ სხეულის ენის თვალსაზრისით შეაფასებს.  იცით თუ როგორი ამომრჩეველი გვყავს თბილისში – ხშირად კანდიდატს აფასებენ იმით,  სხვებთან შედარებით რამდენად ომახიანად გამოიყურება, რამდენად დამაჯერებლად საუბრობს და რამდენად  კარგად ლანძღავს ხელისუფლებას. რაც შეეხება დაპირებებს, გასაგებია რომ ყველა კანდიდატი  აქცენტს გააკეთებს იმ მოუგვარებელი პრობლემების შესახებ, რაც თბილისელებს აწუხებთ: „სითი პარკი“,  აბსოლუტურად უკონტროლო მშენებლობები და სხვა. ვინც უფრო კარგად წარმოაჩენს ამ კუთხით თავს და უფრო კარგად დაიჭერს თბილისელების განწყობას, მით უფრო მეტი უპირატესობა ექნება. თუმცა არ უნდა გამოვრიცხოთ,  რომ დიდ როლს ითამაშებს ადმინისტრაციული რესურსი და ის, რასაც ჩვენ სახელისუფლებო ქარიზმას ვეძახით.

– ზაალ უდუმაშვილმა საკმაოდ ომახიანად მიმართა თბილისელებს. მის შესახებ „ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ ერთადერთი კანდიდატია, რომელიც კალაძეს კონკურენციას გაუწევს  და მის გამო შეიძლება მეორე ტურიც გაიმართოს. რამდენად სწორად აფასებენ?

– მე ასე ოპტიმისტურად არ შევაფასებდი.  როცა საარჩევნო კამპანია დაიწყება, ბატონ უდუმაშვილს ბევრ რამეს გაუხსენებენ;  ეს ერთი და მეორეც-  უდუმაშვილი ჯერ არ შესულა დებატებში სხვა კანდიდატებთან. ჯერ მხოლოდ ეს ოთხი ადამიანია მოაზრებული კანდიდატებად და სულ არ არის გამორიცხული, კიდევ გამოჩნდეს ვინმე, ვინც არანაკლებ კონკურენციას გაუწევს დასახელებუ ოთხეულს.

ჩვენ უნდა დავინახოთ მთლიანი  სურათი; რეალურად, მერის არჩევნები იქნება კონკურენტული და ეს უკვე კარგია;  ეს დემოკრატიის კარგი ინდიკატორია.

-კახი კალაძის მიმართ სახელისუფლებო ქარიზმა ახსენეთ. მის მიმართ, რადგან მთავრობის კანდიდატია, ასეთი დამოკიდებულებაც არსებობს: „რა თქმა უნდა, გაიმარჯვებს, რადგან ხელისუფლება უჭერს მხარს“. ამ ფონზე კალაძის შანსების ობიექტურად შეფასება რამდენად შესაძლებელია?

-კალაძის, როგორც პიროვნების მიმართ, ე.წ. თბილისური ბომონდის მხრიდან განსაკუთრებულად ნეგატიური დამოკიდებულება არ არსებობს. კი, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ის ძირძველი თბილისელი არ არის, მაგრამ მას პოპულარობის ის შლეიფი მოსდევს, როცა ფეხბურთელი იყო და წარმატებებს მიაღწია. თვითონ კალაძეც საკმაოდ გაიზარდა, როგორც  მენეჯერი. თუმცა მას შეიძლება შეახსენონ ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში მისი კერძო თუ ბიზნეს ინტერესები;  ასევე, გაზპრომთან მოწერილი ხელშეკრულებები, რომელმაც ბევრი კითხვა დაბადა და გაზის ტარიფის სავარაუდო, შესაძლებელი  ზრდის საკითხი. დარწმუნებული ვარ, ოპონერები ამ საკითხებზე გააკეთებენ პედალირებას და წინასაარჩევნოდ, მის დისკრედიტაციას ამ მხრივ შეეცდებიან. სხვა მხრივ, ჯერჯერობით და სხვადასხვა გამოკითხვებიც  ამას გვიჩვენებს, რომ კალაძე ფავორიტად მიიჩნევა.

– რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, რამდენად შესაძლებელია  დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონკურენცია გაუწიოს პარტიულ კანდიდატებს და უფრო მეტიც,  არჩევნები მოიგოს?

– ალეკო ელისაშვილის მიმართ თბილისელთა ნაწილი სიმპათიით არის განწყობილი, მაგრამ საკმარისი იქნება თუ არა ეს არჩევნების მოგებისთვის, მე პირადად ეჭვი მეპარება. ჩემი აზრით, მან საკმაოდ ცუდი, არამომგებიანი და არასაჭირო – აგრესიული ლექსიკით დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. აგრესიული სტილი თბილისელების ნაწილში შესაძლოა კარგად არ იყოს აღქმული და ეს გამოჩნდა კიდეც სოციალურ ქსელებში.  ამომრჩეველს უკიდურესობაში გადავარდნილი და აგრესიული კანდიდატი არ უნდა. მათ სურთ არამარტო ქარიზმატული, არამედ პრობლემების მოგვარების უნარის მქონე კანდიდატიც და რამდენად არის ელისაშვილი ასეთი, თბილისელებს უნდა დავეკითხოთ. პასუხი ყველაზე კარგად არჩევნებზე გამოვლინდება. თბილისელი ამომრჩეველი საკმაოდ მერყევია  და შეუძლია მალე შეცვალოს დამოკიდებულება, თუ რომელიმე კანდიდატი მძაფრ და მიმზიდევლ პროგრამას შესთავაზებს. შესაბამისად, ყველაფერი უკვე პიარ ჯგუფებზეა დამოკიდებული.

-და ბოლოს, თუ გავითვალისწინებთ „მეტრონომის“ გამოკითხვის შედეგებს და პასუხ  „არცერთის“ საკმაოდ მაღალ პროცენტს, ოპოზიციამ გაერთიანების და საერთო კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში შეიძლება სახელისუფლებო კანდიდატს რეალური კონკურენცია გაუწიოს?

– ამ შემთხვევაში მათი შანსები ცოტა უფრო მეტი იქნება, მაგრამ გააჩნია ვის დააყენებენ და რომელი ოპოზიციური პარტიები გაერთიანდებიან, რადგან, თუ მათ უკან ის ოპოზიციური ძალები დადგნენ, რომლებზედაც საზოგადოებას ჩამოყალიბებული, ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, წარმატებაზე საუბარი რთული იქნება.

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღად  ოქტომბრის მესამე კვირის ბოლო დაასახელა. როგორც ჩანს, პოლიტიკურად ცხელი და საინტერესო შემოდგომა გველის.

 

ავტორი: მანა ნოდია

იტვირთბა....