aviabiletebi
ბლოგები მთავარი საზოგადოება

სოციალური ქსელი – სისტემა შექმნილი მართვისთვის

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

სოციალური ქსელი ისეთი საინტერესო ფენომენია და იმდენი და იმხელა დასკვნების გამოტანა შეიძლება ამ სფეროდან, რამდენიც და რამხელაც ბევრს ვერ წარმოუდგენია.
თქვენ თუ ცხოვრებაში, რეალურ, ყოველდღიურ, ხელშესახებ ცხოვრებაში, გგონიათ, რომ იმ რამოდენიმე ათეულ ადამიანს, რომელთაც რეალურად იცნობთ, კარგად იცნობთ… თქვენ ეს მხოლოდ გგონიათ! ადამიანები (მათი უმრავლესობა) მშიშრები არიან… ისინი არაფრისდიდებით არ გაჩვენებენ თავიანთ რეალურ სახეს მაშინ, როცა თქვენ წინ სხედან და გესაუბრებიან, იცინიან და თუნდაც ტირიან… თქვენ იმ რამოდენიმე ათეულ ადამიანზე, (რომელთაც რეალურად იცნობთ) უფრო მეტად იმ რამოდენიმე ათასეულს იცნობთ ახლოს და მთელი მათი ბნელი თუ ნათელი მხარეებით, რომლებიც “შირმის” იქიდან გადმოსცემენ საკუთარ თავს… იქიდან, საიდანაც უხერხულობა, რიდი, მორცხვობა… ერთი სიტყვით – შიში სადღაც უჯრაშია ჩაკეტილი.
მე თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ რამოდენიმე ასეულ ადამიანს ახლოს ვიცნობ… ვიცნობ მათ ხასიათს, მისწრაფებებს, სურვილებს… მათ ბუნებას. სოციალური ქსელი ერთგვარი დეტექტორია… ის ავლენს იმას, რაც უშუალო კავშირის დროს უბრალოდ შენიღბული და გამოუვლენელია.

სოციალური ქსელი ამ შემთხვევაში შეგვიძლია მეტაფორადაც, უბრალოდ ტერმინად გამოვიყენოთ, თორემ სიღრმისეულ ფენებში ეს უბრალოდ ფარია!.. ფარი, რომლის იქიდანაც გამოვსტყორცნით საკუთარ აზრებს, გულწრფელ აზრებს, სულელურს, ჭკვიანურს, სასაცილოს, ამაზრზენს… მაგრამ გულწრფელს. გულწრფელს მხოლოდ იმიტომ, რომ ფარის უკან ვდგავართ… ხელ, ყურ და თვალშეუხებლები ვართ.
სოციალური ქსელი განაცალკევებს არა მარტო ადამიანს ადამიანისგან, ის განაცალკევებს ადამიანს საკუთარი თავისგან!
…და მიუხედავად იმისა, რომ სრული “თავისუფლება” დამსწრეა, მაინც შებოჭილობას დავარქმევდი იმას, რაც მხოლოდ საკუთარი ნაჭუჭიდან აზრების თავისუფლად ტყორცნას ითვალისწინებს.
ურთიერთკავშირის ეს ფორმა იმით არის სასარგებლო, რომ ათასობით ადამიანს იცნობ და თუ იცნობ ადამიანებს… თუ გიცნობენ ადამიანები, ეს რაღაც გაურკვეველ, ბუნდოვან კონსესუსს, შეთანხმებისმაგვარ გრძნობას წარმოშობს, ოღონდ… ამის პარალელურად იკარგება ხელშესახები რეალობა.
მე, ერთი ადამიანი, ორი ან სამი… უშუალო ურთიერთობაში არაფერს არ მეტყვის ისეთს, რამაც შეიძლება ჩემი უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს, მაგრამ საკმარისია ამ საქმეში კლავიატურა ჩაერთოს, გავხდები ბრალდებული… ეს თვისება აქვს სოციალურ ქსელს… ფარს ამოფარების თვისება და ეს არც კარგია, არც ცუდი – ეს ასეა…
მე თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ იმ ხელზე ჩამოსათვლელ ადამიანებს არ ვიცნობ, მაგრამ ვიცნობ ათასობით ადამიანს… თავიანთი ზედა თუ ქვედა ზრახვებით, თავიანთი მიდრეკილებებით, თავიანთი გემოვნებით… თავიანთი ბუნებით.
ეს სისტემა შექმნილია მართვისთვის… და მართავს კიდეც!..
ნუ იქნებით მართულები!

ვასო შონია

 

 

იტვირთბა....