aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ხუხაშვილი: “გახარიას ქმედება ორიენტირებული იყო შედეგზე და მან ეს შედეგი მიიღო”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა გუშინ შსს-ს მინისტრის მიერ აქციაზე ნათქვამი ბოდიში “მეტრონომთან” საუბრისას შეაფასა და აღნიშნა, რომ გახარიამ კრიზისების წარმატებული მართვის  პირველი პრეცედენტი შექმნა.

“გახარიას ბოდიში ეს ტექნიკური საკითხია. ეს იყო ხარკის გადახდა იმ ვითარების რაც იქ იყო შექმნილი. საერთო ჯამში უნდა ვთქვათ, რომ გახარიამ კრიზისების წარმატებული მართვის  პირველი პრეცედენტი შექმნა. გახარიას გუშინდელი ქმედება ორიენტირებული იყო შედეგზე და მან ეს მიიღო”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

შს მინისტრმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა და მათ ბოდიში მოუხადა პარასკევს განვითარებული მოვლენების გამო.

“ბოდიში, თუმცა მე ვიხდი ბოდიშს არა მხოლოდ ჩემი სახელით, არამედ თუ რომელიმე თქვენგანს რისკი შეუქმნა შს სამინისტროს რომელიმე წარმომადგენელმა. მინდა გითხრათ და გთხოვოთ, რომლებმაც ასევე მიაყენეთ შეურაცხყოფა ადამიანს, ფორმაში რომელიც იყო, მათაც მოუხადოთ ბოდიში. ჩვენი ყველას საერთო ამოცანაა, რომ დღეს ეს საღამო დავასრულოთ მშვიდობიანად. თქვენ იცით, რომ უკვე მეორე დღეა თქვენი გამოხატვის თავისუფლება ამ მოედანზე არავის შეუზღუდავს. ასევე, პოლიციელები ზრუნავენ თქვენს უსაფრთხოებაზე. ერთობლივად ვიპოვოთ სწორი გამოსავალი იმ საკმაოდ რთული ამოცანებიდან, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, უნდა გადავინაცვლოთ სამუშაო რეჟიმში, მე გპირდებით, 10 საათზე, ხვალ, თქვენს წარმომადგენლებთან ერთად განვიხილავ პარასკევის მოვლენების ყოველ წუთს. ყველა ის ადამიანი, რომელზეც ერთობლივად შევთანხმდებით, რომ უფლება დაირღვა, იქნება უფლება აღდგენილი. მე გპირდებით, რომ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ნარკოპოლიტიკასთან მიმართებით. ასევე ვთანხმდებით, რომ თუ ეს დაპირებები არ შესრულდება, ჩვენ შეგვიძლია ამ თავისუფალი პარლამენტის წინ, თავისუფალ ქალაქში ან ვიცეკვოთ, ან მოვუსმინოთ მუსიკას. მე მინდა გთხოვოთ დავემორჩილოთ პოლიციის მითითებებს, დავიცვათ ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ იქნება უკვე უმნიშვნელო. ყველა ადამიანი, არის მნიშვნელოვანი და არ აქვს მნიშვნელობა მის ორიენტაციას, რელიგიურ მრწამს თუ ასაკს”- მიმართა მინისტრმა აქციის მონაწილეებს.

ცოტა ხნის წინ შს მინისტრი გიორგი გახარია აქციის ორგანიზატორებთან სასაუბროდ მივიდა. რუსთაველის გამზირზე სიტუაცია დაძაბულია, იქ მობილიზებული არიან კონტრაქციის მონაწილეებიც, რომლებიც უპირისპირდებიან მთავარი აქციის მონაწილეებს. ისინი ცდილობენ პოლიციის კორდონი გაარღვიონ და ტერიტორიაზე შევიდნენ. ადგილზე დიდი რაოდენობით სპეცრაზმი და პოლიციაა მობილიზებული. ადგილზეა მობილიზებული ასევე წყლის ჭავლის მანქანებიც.

უკვე მეორე დღეა, რაც ახალგაზრდები თავისუფლების მოთხოვნითა და კლუბებში “ბასიანი” და “გალერი” სპეცოპერაციის შედეგად ძალისმიერი მეთოდებით ადამიანების დაშლას აპროტესტებენ. შსს-ს ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად 8 ადამიანია დაკავებული ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციის მუხლით. თუმცა, სახალხო დამცველის ინფორმაციით, აღნიშნული 8 პირი სპეცოპერაციამდე არიან დაკავებული და კლუბებში მიმდინარე სპეცოპერაციას და ძალისმიერი მეთოდებით ახალგაზრდების დაშლას არაფერი საერთო დაკავებებთან არ ჰქონია.

იტვირთბა....