aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი

ქართული ღვინის ახალი ბრენდი ექსპორტზე აშშ-ში გავიდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მითი იმის შესახებ, რომ მეღვინეობა კაცის საქმეა, კიდევ ერთხელ “დაიმსხვრა”. ახალგაზრდა ქალი მეღვინე, 27 წლის ქეთევან ბერიშვილია. ყურძნის დაწურვის ოჯახური ტრადიცია სწორედ მან გააგრძელადა ქართული ღვინის ახალი ბრენდი – GOGOWINE შექმნა.  ამის შესახებ businesscontract.ge წერს და ქეთევან ბერიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს.

როდის დაიწყეთ მეღვინეობა და საიდან გაჩნდა ამ ბიზნესის იდეა?

– ეს არის ოჯახური ბიზნესი. მამაჩემი უკვე დიდი ხანია ჩართულია ორგანულ მეღვინეობაში, შესაბამისად წლებია მეც შეხება მაქვს ღვინოსთან. 2016 წლის გაზაფხულზე ვცადე პირველად საკუთარი ბრენდირებული ღვინის ჩამოსხმა და სერიოზულად გადავერთე ამ საქმეზე. მანამდე მხოლოდ ოჯახის დახმარებით შემოვიფარგლებოდი. ნელ-ნელა მეღვინეობამ „ჩამითრია“ და სიმართლე გითხრათ მეც დიდი სიამოვნებით „ჩავყევი“. ღვინომ მომცა ბიძგი, რომ სტაბილურ ცხოვრებაზე უარი მეთქვა და ფაქტობრივად, გადავსახლებულიყავი სოფელში, სადაც ბევრად უფრო ბედნიერად ვგრძნობ თავს.

რას საქმიანობდით, სანამ მეღვინე გახდებოდით?

პროფესიით ფრანგული ენის სპეციალისტი ვარ. საფრანგეთშიც ვიყავი სასწავლებლად წასული. შემდეგ მაგისტრატურა დავამთავრე GIPA-ში, PR მენეჯერის მიმართულებით, თუმცა, ამ პროფესიით არ მიმუშავია. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, 4 წელი ბანკში ვმუშაობდი, დირექტორის თანაშემწედ. ბანკიდან წამოვედი, რადგან ჩემთვის არ იყო საინტერესო სფერო.

თქვენი საკუთარი ვენახები თუ გაქვთ?

– დიახ, ჩვენი საკუთარი ვენახები გვაქვს. მამაჩემი უკვე 15 წელია სოფელ ართანაში ჩვენს ვენახებს უვლის და ქვევრის „ართანული ღვინო“ დიდი ხანია რაც ბაზარზეა. მამის მაგალითზე, მეც გადავწყვიტე მეცადა და დამეწყო ღვინის დაყენება. შევქმენი საკუთარი „გოგოური“ ბრენდი და 2016 წელს პირველად გამოვუშვი GOGOWINE. ჯერჯერობით მხოლოდ ორი სახეობის ღვინო გვაქვს ჩამოსხმული, ეს არის რქაწითელი და, საფერავი და რქაწითელი ერთად დადუღებული. ყველაფერი დამოკიდებულია მოსავლის რაოდენობაზე.

როგორ შეარჩიეთ სახელი GOGOWINE-?

სახელის იდეა მე მეკუთვნის. შევარჩიე ისე, რომ მარტივად გამომეხატა ჩემი თავი, გამოსათქმელადაც ადვილია, დასამახსოვრებლადაც და აზრობრივადაც კავშირშია ჩემთან. მინდოდა, შეფუთვაც თანამედროვე ჰქონოდა და დიზაინი თავად შევურჩიე. მოკლედ გადავწყვიტე, რომ ჩემი ღვინოც გოგო ყოფილიყო და დავარქვი – GOGOWINE.

რა ინვესტიციის ჩადება მოგიხდათ და რა არის თქვენი ღვინის ღირებულება?

არსებული რესურსით გავაკეთე ყველაფერი, რადგან ოჯახს უკვე ჰქონდა ვენახებიც და მარანიც ართანაში, მართალია პატარა, მაგრამ პირველი ეტაპისთვის საკმარისი. 600 ლიტრი ღვინო ჩამოვასხი. GOGOWINE-ის ღვინის საშუალო ფასი 25 ლარია. ჩვენი ღვინო ექსპორტზეც გავიტანეთ ამერიკაში, სულ 60 ბოთლი GOGOWINE.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ცოტახნის წინ შევიძინე დამატებით ვენახი და იმედი გვაქვს, 2016 წლისგან განსხვავებით, ამ წელს მაინც გადავურჩებით მოსავლის ქურდებს. თუ ყველაფერი იქნება ისე, როგორც დაგეგმილი გვაქვს, ჩვენს მომხმარებლებს, რქაწითელის და საფერავის გარდა, სხვა სახეობის ღვინოებსაც შევთავაზებთ. გვექნება „მწვანე“ და ვარდისფერი რქაწითელი. GOGOWINE-სექსპორტზეც გავიტანთ და იმედი გვაქვს უფრო დიდი რაოდენობით. ასევე ვგეგმავთ სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობის მიღებასაც. აქამდეც გვქონდა წარმოდგენილი ჩვენი პროდუქცია სტარტაპ მარკეტზე, „ბულბული მარკეტზე“, თბილისობაზე აღმაშენებელზე გვქონდა ჩვენი სტენდი, თუმცა იმედი გვაქვს ამ მხრივაც და წარმოების მხრივაც უფრო გავფართოვდებით.

ვფიქრობ, ამ ეტაპისთვის ჩემმა რისკმა გაამართლა და GOGOWINE-ი მომავალში უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევს.

businesscontract.ge

იტვირთბა....