aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ექსკლუზიური ინტერვიუ: რას აიძულებდნენ ქართული სპეცსამსახურები აფგან მუხთარლის გაუჩინარებამდე

aviabiletebi
ავიაბილეთები

აზერბაიჯანელი  ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი „მეტრონომთან“ ამბობს, რომ ქართული საგამოძიებო უწყებები ჟურნალისტის გატაცების საქმეს, სპეციალურად აყალბებს და გამოძიება ტარდება იმისთვის, რომ რეალური ფაქტები დაიფაროს. მისი თქმით, გამოძიება მალავს იმ ვიდეოჩანაწერებს, რომელიც ჭონქაძის და ნიაღვრის ქუჩაზე სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ სწორედ ამ ქუჩებზე დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირეს ჟურნალისტის დაკავების ფაქტი. ადვოკატის განცახდებით, მუხთარლი ჯერ კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს, რომლებიც ქართულად საუბრობდნენ და ვიღაცისგან გარკვეულ დირექტივებს იღებდნენ.

დაკავებისას ჟურანლისტს ქართულად მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. რამდენიმე საათის შემდეგ კი ის აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს.

„მეტრონომი“: როგორ მიდის ქართული მხარის მიერ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების შესახებ გამოძიება და ამ ეტაპზე რა სახის ინფორმაციას ფლობთ?

არჩილ ჩოფიკაშვილი: ამ ეტაპზე მაქვს ინფორმაცია, რომ გამოძიებისთვის ცნობილია აფგან მუხთარლის გადაადგილების მარშუტი და გაუჩინარების ადგილი. გამოძიების მიხედვით, ის სამარშუტო ტაქსში ბარათაშვილის ქუჩაზე ჩაჯდა და სახლის მიმართულებით გაემგზავრა. ის ტრანსპორტიდან ჭონქაძის ქუჩაზე ჩამოდის და მას ნიაღვრის ქუჩაზე აკავებენ. საქმე იმაშია, რომ აღნიშნულ ადგილზე არაერთი ვიდეოსათვალთვალო კამერაა, რომელიც ქუჩაზე მისი შესვლის ზუსტ დროს დააფიქსირებდა.

ასევე კამერა შეძლებდა, რომ გამტაცებლების სატრანსპორტო საშუალება  დაეფიქსირებინა. რაც გამოძიებას აბსოლუტურად არ დაუდგენია და კითხავს სრულიად უცნობ ადამიანებს, რომლებსაც ამ ფაქტთან წარმოუდგენელია, რომ შემხებლობა ჰქონოდათ.

ეს არის ერთადერთი საქმე, სადაც ზუსტად არის ცნობილი, რომ ის არ დაკარგულა და გაიტაცეს. საქართველოში გამოძიება ტარდება იმისთვის, რომ გამოძიება არ ჩატარდეს.

შედეგად კი იმას მივიღებთ, რომ  ქართული მხარე საკუთარ დანაშაულს თავადვე დაამტკიცებს. როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანმა, რომელმაც მდინარე გადალახა და საზღვარზე ასე გადაიპარა, მისი ტანსაცმელი რატომ იყო სრულიად სუფთა და მასზე არანაირი მსგავსი ნიშანწყალი არ შეიმჩნეოდა. მისი დამკავებლები ქართულად საუბრობდნენ და ავტომობილში ვიღაცისგან დირექტივებს იღებდნენ. ჟურნალისტს დაკავებისას ქართულად ჯერ სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

– დღეს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლების პოზიციას ეთანხმება. გამოძიება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. რა აძლევს მინისტრს  ოპტიმიზმის საფუძველს?

– წულუკანის განცხადებას რაც შეეხება, ჩემი მხრიდან პოლიტიკური შეფასებების გაკეთება ნაკლებად საინტერესო მგონია. ამიტომ, რის საფუძველზე საუბრობს მინისტრი, ჩემთვის გაუგებარია. ფაქტია, რომ ამ რეზოლუციით იმის აღიარება მოხდა, რომ ქართული მხარე გამოძიების რეალური წარმართვისთვის არაფერს აკეთებს. სათვალთვალო კამერების ჩანაწერები მხოლოდ ე.წ. კოლმეურნეობის ქუჩიდან არის ამოღებული, სადაც  მხოლოდ ის ჩანს, რომ აფგანი 4 ნომერ სამარშრუტო ტაქსს ელოდება.

– თავად აფგან მუხთარლი რას ჰყვება და რატომ არის ის დარწმუნებული, რომ ქართულმა სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა დააკავეს?

– აფგანი დარწმუნებულია, რომ ქართულმა და აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურება თანამშრომლობის შედეგად გაიტაცეს. ის ამბობს, რომ სახლისკენ მისასვლელი გზა, კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ქართველმა სამართალდამცავებმა გადაუკეტეს, რომლებმაც დააკავეს და ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე მანქანაში ჩასვეს. შემდეგ კი აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს.

– ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ ის აზერბაიჯანის ხელისუფლებას აფგან მუხთარლის დაკითხვის მოთხოვნით მიმართავს. როგორ ფიქრობთ, რა სახით წაადგება ეს გამოძიებას?

– ზეპირად გვეუბნებიან, რომ აფგანის დაკითხვის მოთხოვნით აზერბაიჯანულ მხარეს უკვე მიმართეს. თუმცა, ეს მხოლოდ სიტყვების თამაშია, რადგანაც მისი დაკითხვა გამოძიებას ახალს არაფერს მისცემს.   მისმა მეუღლემ უკვე ყველაფერი მოყვა, რაც კი აფგანმა იცოდა. ეს ინფორმაცია ლეილა მუსტაფაევას დაკითხვის ოქმში უკვე დიდი ხანია რაც მითითებულია. აფგანის არდაკითხვა გამოძიებას ხელს არაფერში შეუშლის.

– სანამ აფგან მუხთარლს გაიტაცებდნენ, აზერბაიჯანულ მხარეს ოფიციალურად საქართველოსთვის თუ აქვს მიმართული მისი გადაცემის მოთხოვნით?

– ასეთი მოთხოვნა ბუნებაში არ არსებობს. არვიცი სხვა რა სახით ხდებოდა ამ ორი ქვეყნის კონტაქტი მუხთარლთან დაკავშირებით, თუმცა ფაქტი ერთია, რომ ოფიციალური მოთხოვნა მისი დაკავების, ან გადაცემის შესახებ არ არსებობს.

– სოზარ სუბარამა განაცხადა, რომ აფგანს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით სამინისტროსთვის არ მიუმართავს. რას იტყვით ამის შესახებ?

– აფგანის მხრიდან ლტოლვილის სტატუსზე მოთხოვნა არალოგიკური იქნებოდა, რადგანაც ამ ადამიანს ბინადრობის უფლებაზეც კი უარი უთხრეს და სულელი უნდა ყოფილიყო, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე მოთხოვნა შეეტანა.

– დაკავებამდე, აფგანზე ქართული სპეცსამსახურები ახორციელებდნენ თუ არა რაიმე სახის ზეწოლას?

– აფგანზეც და სხვა ყველა დანარჩენ აზერბაიჯანელ ჟურნალისტზე, რომლებიც ხელისუფლებისგან დევნილები არიან, ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართული სპეცსამსახურების მხრიდან აქტიურად მიმდინარეობდა ზეწოლა, რომ მათ საქართველო დაეტოვებინათ.

ისინი აფგანსაც და სხვა დანარჩენებსაც მოუწოდებდნენ, ურჩევდნენ, რომ თავშესაფარი სხვა ქვეყანაში ეპოვათ. ამის მიზეზად კი იმას ასახელებდნენ, რომ საქართველოს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მათ გამო ურთიერთობა უფუჭდებოდა.

– რას ელით ამ გამოძიებისგან და თუ ის შედეგი ვერ მიიღეთ, რაც თქვენ გსურთ, რა არის აფგან მუხთარლის და მისი ოჯახის სამომავლო გეგმები?

– ყველა სამართლებლივ ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ აფგანის უფლებები დავიცვათ. თუ ქვეყნის შიგნით არ იქნება გამოძიება სწორად წარმართული, საერთაშორისო ბერკეტებს გამოვიყენებთ და ვუჩივლებთ სტრასბურგში, როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანს.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....