aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

„ორი მინისტრი გამოსავლის პოვნას ურთიერთბრალდებებით ცდილობს“

aviabiletebi
ავიაბილეთები

ექსკლუზიური ინტერვიუ თავდაცვის ყოფილ მინისტრ თინა ხიდაშელთან

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი „მეტრონომთან“, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცებას აფასებს და ამბობს, რომ ორი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები იმ ეჭვს კიდევ უფრო აღრმავებს, რომ მის გაუჩინარებასა და შემდეგ აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემაში ქართული მხარე მონაწილეობდა.

ხიდაშელის აზრით, სუსის ხელმძღვანელის გომელაურის განცხადება, რომ ჟურნალისტმა ქვეყნის დატოვება, ე.წ. მწვანე ზოლის გადალახვის შედეგად შეძლო, აბსურდია, რომელიც თავიდან პასუხისმგებლობის აცილების უსუსური მცდელობაა.

მისი აზრით, ქართული მხარე თუ მართალია, მაშინ მას საზოგადოებისთვის ამის დასამტკიცებლად რაიმე სახის მტკიცებულება მაინც უნდა წარმოედგინა. თუნდაც ჟურნალისტის იმ დღის გადაადგილების მარშრუტი, რომელიც ქალაქში განლაგებული ახლოს განტავსებული ვიდეოკამერებით იყო შესაძლებელი.

„მეტრონომი“: სუსის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა გუშინ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხთარლის საზღვარი ე.წ. მწვანე ზოლის მეშვეობით აქვს გადალახული. თუმცა, შსს მინისტრმა თქვა, რომ საქართველოს საზღვარი მკაცრად კონტროლდება და მისი ე.წ. მწვანე ზოლის გამოყენებით გადალახვის შანსი მცირეა, თუმცა შესაძლებელი. როგორ ფიქრობთ, ურთიერთგადაბრალებას ხომ არ აქვს ადგილი?

თინა ხიდაშაელი: რა თქმა უნდა, ახლა ხან გომელაური გამოვა და ხან შინაგან საქმეთა მინისტრი, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ათას სისულელეს ილაპარაკებენ. ასეთი უაზრო კომენტარების შემდეგ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი კითხვები ჩნდება. დიდი ხანია, რაც საკუთარი ქვეყნის მოქმედებების გამო, ასეთი სირცხვილის განცდა არ მქონია. ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სერიოზული  პრობლემები გვექნება.

სერიოზული რისკის ქვეშ ვდგავართ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – ნდობა დავკარგოთ. ვისურვებდი, რომ ორივე უწყება და ამასთანავე ხელისუფლებაც, დაინტერესებულები იყვნენ, რომ ამ მდგომარეობიდან რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ.

სასწრაფოდ უნდა დადგინდეს, რა მოხდა, რისი გაგებაც არავის გაუჭირდება, რადგანაც საზღვარზე ყველგან კამერები დგას. იმ ადამიანების საჯაროდ დასჯა უნდა მოხდეს, ვინც ქვეყანას ამხელა სირცხვილი დაატეხა.

– როგორ ფიქრობთ, ქართული სპეცსამსახურების გვერდის ავლით ამ ადამიანის გატაცება მოხდებოდა? თუ ჟურნალისტი მართლაც კრიმინალურმა ჯგუფმა გაიტაცა, როგორც ამას ირაკლი სესიაშვილი ამბობს, გომელაურის პასუხისმგებლობის საკითხი არ იკვეთება? მხოლოდ მღებრიშვილზე ჯოხის გადატეხვა რას შეიძლება ნიშნავდეს?

– რა თქმა უნდა, მოტაცების  ვერსია სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. ამხელა ტერიტორია ისე ატარონ მოტაცებული ადამიანი, რომ გომელაურის უწყებას ეძინოს და შემდეგ საზღვარი გაატარონ, არჰყოლია ქვეყანას პატრონი და პირდაპირ გვითხრან. ეს ის შემთხვევაა, რომ სუსის ხელმძღვანელი უკვე გადამდგარი უნდა იყოს. პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მედიით კი არ უნდა მკითხაობდეს რა მოხდა, მისი ვალდებულებაა, რომ ნდობის ჯგუფში ორივე ძალოვანი დაიბაროს და განმარტება მოსთხოვოს.

– რას ნიშნავს ე.წ. მწვანე ზოლის გადალახვა, ასეთი საშუალებით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ქვეყნის დატოვება და ამას საქართველოს მხარე ვერ აკონტროლებს? გომელაურის ეს განცხადება რას ნიშნავს?

– არაფერსაც არ ნიშნავს, ეს არის უბრალოდ სიტყვებით თამაში. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წარმოდგენა არა აქვს, ამ სიტუაციიდან როგორ გამოვიდეს და აბსურდს საუბრობს.

როდესაც ორი მთავარი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელები, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, როცა შეთანხმებულად უნდა მოქმედებდნენ, ნიშნავს რომ ერთმანეთთან არანაირი სახის კორდინაცია არა აქვთ და სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას ურთიერთბრალდებებით ცდილობენ.

– შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის მხოლოდ კაბინეტში არ ზის და ჟურნალისტის გატაცების საქმეზე, როგორც ვიდეო ჩანაწერები აქვს ნანახი, ასევე მოწმეები ჰყავს დაკითხული. როგორ ფიქრობთ, საზოგადოებას რა სახის ინფორმაცია უნდა ჰქონდეს უკვე იმისთვის, რომ ამ საქმეზე კითხვები არ იყოს?

– ამ საქმის ირგვლივ იმდენი რამ გახდა ცნობილი და ქართულმა სახელმწიფომ იმდენი ბრალდება მიიღო, რომ ფრაზა „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერაფერს ვერ ვამბობთ“, უკვე არაფრის მთქმელია. ამ ფრაზის უკან მინისტრის ამოფარება კიდევ ერთი უსუსურობის მაჩვენებელია.

ეს არის იმის მცდელობა, რომ ჟურნალისტის გატაცების უფრო ჭკვიანური ვერსია მოიფიქრონ. დაინახეს, რომ ამ ტყუილმა, კაცი გაგიჟდა და თავის ფეხით დაბრუნდა ციხეში ჩასაჯდომად, არავინ დაიჯერა, ახლა რაღაც სხვა ხომ უნდა მოიგონონ. ქართული მხარე თუ მართალია, მაშინ მას საზოგადოებისთვის ამის დასამტკიცებლად რაიმე სახის მტკიცებულება მაინც უნდა წარმოედგინა.

თუნდაც ჟურნალისტის იმ დღევანდელი გადაადგილების მარშრუტი, რომელიც ქალაქში განლაგებული ნებისმიერი ვიდეოკამერების სახით შეეძლო.

მწვანე ზოლის მერე წითელს იტყვიან და ასე გააგრძელებენ. აქ არაფერს სახელმწიფოებრივ საიდუმლოსთან არ გვაქვს საქმე, გარდა იმისა, რომ ჩვენმა სპეცსამსახურმა ეს ადამიანი უბრალოდ მოიტაცა და აზერბაიჯანის მხარეს გადასცა.

ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....