aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„მიმდინარე წელს, დედაქალაქის მასშტაბით, 600-მდე მისამართზე საგზაო სამუშაოები ჩატარდება“:რას გეგმავს მერია ზაფხულში

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

„მიმდინარე წელს, დედაქალაქის მასშტაბით, 600-მდე მისამართზე საგზაო სამუშაოები ჩატარდება,“ – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში წლიური ანგარიშის წარდგენისას  განაცხადა. მისი თქმით, საგზაო სამუშაოების პარალელურად, რამდენიმე ქუჩაზე  საკანალიზაციო ქსელი მოეწყობა.

 

როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, ზაფხულში კაპიტალურად შეკეთდება პეკინის ქუჩა- შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიგება ასფალტის ახალი საფარი. საგზაო სამუშაოები ჩატარდება ავლაბრის მეტროდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე, ირბახის, წურწუმიას,  ზურაბიშვილის,  ფეიქრების, მირიან მეფის, ფარნავაზ მეფის, პეკინის, ქიზიყის, გარეჯის, მონადირის, ამაღლების, ჭიჭინაძისა და ცაიშის ქუჩებზე, ასევე, თელავის ქუჩის ნაწილზე.

 

ასევე, კეთილმოეწყობა „ლაგუნა ვერესთან“ მდებარე გზა და გარდაბნის გზატკეცილი, სადაც საგზაო სამუშაოები უკვე  მიმდინარეობს.

 

დავით ნარმანიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ქუჩების  რეაბილიტაცია  ხარისხიანად განხორციელდეს, რათა ამ გზებზე გადაადგილება მოსახლეობისთვის კომფორტული და მოსახერხებელი იყოს.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოში ანგარიშის წარდგენისას,  2016 წელს დედაქალაქში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დეტალურად ისაუბრა. კერძოდ, დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა კრწანისი-შინდისისა და სამება-მახათას ახალ გზების, ესტაკადების, პანდუსებისა და ხიდების მშენებლობაზე.

 

როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, მიმდებარე ტერიტორიების დედაქალაქთან შემოერთების შემდეგ, საგრძნობლად დაიტვირთა სოლოლაკის ვიწრო ქუჩები. შესაბამისად, მოძრაობის განსატვირთად, საჭირო გახდა ახალი მიმართულება. დავით ნარმანიას თქმით, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელმა გზამ არსებული პრობლემა დღის წესრიგიდან თითქმის სრულად მოხსნა.

 

რაც შეეხება სამება-მახათას ორკილომეტრიან გზას, რომელიც  ავლაბარს მახათას დასახლებასთან აკავშირებს, თბილისის მერის თქმით, ეს მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ნარმანიას თქმით, აღნიშნულ გზაზე დაიგო ასფალტის საფარი, დამონტაჟდა კიუვეტები, ასევე, მოეწყო ტროტუარები, რამაც მოძრაობა საგრძნობლად განტვირთა.

 

„გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა კოჯორი-სამადლოს 6,4 კმ-იან მონაკვეთს, რომელიც   წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო.  აშენდა 3 საყრდენი კედელი, მოეწყო 16 სანიაღვრე მილი, წყალმიმღები ჭები და კიუვეტები. გზის ცალკეული მონაკვეთების გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, გაგანიერდა და დაიგო ასფალტის ახალი საფარი,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

თბილისის მერმა ესტაკადებისა და პანდუსების მშენებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გასულ წელს, ერთ-ერთი მთავარი პროექტი პუშკინის ესტაკადის მშენებლობა იყო, რამაც   მოძრაობა ორმხრივი გახდა და ქალაქის ცენტრალური ნაწილი საცობებისგან განიტვირთა.  მისივე თქმით,რეაბილიტაცია ჩაუტარდა მუხათგვერდის პანდუსსაც, რომელიც აღმაშენებლის ხეივნიდან გადასასვლელი გზაგამტარია.

შეგახსენებთ,  თბილისის მერი წარმომადგენლობით ორგანოში დღეს მეშვიდედ მივიდა. დავით ნარმანია მერად არჩევის შემდეგ ინიციატივით გამოვიდა, რომ თბილისის მერს ბიუჯეტი საკრებულოში ყოველწლიურად პირადად წარედგინა. დავით ნარმანია  დეპუტატების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხებს.

იტვირთბა....