aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეზვრიშვილი: “ოჯახური დანაშაულის შესახებ მომართვიანობა ბოლო 6 თვეში საგრძნობლად გაიზარდა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ნათია მეზვრიშვილმა ჩააატარა და ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების შესახებ ისაუბრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით  2018 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის 2804 ფაქტზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა – 1933 პირის მიმართ, რაც წინა წლის მთლიან მონაცემს უტოლდება. ოჯახური დანაშაულის ბრალდებით მიმდინარე წლის 6 თვეში დაკავებულია 1328 პირი.

რაც შეეხება შემაკავებელ ორდერებს, 2018 წლის 6 თვეში გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა (3292) ორჯერ აღემატება მთელი 2017 წლის მონაცემს. დაბალია შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის მაჩვენებელი, რაც მხოლოდ 7%-ს შეადგენს და ძირითადად “მიახლოების აკრძალვის” დარღვევაში გამოიხატება.

ამასთან უწყება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას ახორციელებს არამხოლოდ სისტემის გარეთ, არამედ თავად სისტემის შიგნითაც.

2018 წელს გენერალური ინსპექციის მიერ ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების საფუძველზე, დისციპლინური სახდელი დაეკისრა პოლიციის 10 მოსამსახურეს. კერძოდ, ოჯახურ დანაშაულზე არასათანადო რეაგირების გამო დისციპლინური სახდელი დაეკისრა პოლიციის 4, ხოლო ოჯახური ძალადობის ჩადენის გამო 6 თანამშრომელს, რომელთაგან 3 დათხოვნილი იქნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან.

“სამინისტროს შიგნით ძალადობის ეფექტიანი პრევენციისა და ძალადობის განმეორების რისკების თავიდან ასაცილებლად, ცვლილებები განხორციელდა მინისტრის ბრძანებაში, რომლის თანახმად, შემაკავებელი და დამცავი ორდერის გამოცემისთანავე პოლიციის თანამშრომელს ჩამოერთმევა სამსახურებრივი იარაღი” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ასევე დასრულდა მუშაობა რისკის შეფასების ინსტრუმენტსა და მონიტორინგის მექანიზმზე, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით 2018 წლის 01 სექტემბრიდან დაინერგება. რისკის შეფასების ინსტრუმენტი და მონიტორინგის მექანიზმი ადრეულ ეტაპზე ძალადობის პრევენციის, ძალადობის განმეორების საფრთხეების წინასწარ განჭვრეტის და განმეორებითი ძალადობის მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს.

მიმდინარე წლის ბოლომდე დაინერგება ელექტრონული სამაჯურები, რომლითაც მაღალი რისკის მატარებელი მოძალადეების ქცევის კონტროლი განხორციელდება.

იტვირთბა....