aviabiletebi
არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„მისტერ-მასტერი“: რას ჰპირდება მერობის კანდიდატი გიორგი გუგავა თბილისელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ლეიბორისტული პარტიის მერობის კანდიდატ გიორგი გუგავასთან

„მეტრონომი“ აგრძელებს წინასაარჩევნო პერიოდში, მერობის კანდიდატებთან გასაუბრებას. შევეცდებით, მაქსიმალურად თანაბრად წარმოვაჩინოთ დედაქალაქის მერობის კანდიდატები და საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თითოელ მათგანზე, მათ გეგმებზე და დაპირებებზე.

ამჯერად, ჩვენი სტუმარია მერობის „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატი გიორგი გუგავა. ის „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა შემდეგი სახით წარადგინა:

“ვინმე დაგჩაგრავთ? გუგავა მოვა, თქვენ არ დაგჭირდებათ მისვლა. ავად გახდებით? გუგავა მოვა, ბანკი მოვა გამოსასახლებლად? გუგავა მოვა. წყალი გასკდება, გუგავა მოვა. გზა გაითხრება, გუგავა მოვა. რამე გაჭირვება გექნებათ, გუგავა იქნება თქვენს გვერდით, თქვენ არ დაგჭირდებათ მისვლა, რიგში ჩადგომა, საშვის აღება, დაცვის კორდონების გადალახვა, ეს იქნება რეალობა.

ეს იქნება ის, რასაც ჩვენი ქალაქი ელოდება, ჩვენი ქალაქი ელოდება მზრუნველ მერს, ოჯახის წევრს, საკუთარ ძმას, საკუთარ მამას, მეგობარს, უბნელს. ასეთი იქნება და არის გიორგი გუგავა”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

გუგავას  განცხადებით, მერობის შემთხვევაში, ის ჩვეულებრივი მოქალაქე იქნება და ყველა თბილისელის პრობლემის მოსაგვარებლად პირადად ივლის. მერობის კანდიდატი ამბობს, რომ საკრებულოს და მერიის თანამშრომლებს სახელმწიფოს ხარჯზე ავტომობილები და დაცვა აღარ ეყოლება. ყველა სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს კი ხელფასები გაუორმაგდებათ.

გუგავა თბილისელებს ჰპირდება, რომ მისი მერად არჩევის შემთხვევაში კომპანია „სითი პარკი“ კომპესაციას აქეთ გადაიხდის და მას ხელშეკრულება ავტომატურ რეჟიმში შეუწყდება, რადგანაც მათთან დადებული ხელშეკრულება საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

„მეტრონომი“: რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები ქალაქში, რომლის მოგვარებასაც თქვენი მერად გახდომის შემთხვევაში პირველ რიგში მოაგვარებთ?

გიორგი გუგავა:დღეს, თბილისის მთავარი პრობლემა პოლიტიკაა და პოლიტიკოსების ნება, რომლებიც ქალაქში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს. ეს ქალაქი ოლიგარქებს და ბანკირებს ხელში აქვთ ჩაგდებული. მათთვის თბილისი მხოლოდ და მხოლოდ ფულის შოვნის ადგილს წარმოადგენს. ქარვასლები აქთ გახსნილი, სადაც ქალაქის მიწებით ვაჭრობენ. თბილისის მოსახლეობის პირველ პრობლემას უმუშევრობა წარმოადგენს.

ეს არის ასევე ინფრასტრუქტურული პრობლემები, როდესაც ქალაქი ბეტონის მონსტრების ადგილად აქციეს. ეს ყველაფერი კი ამ თანამედროვე „ფეოდალთა“ ნამოქმედარია. ამ ქალაქის და მოსახლეობის პრობლემა გადასახადებზე დაწესებული მაღალი ტარიფებია. მოსახლეობას გაზზე, ელექტროენენრგიაზე და წყალზე დაწესებული მაღალი ფასებით, ტყავს აძრობენ. ვხედავთ, რომ ყოველ წელს ტარიფს გვიზრდიან.

ამ ყველაფრის მთავრი შემოქმედი კი კახი კალაძეა, რომელიც ქალაქის მერობას აპირებს. მისი ჰესების წარმომადგენლებმა კი სემეკში ტარიფის ზრდაზე განცხადება შეიტანეს. მეორეს მხრივ კი მოსახლეობას ურცხვად და უსინდისოდ ატყუებს, რომ ქალაქს სიცოცხლის უნარიანად აქცევს და მის მოსახლეობას კეთილდღეობას პირდებოდა. ამიტომ ეს პრობლემები გლობალურია და მისი მოგვარება შუძლებელი იქნება, თუ სოციალური პრობლემების მოგვარება არ მოხდება.

-აპირებთ თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებას. პრობლემა, რომელიც დედაქალაქს ძალიან აწუხებს. ამ კუთხით რა გეგმები გაქვთ?

-რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, ამ ხელისუფლებისაც და წინა ხელისუფლების დროსაც, ბიუჯეტიდან თანხები არამიზნობრივად იქნა გახარჯული. მეტსაც გეტყვით, უცხო ქვეყნის დონორებისგან ავიღეთ საფინანსო ცენტრებისგან სესხები, რომელიც ბუნებრივია კორუფციული მაქინაციებით იქნა ათვისებული.

დედაქალაქს სასწრაფოდ სატრანსპორტო ავტოპარკის განახლება სჭირდება. ე.წ. მიკროავტობუსები, დედაქალაქის მმართველობას უნდა დაუბრუნდეს. არ შეიძლება, რომ ის კერძო კომპანიის ხელში იყოს. ასევე დედაქალაქს წყლის მომარაგების მეურნეობა, რომელიც გაურკვეველი მიზეზების გამო, ბანკის ხელში აღმოჩნდა. მალე ალბათ ტარიფის გადახდა პროცენტებით და კრედიტებით მოგვიწევს. ამავე დროს ყურადრებას არავინ აქცევს, სატრანსპორტო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. ჩინოვნიკების მაგივრად, ავტობუსის და მეტროს თანამშრომლებს ხელფასები უნდა გავუზარდოთ.

მერის პირველიგადაწყვეტილება უნდა იყოს, რომ მან საკრებულოში და მერიაში დაცვა  მოხსნას. რას ნიშნავს თვითმმართველი ქალაქები. მას მოსახლეობა იმიტომ ირჩევს, რომ ყველა პრობლემის მომგვარებელი ის იყოს. ამისთვის მოსახლეობას მათთან შესასვლელად არანაირი დაცვის ჯებირიები არ სჭირდება. ამავე დროს, ყველა პერსონალური ავტომობილი უნდა გაიყიდოს.

გამგებელს, მერს, სამსახურის უფროსებს, არანირი პერსონალური მანქანები არ სჭირდებათ. იმხელა სარგოები აქვთ, რომ გადაადგიილებაზე თავად მაინც იზრუნონ. ახლა მაგათი მანქანების ფულიცთბილისელებმა უნდა იხადონ?! ეს გამოთავისუფლებული ხარჯები, ქალაქის ავტოპარკის განახლებას მოვახმაროთ.

საკრებულოს და მის თავმჯდომარეს თვეში რვაასი ლიტრი ბენზინი ეძლევათ, სად დადიან, დედამიწას უვლიან? რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩინოვნიკების ფუფუნებისთვის არის გამიზნული. ისინი თანამდებობებზე მსახურებად კი არა ბატონებად მოდიან. ამიტომ ეს რესურსები ხალხზე უნდა გადანაწილდეს. ბაღის და სკოლის მასაწვლებლებს ხელფასები გავუზარდოთ. სირცხვილია, როდესაც საბავშვო ბაღის მასწავლებლებს 350 ლარი ხელფასი აქვს.

მონატორიუმს გამოვაცხადებ ხის მოჭრასთან დაკავშირებით. ქალაქში ეკოლოგიური თვალსაზრისით კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს. ქალაქში სუნთქვა უკვე შეუძლებელია. ადამიანებს სასიცოცხლო სივრცეები აღარ აქვთ.

-გარემოვაჭრეების პრობლემების გადაწყვეტას როგორ აპირებთ?

-გარემოვაჭრეები უნდა არსებობდნენ ცივილური ფორმით და არა ისე, როგორც ახლა არსებობს. გარევაჭრობა არ უნდა არსებობდეს ანტისანიტარიის პირობებში და ასევე იმ ადგილებში, სადაც ქალაქში მოძრაობა შეფერხდება. ეს არის გლობალური პრობლემა და უმუშევრობასთან არის დაკავშირებული. ამ ადამიანებს ალტერნატივა, რომ ჰქონდეთ არ მგონია მთელი დღე მზეში და სიცხეში დგომა სურდეთ.

მათ ბაზრობაზე ახალი სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ და დასაწყისში გადასახადები მოვუხსნათ.  ეს ყველაფერი ცივილური ფორმით უნდა მოხდეს, რომ მათი ინტერესები არ დაზარალდეს. მათ სამწუხაროდ, ბრძოლა არსებობასთან დაკავშირებით უწევთ.

-რას იტყვით „სითი პარკთან“ დაკავშირებით, როგორ აპირებთ ამ კომპანიასთან ურთიერთობას? ყველა თქვენი ოპონენტი თბილისელებისთვის ამ კომპანიის თავიდან მოშორებას პირდება…

-„სითი პარკთან“ დადებული ხელშეკრულება ანტიკონსტიტუციურია. საქართველოს კანონის მიხედვით, საჯარო ადამინისტრაციულ საქმიანობას, ხელისუფლება უნდა ეწეოდეს. ის არ შეიძლება სხვას გადაეცეს. დაუშვებელია, კერძო ფირმა აჯარიმებდეს მოქალაქეებს და საკუთრებას ართმევდეს. საჯარო ხელისუფლების ფუნქციებს ასრულებდეს.

ეს უპრეცედენტო კანონდარღვევა და ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულება. ამიტომ ამ კომპანიას ხელშეკრულება ავტომატურად შეუწყდება. ამ კომპანიას აქეთ ვუჩივლებ და კომპესაციას აქეთ მოვატანინებ. ამ ხალხს მთავრობაში მფარველები რომ არ ჰყავდეს, ასე თავზე როგორ დაგვაჯდებოდა?  ამ კომპანიის დანახარჯი მხოლოდ და მხოლოდ საღებავია, რომელიც სადგომების მოსახაზად დახარჯეს. ხელისუფლებაში არიან ჩინოვნიკები, რომლებიც კომპანიისგან  „სტავკას“ იღებენ.

-თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, რომ კახი კალაძის წინააღმდეგ ერთიანი კანდიდატის გარშემო გაერთიანდეს, რას იზამს „ლეიბორისტული პარტია“. მეორე ტურის შემთხვევაში ვის დაუჭერთ მხარს?

-ოპოზიციაში ძალიან ბევრი პარტიაა, რომელიც ხელისუფლების თამაშს თამაშობს. ბევრ მათგანს აქეთ ფულს უხდიან, რომ ოპოზიციაში იყვნენ. ამიტომ, მთლად ნუ დაიჯერებთ ნურაფერს. ახლა ბრძოლა მიმდინარეობს არა მერობისთვის, არამედ მდიდარ და ღარიბ ფენას შორის. მხოლოდ ორი დაპირისპირებული ჯგუფია. ამ არჩევნებზე ჩვენი პარტია გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

 

 

 

 

 

იტვირთბა....