aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: როცა პრეზიდენტის წარმომადგენელი ასეთ რაღაცას ამბობს, ეს უფრო მეტია, ვიდრე შემაშფოთებელი

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც პრეზიდენტის ვეტოს საკითხი იყო განხილული,პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს მოქმედი “ძალიან დაუხვეწავი დოკუმენტი, ძალიან დახვეწილი კონსტიტუციით შეიცვალა”.

“როგორც ვენეციის კომისიამ აღნიშნა, ძალიან დახვეწილი, ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის სისტემა ყალიბდება, რაც დიდი მიღწევა და ისტორიული გადაწყვეტილებაა. ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირება პირნათლად შევასრულეთ და დახვეწილ კონსტიტუციას ვტოვებთ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს”, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, როგორც კი, ვეტოდაძლეულ კონსტიტიციურ პროექტს ხელი მოეწერება, იმ საკითხების ინიცირება მოხდება, რომელიც ე.წ. ბონუსს სისტემას და ბლოკების ერთჯერადად დაშვებას ეხება.

კობახიძე ასევე პრეზიდენტის წარმომადგენლების განცხადებებსაც გამოეხმაურა და მათ “რადიკალური ოპოზიცია” უწოდა.

“როცა პრეზიდენტის წარმომადგენელი ასეთ რაღაცას ამბობს, ანუ, იმ თანამდებობის პირის წარმომადგენელი, რომელიც ქვეყნის გამაერთიანებელი უნდა იყოს, ეს უფრო მეტია, ვიდრე შემაშფოთებელი. დიდი ხანია, ასეთ განცხადებებს ვისმენთ და ეს არის არა მხოლოდ ოპოზიციონერის განცხადება, არამედ რადიკალი ოპოზიციონერის განცხადება. პრეზიდენტის წარმომადგენელი ასე არ უნდა საუბრობდეს. თუ დოკუმენტს ხელს პრეზიდენტი არ მოაწერს, ამ შემთხვევაში დოკუმენტის ხელმოწერაზე პასუხისმგებელი პარლამენტის თავმჯდომარეა”, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის წარმომადგენელმა, გიორგი აბაშიშვილმა, ვეტოს დაძლევა კრიტიკულად შეაფასა:
“სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერაფრით ვერ გაიგო, რომ დემოკრატია ნიშნავს დიალოგს, შეთანხმებას და არა ხელის გადაგრეხვას. ძალიან ცუდია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ ისწავლა წინა ხელისუფლებისგან, რომელმაც ასევე ერთპარტიული კონსტიტუცია მიიღო. როგორ დაამთავრა წინa ხელისუფლებამ, მე ვფიქრობ, ეს კადრები მაინც ხელისუფლებას აქვს”, – განცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას კენჭი უყარა. 110 ხმა ვეტოს მიღების წინააღმდეგი იყო, ხოლო 8 – მომხრე. შესაბამისად, პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია.

იტვირთბა....