aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“თავისუფალი დემოკრატები” მუხთარლის  საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

“თავისუფალი დემოკრატები”  აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის  საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

”საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს, თბილისში, თავისი საცხოვრებელი სახლისაკენ მიმავალი გაუჩინარდა, რის შემდეგაც აზერბაიჯანში, ადგილობრივ სამართალდამცველთა ხელში აღმოჩნდა.

7 თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მოცემულ ფაქტზე ობიექტური და ეფექტური გამოძიების ჩატარება, რათა პასუხი გასცემოდა ლოგიკურ შეკითხვებს: როგორ აღმოჩნდა თბილისში გაუჩინარებული ჟურნალისტი აზერბაიჯანელი სამართალდამცველების ხელში? აფგან მუხთარლიმ საკუთარი ნებით, კონტრაბანდულ ტვირთთან ერთად, უკანონოდ გადაკვეთა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი თუ ის გაიტაცეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს აზერბაიჯანში და იქ ადგილობრივ სამართალდამცველებს გადასცეს? ასეთ შემთხვევაში – ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული?

მოცემულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ თავად საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში საფუძვლიანი ეჭვი გააჩინა, რომ გამოძიება აყალბებს მტკიცებულებებს, რათა სიმართლე დაფაროს.

ჟურნალისტის მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, მუხთარლიმ დაადასტურა, რომ საზღვარზე ის ქართველებმა გადაიყვანეს.
გუშინ, აზერბაიჯანის სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მუხთარლი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, კონტრაბანდასა და ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის წინააღმდეგობის გაწევაში.
რასთან გვაქვს საქმე? რა საშიშროების წინაშე აყენებს საქართველოს იმიჯს და საერთაშორისო ავტორიტეტს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოცემული საქმის მიმართ თავისი უდიერი თუ დანაშულებრივი დამოკიდებულებით?

როგორც განაჩენიდან ირკვევა, მუხთარლის მიმართ აზერბაიჯანის ხელისუფლებას სხვა პრეტენზია არ ჰქონია გარდა იმისა, რომ 2017 წლის 29 მაისს თბილისში გაუჩინარების შემდეგ, მას, კონტრაბანდულ ტვირთთან ერთად, უკანონოდ გადაუკვეთავს აზერბაიჯანის საზღვარი, რა დროსაც წინააღმდეგობა გაუწევია ადგილობრივი სამართალდამცველებისათვის.

აღნიშნულ ბრალდებებში გამამტყუნებელი განაჩენი აფგან მუხთარლის მიმართ ყოველთვის მოკლებული იქნება დასაბუთებას, ვიდრე საქართველოში ჩატარებული გამოძიებით სარწმუნოდ არ დადგინდება თბილისში მისი მოულოდნელი გაუჩინარებისა და შემდეგ აზერბაიჯანში აღმოჩენის გარემოებები.
ასეთი გამოძიების უზრუნველყოფა საქართველოს ხელისუფლების პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს.

წინააღმდეგ შემთხვევაში საბოლოო ლეგიტიმაციას შეიძენს პოზიცია, რომ აფგან მუხთარლი საქართველოში გაიტაცეს და ის გადასცეს აზერბაიჯანელ სამართალდამცველებს; ხოლო მის წინააღმდეგ ჩადენილ ამ დანაშულში საქართველოს ხელისუფლება ან თავად მონაწილეობდა და შეგნებულად აყალბებს გამოძიებას, რათა დანაშულში არ იქნას მხილებული, ან საქართველოს ისეთი უსუსური ხელისუფლება ჰყავს, რომ ასე ადვილად შეიძლება ჩვენი დედაქალაქიდან ადამიანის მოტაცება და საქართველოს საზღვარზე მისი უკანონოდ გადაყვანა, ხოლო ჩვენს ხელისუფლებას ასეთი ფაქტის არათუ პრევენციის და არდაშვების, არამედ მისი ეფექტურად გამოძიების უნარიც კი არ გააჩნია.

ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ზიანდება საქართველოს იმიჯი და საერთაშორისო ავტორიტეტი.

აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მიმართ სერიოზული შეკითხვები უკვე გამოთქვა საერთაშორისო საზოგადოებამ.
სიტუაციას მორალურად კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ჟურნალისტი ჩვენს ქვეყანაში არა უბრალოდ სტუმრად იმყოფებოდა, არამედ ის აქ უსაფრთხო თავშესაფარს ეძებდა და ცხოვრების უფლებას ითხოვდა, ჩვენ კი მას ასე მოვექეცით.

ამგვარად, „თავისუფალი დემოკრატები“ სოლიდარობას ვუცხადებთ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის და მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისაგან, რათა თბილისიდან მისი გაუჩინარების ფაქტზე, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში, უზრუნველყოს ობიექტური და ეფექტური გამოძიების ჩატარება და გამოძიების სარწმუნო შედეგები გააცნოს ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას.

წინააღმდეგ შემთხვევაში, აფგან მუხთარლის მიმართ დანაშულის ჩადენაში და საერთაშორისო სამართლით აღიარებული ადამიანის უფლებების დარღვევაში პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ვაკისრებთ”,- ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....