“მინდა დავით ნარმანიას დიდი მადლობა გადავუხადო მის მიერ გაწეული სამუშაოსთვის”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. პრემიერმა მას თბილისის მერობის პერიოდში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც კვირიკაშვილმა ნარმანიას სამწლიანი ანგარიშის პრეზენტაციისას განუცხადა, დავით ნარმანიამ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა.
“მინდა დავით ნარმანიას დიდი მადლობა გადავუხადო მის მიერ გაწეული სამუშაოსთვის. ამ წლების განმავლობაში ზედმეტი ხმაურის გარეშე, ძალიან დიდი ოპოზიციური წნეხის ქვეშ იგი ასრულებდა ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს. დღეს მან ძალიან შთამბეჭდავი პრეზენტაცია წარმოადგინა, თუ რა გაკეთდა ჩვენს დედაქალაქში. ნამდვილად ბევრი აქვს საამაყო. განხორციელდა უამრავი პროექტი, მაგალითად, “ახალი ტფილისის” პროექტი, რომლის ფარგლებშიც 51 შე ნობა არა მხოლოდ ფასადურად, არამედ მთლიანად გარემონტდა; აშენდა სრულიად ახალი გზები; რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმე გამზირს; დახურული საბავშვო ბაღების ნაცვლად გაიხსნა ახალი ბაღები და ა.შ. მინდა მადლობა გადავუხადო დავით ნარმანიას და ვუსურვო მომავალ საქმიანობაში ბევრი წარმატება. ველოდებით ყველა, რომ კახა კალაძის მერობა იქნება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი თბილისისთვის. ყველაზე მეტად კახის წარმატება დარწმუნებული ვარ, რომ დავითს გაუხარდება”,- განაცხადა კვირიკაშვილმა.
ახლადარჩეული თბილისი მერი კახი კალაძე სამუშაოს ორშაბათიდან შეუდგება.