aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

გურამ დონაძე „მეტრონომთან“: ბაშალეიშვილის დღევანდელი ჩვენებით, მტკიცებულებათა ფალსიფიცირებას ხელი გამომძიებელმა შეუწყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, მსჯავრდებულ პატრულ-ინსპექტორის გიორგი ბაშალეიშვილის შეცვლილი ჩვენება „მეტრონომთან“ ერთ-ერთმა ბრალდებულმა გურამ დონაძემ შეაფასა.

გიორგი ბაშალეიშვილმა დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ პატაკში არასწორი ინფორმაცია დაწერა, თითქოს სროლა იყო ორმხრივი. მან განაცხადა, რომ ჩხრეკისას დაკავებულებისთვის იარაღი არ აღმოუჩენია. იარაღის გავარდნიდან რაღაც დროის შემდეგ კი შემთხვევის ადგილზე იარაღი დაინახა.

გურამ დონაძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ ბაშალეიშვილს ჩვენება სულ 5-ჯერ აქვს მიცემული, დღეს კი მან მნიშვნელოვანი ფრაზა თქვა, როცა აღნიშნა, რომ მისი ინიციატივით მოიტყუა და ეს მისთვის არავის დაუვალებია. დონაძე ამბობს, რომ ბაშალეიშვილმა ფაქტობრივად დღევანდელი ჩვენებით თქვა, რომ მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია მაშინდელმა გამომძიებელმა შალვა ნიქაბაძემ მოახდინა.

„გამოდის, რომ გამოძიება თავიდანვე მან შეიყვანა შეცდომაში – ვთქვი, რომ გასროლა ორმხრივი მოხდაო და მე საპასუხოდ ვესროლეო. პირდაპირ დაადასტურა, რომ ეს იყო მისი ინიციატივა და არავისი სხვისი. გამოძიება ამიტომ შევიდა ჩიხში. ჩვენება გადათქვა და მიესაჯა, როცა აღიარა სიმართლე, რომ შემთხვევით გაუვარდა, მერე მიესაჯა 4 თვით პატიმრობის აღკვეთა და მოიხადა სასჯელი. დღეს გაირკვა, რომ თუ მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია ვინმემ მოახდინა, ეს არის მაშინდელი გამომძიებელი შალვა ნიქაბაძე, რომელიც დღეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული არ არის.
ამის გარდა შალვა ნიქაბაძეს პროკურატურის მიერ მეხუთე წელია ორი უმძიმესი მუხლი აქვს წარდგენილი და რადგან პროკურატურის მოწმეა, მათ სასარგებლოდ ალაპარაკებენ იმას რასაც უნდათ. იცით რა მუხლი აქვს შალვა ნიქაბაძეს წარდგენილი? უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სხვისი ნივთის მითვისება-გასხვისება-იძულება და ეს სადღაც 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რა ქნა იცით შალვა ნიქაბაძემ? რობაქიძის საქმეში ჩადებული მტკიცებულება იარაღები, შეფუთული, გამოიღო სეიფიდან და საკუთარ ძმაკაცზე კახეთში გააჩუქა და მიიყვანა იარაღის მფლობელი, ვისი სახლიდანაც ის იარაღი მოპარული იყო(2002 წელს) და იმ ოჯახის წევრს დააწერინა იძულებით, რომ ვითომ მისი ნებით გააჩუქა ეს იარაღი. რამხელა სიყალბე ჩაიდინა ნიქაბაძემ ნახეთ?”- აღნიშნა დონაძემ.

მისი თქმით, გამომძიებელი იყო მაშინ შალვა ნიქაბაძე და ამ ჩვენებით გამოდის, რომ მტკიცებულებათა ფალსიფიცირებას ხელი შეუწყო მან.

2014 წლის 8 დეკემბერს კი ყოფილი გამომძიებელი შალვა ნიქაბაძე გაზეთ „კვირის პალიტრაში“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ იმ ღამეს ყველა გურამ დონაძის ბრძანებას ასრულებდა.

„შინ მიმავალი შევესწარი ამ ამბავს. ბუტა რობაქიძე უკვე გარდაცვლილი იყო. ერთი „კალაშნიკოვის” ავტომატი იდო გარდაცვლილთან, მეორე – ავტომანქანაში (რომელიც ამოიღეს წინა სავარძლის ქვემოდან), დანარჩენი დაკავებული ბიჭების მანქანის საბარგულში ეწყო დოლურიანი „კოლტი”, 2 ცალი ხელყუმბარა და 330 ავტომატის ტყვია. ზურაბ მიქაძით დაწყებული, რიგითი საპატრულო პოლიციელით დამთავრებული, ყველა გურამ დონაძის ბრძანებას ასრულებდა. შემთხვევის ადგილზე გავიგე, რომ შეიარაღებულ წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია და რომ ინსპექტორ ბაშალეიშვილს ტყვია გაუვარდა. ყველაფერი გავაკეთე, რომ ის უდანაშაულო ბავშვები გარეთ გამომეყვანა, ტყუილად ისხდნენ ციხეში. არც ერთი არ იყო წარსულში ნასამართლევი”, – აცხადებს პროკურატურის ყოფილი გამომძიებელი შალვა ნიქაბაძე.

გურამ დონაძე „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ დღევანდელ მოწმეს არ უხსენებია არც გურამ დონაძე, არც ზურაბ მიქაძე.

„მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ ზუსტად 10-ჯერ კითხა(ჩვენი გვარების გაჟღერება უნდოდა პროკურატურას), მაგრამ ვერ მიიღო პასუხი და ამაზე გაბრაზდა სოსო რობაქიძე რომ წამოუხტა და უთხრა ყელს გამოგჭრიო.

ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჩხრეკების დროს ამოიღეს იარაღი. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მანქანაში იდო, საბარგულში იარაღი და მერე აღმოაჩინა პატრულმა. ბაშალეიშვილი ამბობს, რომ მე ცუდად გავხდი, როცა გამივარდა, მოვკალი და 40 წუთის მერე ვნახე იარაღებიო. ამას მნიშვნელობა არ აქვს როდის ნახა იარაღი, მთავარია, მან თქვა, რომ იარაღები მერე ნახა. პირადად რომ გაჩხრიკა, არსად არ არის დაფიქსირებული, მითია. რა ჩხრეკა, როცა მან აზარეაშვილი გადაათრია მანქანიდან და აწვენდა, ქურთუკში რომ წაავლო ხელი, მაშინ გაუვარდა. ნეტა ჩხრეკა ჩაეტარებინა, იარაღი კი აღარ გაუვარდებოდა“- აღნიშნა დონაძემ.

მისი თქმით, როცა ის შემთხვევის ადგილზე მივიდა დაინახა გარდაცვლილი ადამიანი და იარაღები, რომელიც ასფალტსა და მანქანის საბარგულზე იყო დალაგებული, ხოლო პატრულის თანამშრომლები კი მათ ხელში იღებდნენ და ადგილებს უცვლიდნენ.

„მთავარი მანდ ის არის, რომ საპატრულოს თანამშრომლები იარაღს ხელში იღებენ და ადგილს უცვლიან, რისთვისაც ხელი არ უნდა მოეკიდათ“- ამბობს გურამ დონაძე.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის განხილვას ხმაური მოჰყვა. მოწმემ, პატრულის ყოფილმა თანამშრომელმა გიორგი ბაშალეიშვილმა ვერ გაიხსენა, თუ ვისგან მიიღო მითითება, რომ პატაკში ორმხრივი სროლის შესახებ ჩაეწერა. ამ განცხადებამ გამოიწვია გარდაცვლილი რობაქიძის მამის აღშფოთება. სოსო რობაქიძემ მოწმეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მოსამართლემ რობაქიძის მამას სასამართლო დარბაზი დაატოვებინა.
მოწმემ ბაშალეიშვილმა განაცხადა, რომ პატაკში არასწორი ინფორმაცია დაწერა, თითქოს სროლა იყო ორმხრივი. სწორედ ამ ჩვენებას მოჰყვა ხმაური.
ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულები არიან ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზურაბ მიქაძე, დავით იაშვილი და ძებნილი ზაზა ბაქრაძე. კიდევ ერთი ბრალდებული ალექსანდრე გვაზავა გარდაიცვალა. ცალკე წარმოებად გამოიყო მაიზერ ლიპარტელიანის საქმე, რომელმაც სხვადასხვა დროს გამოძიებას ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება მისცა.
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესები მეხუთე წელია მიმდინარეობს. პროკურატურამ ბრალი 5 პირს: გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზაზა ბაქრაძეს, დავით იაშვილსა და ზურა მიქაძეს წაუყენა.

იტვირთბა....