aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

„აფხაზეთში შეიძლება პირადი დაცვის გარეშე ჩავიდე“

aviabiletebi
ავიაბილეთები

„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან

პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ვიზიტისთვის ემზადება. ბურჯანაძემ „მეტრონომთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ვიზიტის გეგმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის აპირებს როგორც ე.წ. ხელისუფლებასთან, ასევე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას.

„მეტრონომის“ კითხვაზე, როგორ აპირებს ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე უსაფრთხოდ შესვლას და რა ფორმით იქნება რუსეთი ჩართული მისი ვიზიტის დროს, ბურჯანაძე ამბობს, რომ ამ ყველაფრის ორგანიზება ჯერ არ მომხდარა.

ბურჯანაძის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზიტისას მას არანაირი უსაფრთხოების გარანტიები არ სჭირდება და დარწმუნებულია, რომ სტუმრად ჩასულ ქართველ ქალს, იქ პრობლემებს არავინ შეუქმნის.

პოლიტიკოსი „მეტრონომთან“ პუტინის აფხაზეთში ვიზიტზე და ნატოს ჯარის საქართველოში წვრთნებზე საუბრობს. მისი აზრით, პუტინის აფხაზეთში ვიზიტი საკმაოდ ნეგატიური ფაქტია და ამის პროვოცირება თავად საქართველოს ხელისუფლებამ მოახდინა.

„მეტრონომი“: რატომ გადაწყვიტეთ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში წასვლა. რა არის ის გზავნილი რაზეც ადგილობრივებთან საუბარს აპირებთ და რატომ ფიქრობთ, რომ ქართველ პოლიტიკოსს მოუსმენენ?

ნინო ბურჯანაძე: იმისთვის რომ ქართველ პოლიტიკოსს დაელაპარაკონ ადგილობრივი მცხოვრებლები, არ ვფიქრობ რომ ანტირუსული განწყობები უნდა არსებობდეს. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ჩასვლის სურვილი ყოველთვის მქონდა. ეს უბრალოდ ახლა გახმაურდა. ყოველთვის მიმაჩნია, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებთან პირდაპირ საუბარია აუცილებელი.

მართალია ახლა არსებული ვითარება ცუდ ფონს ქმნის ასეთი შეხვედრებისთვის. ნატოს წვრთნები და მუდმივი საუბარი ნატოში გაწევრიანების შესახებ სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს, მაგრამ მაინც ვეცდები, რომ ასეთი შეხვედრები შედგეს.

არის თუ არა აფხაზეთის და ოსეთის მოსახლეობა და ე.წ. ხელისუფლება ამისთვის მზად?! რა თქმა უნდა, არ არის და ასეთ შეხვედრებს ჯერ მომზადება სჭირდება. არასდროს არ მქონია იმის ილუზია, რომ პირველივე ჩემს ნათქვამზე, იქ ვინმე დროშებით და ორკესტრით დამხვდება. თავისთავად ცხადია, რომ ამ საკითხზე სერიოზული მუშაობაა საჭირო.

– თქვენ ახსენეთ მომზადება. ვისთან აპირებთ ამ საკითხზე მოლაპარაკებებს, თქვენსა და ე.წ. ხელისუფლებებს შორის იქნება თუ არა რუსეთი შუამავალი. ანუ უსაფრთხოების საკითხი როგორ იქნება, ვინ მოგცემთ თქვენ ამის გარანტიას?

– არ მაქვს არანაირი უსაფრთხოების პრობლემა. არასდროს არავისგან არ ვითხოვდი გარანტიებს, როდესაც ცხინვალის რეგიონში ჩავდიოდი. თუ ასეთი შეთანხმება მოხდება, რომ მე იქ ჩასვლას შევძლებ, გარწმუნებთ, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს არანირი უსაფრთხოების გარანტიები არ დამჭირდება.

აფხაზეთში შეიძლება პირადი დაცვის გარეშე ჩავიდე. ამ ადამიანებს ვენდობი და აბსოლუტურად ვარ იმაში დარწმუნებული, რომ სამშვიდობო მისიით ჩასულ ადამიანს, ქართველ ქალს, არცერთ შემთხვევაში არანაირ პრობლემებს არ შეუქმნიან.

რაც შეეხება რუსეთის ხელისუფლების ჩართულობას ამ პროცესში, შევეცდები, რომ მათაც მიიღონ მონაწილეობა, რადგან მათი მხრიდან მოლაპარკებების ხელის შეწყობა საკმაოდ პოზიტიურია და იმის წინაპირობას შექმნის, რომ შედეგიანად დასრულდეს. აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთთან მოლაპარაკების გარეშე, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დაბრუნება შეუძლებელია.

– თქვენს ინიციატივას პირველი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერი პეტრე გასიევი გამოეხმაურა. მისი თქმით, თქვენი სამხრეთ ოსეთში ვიზიტი შეუძლებელია, რადგანაც ოსი ხალხისთვის საქართველოს ნაციონალიზმისა და ფაშიზმის სიმბოლო ხართ. ის იხსენებს თქვენს ხელისუფელბაში ყოფნის დროს გაკეთებულ განცხადებას, სადაც ამბობთ, რომ როდესაც ქართველები სამხრეთ ოსეთის ასაღებად წავლენ, თქვენი შვილები პირველ რიგებში იქნებიან. რას იტყვით ამაზე…

– არ ვიცი ზუსტად მან რა ციტირება გააკეთა, შესაძლოა პეტრე გასიევმა ჩემი ნათქვამი არასწორად გაიგო. მე არ მისაუბრია არც სამხრეთ ოსეთის და არც აფხაზეთის აღებაზე. თუმცა, ასეთი ფრაზა ნათქვამი ნამდვილად მაქვს. თუ ომი იქნება, ჩემს შვილებს ტახტის ქვეშ არ დავმალავ. ამის თქმის ნამდვილად არ მრცხვენია.

ზუსტად ამიტომაც იყო, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ძმათა მკვლელი ომი არ მომხდარიყო. სანამ მე ხელისუფლებაში ვიყავი, ფართომასშტაბიანი ომი არც მომხდარა. ახლაც შემიძლია იგივე გავიმეორო. თუ საქართველოში საომარი მოქმედებები იქნება, ეს როგორც ჩემს შვილებს, ასევე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ ხელისუფლებების წევრებსაც შეეხებათ.

სწორედ ეს არ მინდა, რომ მოხდეს და ჩემი ნათქვამი არ მგონია, რომ საძრახი იყოს. მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რათა არც ჩემი და არც სხვისი შვილები, ასეთ ძმათა მკვლელ ომში არ იღუპებოდნენ. რაც შეეხება სკეპტიკურ განწყობას, საუბრის დასაწყისში უკვე მოგახსენეთ, არ მქონდა იმედი, რომ ჩემს ინიციატივას მაშინვე დიდი სიხარულით შეხვდებოდნენ. ამას იმ ყინულის გალღვობა სჭირდება, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს ურთიერთობებში დიდი ხანია არსებობს.

– თუ შეგიძლიათ კონკრეტული დრო ან ვადა გვითხრათ, როდისთვის აპირებთ, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ჩასვლას?

– ძალიან რთულია ახლა რაიმე ვადებზე წინასწარ საუბარი. ერთი კვირის წინ მომხდარმა მოვლენებმა ნეგატიური ფონი შექმნა და ამას ძალიან სწორი დროის შერჩევა სჭირდება. ვგულისხმობ ნატოს წრთვნებს და მაიკლ პენსის სტუმრობას საქართველოში.

– სანამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთში ჩავიდოდა, თქვენ იმედს იტოვებდით, რომ ეს ვიზიტი არ განხორციელდებოდა. თქვით, რომ ამ ვიზიტით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი კიდევ უფრო გაურკვეველი გახდებოდა. ვნახეთ, ეს შეხვედრა შედგა. როგორ შეაფასებთ ამ ვიზტს და რას ფიქრობთ უკავშირდება თუ არა ეს ნატოს წვრთნებს საქართველოში?

– რა თქმა უნდა, რომ პუტინის აფხაზეთში ვიზიტი პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ ნატოს ტანკებს რუსეთის ბაზების ცხვირწინ დავარბენინებდით. იმედი მქონდა, რომ ეს ვიზიტი არ შედგებოდა, რადგანაც ძალიან კარგად ვიცი, რამდენად ნეგატიური იქნება ამ ვიზიტის შედეგები. ასი პროცენტით ეს ჩვენი ხელისუფლების ბრალია, რადგანაც პირდაპირ ვაიძულეთ პუტინი, რომ ხაჯინბას შეხვედროდა.

ვერცერთ შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლება რეაგირების გარეშე ვერ დატოვებდა იმ პროვოკაციას, რომელსაც ამ ვითომ საჩვენებელი წრთვნების მეშვეობით მოხდა. ეს არ იყო წრთვნები, ეს იყო საჩვენებელი პროვოკაცია, რომელიც არა საქართველოს, არამედ ამერიკის ინტერესებს ემსახურებოდა.

რუსები რომ გაბრაზდნენ ახლა და ტანკებით დაიძრან საქართველოსკენ, მერე რა უნდა ვქნათ? უტვინო, უპასუხისმგებლო და ამერიკის მონებად ქცეული ხელისუფლება გვყავს, რომელთა ყველა მოქმედება მხოლოდ მათ ინტერესებს ემსახურება.

პუტინმა პირდაპირ გასცა პენსს პასუხი და თქვა, რომ აფხაზეთში არის ბაზა, რომელიც კავკასიაში მშვიდობის გარანტია. გაიყვანოს ახლა პენსმა ეს ჯარი შეუძლია? გაიყვანოს ამერიკამ რუსეთის სამხედრო ბაზა თუ ასეთი მარჯვეები არიან.

– 2012 წლიდან საქართველოსთვის ე.წ. ბორდერიზაცია და მცოცავი ოკუპაცია ყოველ დღე, სულ უფრო პრობლემური ხდება. როგორ ფიქრობთ ამ ფონზე ჩვენმა ხელისუფლებამ რა უნდა ქნას. რატომ 2012 წლამდე არ ხდებოდა ე.წ. მცოცავი ოკუპაცია და ხომ არ ფიქრობთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პუტინს იმედები გაუცრუა?  

– მიუხედავად სააკაშვილის თავაშვებული პოლიტიკისა, რუსეთი ბოლომდე არ დგამდა იმ ნაბიჯებს, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობებს საბოლოოდ ჩიხში შეიყვანდა. რუსები ელოდებოდნენ, რომ 2012 წელს მოხდებოდა არჩევნებზე ხელისუფლების ცვლილება, რომელიც პრორუსულ პოლიტიკას კი არა პროქართულ პოლიტიკას გაატარებდა.

შეწყდებოდა ნატოს ბაზების საქართველოში განლაგება. სამაგიეროდ, მიიღო ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრად, რომელიც საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარის განთავსებაზე საუბრობდა და ასევე თინა ხიდაშელი, რომელმაც ლენინგრადის ბლოკადაზე თქვა, რომ ადამიანები ძაღლებს და კატებს ჭამდნენ და მათთან სალაპარკო არაფერი ჰქონდა.

რუსეთი ყველა ჩვენს უტვინო განცხადებაზე ყოველდღე ერთი ნაბიჯით წინ იწევს. პენსის ვიზიტი და განცხადებები კარგია, თუმცა წლებია ვხედავთ, რომ მათი არცერთი ნათქვამი რეალურად არ შესრულებულა.

– რუსეთში ვიზიტს კვლავ თუ გეგმავთ. პოლიტოლოგების განცხადებით, პუტინისთვის თქვენ ახლა აღარ ხართ საინტერესო ფიგურა და მისი ახალი რჩეული „პატრიოტთა ალიანსია“. გაქვთ ახლა კონტაქტი პუტინის ადმინისტრაციასთან?

– მე არავის რჩეულობაზე პრეტენზიას არ ვაცხადებ. ვიცი ჩემი ადგილი და გასაკეთებელი საქმე. „პატრიოტთა ალიანსი“, ან ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალა, თუ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას შეძლებს, მხოლოდ მივესალმები.

არ ვარ დარწმუნებული, რომ პუტინმა „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ საერთოდ რამე იცის. ის არ არის ასე ღრმად საქართველოს შიდა პოლიტიკით დაინტერესებული. ეს მხოლოდ ჩვენი ილუზიაა.

– თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ შესაძლოა ირმა ინაშვილმა მერობის კანდიდატად საკუთარი თავი დაასახელოს. თქვენც ხომ არ აპირებთ იგივეს და თუ ოპოზიცია საერთო კანდიდატის ირგვლივ გაერთიანდება მხარს ვის დაუჭერთ?

– მერობის კანდიდატად ჩემი თავის დასახელებას არ ვაპირებ. მე ვიცი რა არის ჩემი საქმე და იმის კეთებას განვაგრძობ. რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსის“ შესაძლო გადაწყვეტილებას, სამწუხაროდ, გადაწყვეტილება ისე მიიღეს, რომ სხვა ოპოზიციური პარტიების საქმის კურსში არ ჩააყენეს. ჩვენ ყველასთან კონსულტაციები გქვონდა და მზად ვიყავით, რომ საერთო ოპოზიციური კანდიდატი დაგვესახელებინა. ამ მიმართულებით ახლაც  სერიოზულად ვფიქრობთ.

მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძის სახით ყველაზე კარგი კანდიდატურა გვყავდა, მაინც მზად ვიყავით პარტიული ინტერესები უკან გადაგვეწია და საერთო კანდიდატზე შევთანხმებულიყავით. სამწუხაროდ პარტიებში პირადმა ეგოიზმა და ინტერესებმა იმძლავრა.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....