საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას თქმით ქვეყანაში მოსახლეობის ცხოვრების დონე ყოველთვიურად უმჯობესდება
როგორც მან განაცხადა, ქვეყანას ყოველწლიურად ეკონომიკური ზრდა აქვს.
„არ ვეთანხმები პოზიციას, რომ ხალხს უფრო და უფრო უჭირს. ეს არ არის მართალი და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არაა: ეს არის სტატისტიკა, ფაქტები, რომელიც ჩვენ გვაქვს და არ არის ჩვენი მოგონილი – ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აუდირებული ფაქტები და სტატისტიკა, რომ ჩვენ ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ მოსახლეობის ცხოვრების დონეს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მთავრობის დამსახურება. ჩენ ბევრი მიმართულებით ძალიან კარგად ვვითარდებოდით, ვვითარდებით, ყოველწლიურად გვაქვს ეკონომიკური ზრდა, რაც, რა თქმა უნდა, აისახება მოსახლეობაზე. გვაქვს ფაქტები და ციფრები სიღარიბესთან, შემოსავლებთან დაკავშირებით – შემოსავლები იზრდება. ჩვენ ყოველწელს და ყოველთვე უკეთესად და უკეთესად ვცხოვრობთ“,– განაცხადა მინისტრმა.
კითხვას, როდესაც არ იზრდება პენსია, მაგრამ იზრდება საკვების ფასი, როგორ ცხოვრობს მოქალაქე უკეთესად, მინისტრი პასუხობს:
„არ მინდა, დაგვრჩეს შთაბეჭდილება, რომ კმაყოფილები ვართ მიღწეული შედეგებით. ჩვენ გვინდა ბევრად მეტი, ვმუშაობთ 24–საათიან რჟიმში, რომ მეტი გავაკეთოთ. გვინდა მეტი, მაგრამ ეს მეტი უნდა იყოს რეალიზტური მოლოდინები. ამ მეტის გაკეთებას უნდა რაღაც განსაზღვრული ტემპი და დრო. უკეთეს ცხოვრებაზეც მოგახსენებთ – მიუხედავად იმისა, რომ ვალუტის კურსი შეიცვალა, იმფლაცია ქვეყანაში არის არაუმეტეს 2 – 2.5%–ისა. რაღაცა პროდუქტებზე ფასი გაიზარდა, რაღაც პროდუქციაზე დაეცა…შეიძლება ხალხს აქვს განცდა, რომ უჭირს და ზოგს ჰგონია, რომ უარესად ცხოვრობს, მაგრამ რომ ვნახოთ ფაქტები, ეს ასე არაა“ – განაცხადა გიორგი ქობულიამ.