ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“უარვყოფ, რომ მე ვარ ჰომოფობი, ფაშისტი, მოძალადე”: ნიკოლოზ ჭონქაძე ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფს

სულიკო კედელაშვილმა იგივე ნიკოლოზ ჭონქაძე, რომელიც სოციალური ქსელში ქსენოფობიური განცხადებების გაკეთებაშია მხილებული, საკრებულოს სხდომის შემდეგ მედიის დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ის ოპოზიციის წარმომადგენლებს, მის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გავრცელებაში ადანაშაულებს.

“უარვყოფ, რომ მე ვარ ჰომოფობი, ფაშისტი, მოძალადე, ვერც ერთ ფაქტს ვერავინ მომიყვანს, რომ მე ვინმეზე ვიძალადე ჩემი ცხოვრების განმავლობაში, – განაცხადა თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსმა ნიკოლოზ ჭონქაძემ.

“მე ვარ ამაყი იმით, რომ დღეს საღმა აზრმა გაიმარჯვა და ის ბრალდებები, რაც ჩემს მიმართ იყო წაყენებული, არ გაიზიარა საზოგადოებამ. ეს იყო ფარსი და ტყუილი, ჩემი შეურაცხყოფა. სამი დღის განმავლობაში მე ვითმენდი ამ შეურაცხყოფებს, ვითმენდი მათ შორის, ამ დარბაზშიც და აქედან გამოირიცხება, რომ მე ვარ აგრესიული ჩემს ცხოვრებაში. ბრალდებებს მიყენებდნენ ადამიანები, რომლებიც არ მიცნობდნენ, წარმოდგენა არ აქვთ ჩემს პიროვნებაზე, არ იციან ჩემი ცხოვრების სტილი, წესი და ურთიერთობა არ ჰქონიათ პირადად. ისინი ამ ბრალდებებს მხოლოდ თავისი ფანტაზიით და მხატვრული გაფორმებით აკეთებდნენ თავიანთი პოლიტიკური მიზნების გამო. ამ შეურაცხყოფებს ისმენდნენ ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები და ეს ხდებოდა არა პრივატულ სივრცეში, არამედ საჯაროდ. ამას მე არ ვიზიარებ. უარვყოფ, რომ ვარ ჰომოფობი, ფაშისტი, მოძალადე, ვერც ერთ ფაქტს ვერავინ მომიყვანს, რომ მე ვინმეზე ვიძალადე ჩემი ცხოვრების მანძილზე, ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიმეყენებინოს ვინმესთვის. აქედან გამომდინარე, ეს არის ტყუილი ბრალდებები. ამ ადამიანებმა ისეთი განცხადებები გააკეთეს პიროვნებაზე, რომელსაც არ იცნობენ. მე მათ ათი ნაბიჯით გავუსწარი, არ ვარ მათი დონის ადამიანი და არ ავყვები”, – განმარტა ნუგზარ ჭონქაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენელთა განცხადებებს, რომ ნუგზარ ჭონქაძე სოციალურ ქსელებში „სულიკო კედელაშვილის“ სახელით და გვარით იყო რეგისტრირებული და ის ჰომოფობიური, ძალადობრივი განცხადებებით გამოირჩეოდა, ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისას ნუგზარ ჭონქაძემ კონკრეტული მაგალითების მოყვანა მოითხოვა, თუ რაში სდებდენ მას ბრალს.

“ჩემს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები?! რაში მდებთ ბრალს, მე ამ ქალაქის სამსახურში მოვდივარ ჩემი საქმის საკეთებლად და მოხარული ვარ, რომ უნდა ვემსახურო ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალს”, – განაცხადა ნუგზარ ჭონქაძემ.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ტყემალაძეს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მარიკა დათუკიშვილმა საკრებულოს სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვებამდე აუდიო, ფოტო, ვიდეო მასალა გადასცა, სადაც დათუკიშვილის თქმით, ჭონქაძის ქსენოფობიური, ჰომოფობიური განცხადებები იყო ჩაწერილი. დათუკიშვილის განცხადებით, ამ მასალების ჩვენება მათ თბილისის მერის, კახა კალაძისთვისაც უნდოდათ, თუ ის საკრებულოს სხდომაზე მივიდოდა.

იტვირთბა....