გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურში მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს.
მისი განმარტებით, დღეს ვერავინ დააჯერებს, რომ „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი რუსეთის აგენტია.
პეტრიაშვილმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, 20 ნოემბერს 17:00 საათზე პროფკავშირების კულტურის ცენტრში დააანონსა შეხვედრაა, სადაც შეკრებილი პროფკავშირული ლიდერები თავიანთ პოზიციებს დააფიქსირებენ.
როგორც პროფკავშირების თავმჯდომარემ აღნიშნა, თუ პროფკავშირული ლიდერები მის პოზიციას არ გაიზიარებენ, მზად არის, თანამდებობა დატოვოს და ბრძოლა განაგრძოს, როგორც რიგითმა მოქალაქემ. „მე არ მინდა, რომ ამ ორგანიზაციას რაიმე დაბრკოლება შევუქმნა და ხუნდებად დავადო ჩემი პოზიცია. თუ არჩეული პროფკავშირული ლიდერების პოზიცია იქნება განსხვავებული, მე, როგორც ერთმა რიგითმა მოქალაქემ, შემიძლია, გავაგრძელო ეს ბრძოლა და დავტოვო პროფკავშირის ხელმძღვანელის თანამდებობა, რადგან ეს არის მოქალაქეობრივი პოზიცია და ვთვლი, რომ ჩემს ქვეყანასა და ჩემს ხალხს ეს პოზიცია სჭირდება. თუ მათი პოზიციაც იდენტურია და არის მათში აზრთა სხვადასხვაობა, ბუნებრივია, ისინი ვალდებული არიან, როგორც ერთობლივად, ისე ინდივიდუალურად დააფიქსირონ თავიანთი აზრი.
სამშაბათს, 17:00 საათზე, პროფკავშირების კულტურის ცენტრში საზოგადოების წინაშე ან წარვდგებით ერთად, როგორც დღევანდელი ბრძოლის მოსაგებად განწყობილი ორგანიზაცია და მხარს დავუჭერთ „ქართული ოცნების“ არჩევანს, რომ მოგვეცეს საშუალება, მოვიდეთ პოლიტიკურ სივრცეში აბსოლუტურად განსხვავებული და მოქალაქეებზე ორიენტირებული დღის წესრიგით. ან როგორც რიგითი მოქალაქე, ბუნებრივია, ამ ბრძოლას გავაგრძელებ ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, მოქალაქეებთან და არა პროფკავშირებთან ერთად.
დღეს ვერავინ ვერ დამაჯერებს და ნუ დამაჯერებს ვინმე, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი არის რუსეთის აგენტი. აგენტებს ასეთ განწყობებს არ უქმნიან და საზღვრებს არ სწევენ იმ დროს, როცა ხელისუფლებას ყველაზე მეტად სჭირდება ხალხის კეთილგანწყობა.
უმნიშვნელოვანესი საკითხები, პროფესიული განათლება, შრომის უსაფრთხოების კანონები, ასევე საპენსიო რეფორმა იგნორირებულია და სწორედ ეს აძლევს საშუალებას მეორე პოლიტიკურ ჯგუფს პოპულისტური 400 ლარიანი პენსიებს დჰპირდეს მოსახლეობას.
გვაქვს თუ არა საშუალება, სასწორზე დადებული პრობლემების მეშვეობით განვსაზღვროთ, სად რა სივრცე გვაქვს დარჩენილი, ვის როგორ წარმოუდგენია, თუ გაიმარჯვა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, როგორი იქნება ეს ლარის სტაბილურობისთვის, ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის, ეკონომიკური დოვლათის სამართლიანად გადანაწილებისთვის, როდესაც პრეზიდენტი მოუწოდებს აქციებისკენ, რიგგარეშე არჩევნებისკენ და ა.შ. რევანშიზმით, შურისძიებით ეს ქვეყანა წინ ნამდვილად ვერ წავა. ჩემი ინტერესები არის მხოლოდ ამ ქვეყნის წინსვლა და არა უკან დაბრუნება, წარსულში ქექვა, არა ურთიერთბრალდებები.
აქ ეს სივრცე „ქართული ოცნების“ შემთხვევაში არის დარჩენილი და ან ესენი მოეგებიან გონს, თუ არადა ყველა შემთხვევაში, ჩვენ ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგით წარვდგებით საზოგადოების წინაშე. 2020 წელი იძლევა საშუალებას, რომ სწორედ პროფესიონალიზმზე, კომპეტენციასა და პატრიოტიზმზე შეჯერებული პლატფორმით იმართებოდეს პოლიტიკური დებატები და არა ერთმანეთის საცვლების გამოფენით. არ დამავიწყდება, როგორ იდო ექიმების სიები ჯანდაცვის სამინისტროში და როგორ იბარებდნენ ანგარიშს, რომელ საავადმყოფოში იყო გაუქმებული პროფკავშირები. რისთვის? იმისთვის რომ მიზნისთვის მიეღწიათ, რომ 3500-ზე მეტი ექიმი არ დარჩენილიყო ამ ქვეყანაში და ამისთვის იყო საჭირო, რომ საზოგადოებას არ ჰქონოდა ექიმების მიმართ და ისინი ყოფილიყვნენ დისკრედიტებული.
არასოდეს დაგვავიწყდება, რა დაგვემართა ქუთაისში „ჰერკულესთან“ დაკავშირებით, როდესაც ერთი გაფიცვის გამო პროფკავშირული აქტივი დააპატიმრეს, თქვენი მონა მორჩილი კი უცხოელებთან იმალებოდა სახლში იმიტომ, რომ მისი დაპატიმრების სანქციაც იყო გაცემული.
ბუნებრივია, ჩვენს მეხსიერებაში, საჯარო მოხელეების მეხსიერებაში, განსაკუთრებით კახეთში, არის ჩარჩენილი 2010 წლის 14 ივლისს როგორ გამოიყვანეს შვებულებებში მყოფი ხალხი საცვლების ამარა და მიიყვანეს, დააწერინეს განცხადებები პროფკავშირების დატოვებაზე. როგორ დაგვამხეს და დაგვანგრიეს რკინიგზის პროფკავშირები“, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.