მსახიობმა თათია სამხარაძემ ჟურნალისტ შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმე მოუგო. ამის შესახებ „მეტრონომს“ სამხარაძის ადვოკატმა, კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ განუცხადა.
მისი თქმით, შალვა რამიშვილის მიერ სექსუალური შევიწროების ფაქტი სასამართლომ დაამტკიცა და მას მორალური ზიანის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით დააკისრა.
პატარაია „მეტრონომთან“ აღიშნავს, რომ მათ ჯერ სასამართლოს მთლიანი გადაწყვეტილება არ ჩაბარებიათ. მისი ვარაუდით, სასამართლომ რამიშვილს მატერიალური ზიანის ანაზღაურება იმიტომ არ დააკისრა და ადვოკატების აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმყაოფილა, რომ სამხარაძისთვის ხელფასის გადამხდელი რამიშვილი არ ყოფილა.
„სასამართლოს ვთხოვდით, რომ შალვა რამიშვილისთვის დაეკისრებინა როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურება. რამიშვილს დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 2 000 ლარის ფარგლებში. ფაქტი დამტკიცდა.
შრომითი ნაწილი, რომელიც სასმახურში არაღებული 2 თვის ხელფასს უკავშირდებოდა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ჩვენ მთლიანი გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაგვბარებია. ვფიქრობთ, იმიტომ არ დააკმაყოფილა, რომ შალვა არ იყო ის პირი, რომელიც უშუალოდ ხელფასს უხდიდა თათია სამხარაძეს. ჩვენ არ გვიჩივლია კომპანიისთვის, მხოლოდ შალვას ვუჩივლეთ.
ყველაზე მთავარი არის ის, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი გავრცელდა სექსუალურ შევიწროებაზეც და სასამართლომ ფაქტი დაამტკიცა, ასევე მორალური ზიანიც დააკისრა რამიშვილს.
აღნიშნული საქმე პრეცედენტულია თავისი შინაარსით და პირველია ჩვენს სამართლებრივ ისტორიაში“ – აღნიშნა ბაია პატარაიამ „მეტრონომთან“.
2016 წლის აპრილში შალვა რამიშვილის მიერ მისი ტელე „იმედიდან“ გათავისუფლებასა და გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ის თათია სამხარაძეზე („ტასო ბარნოვა“) სექსუალური ხასიათის შევიწროებას ახდენდა, სპეციალური ბრიფინგი ”ქალთა მოძრაობამ“ გამართა, სადაც თათია სამხარაძემ დაადასტურა შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური ხასიათის შევიწროება. ბრალდებების შემდეგ შალვა რამიშვილი ტელე „იმედიდან“ გაუშვეს და აღნიშნულ საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს. თათია სამხარაძის თქმით, მას ჰქონდა აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერიც. თავად შალვა რამიშვილი უარყოფდა მისი მხრიდან თათია სამხარაძის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტს.
ავტორი: ნინო ცხადაია