“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ ახლა მთავარი დასაცავი სუბიექტი არის ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული, საქართველოს პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი.
“მთავარი დასაცავი სუბიექტი – მირზა სუბელიანი!
ხელი არ ახლოთ, ნაძირლებო!”, – წერს გვარამია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერით, პირი, რომელიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანია, აცხადებს, რომ ძალიან დიდი არქივი აქვს და რომ მოუნდეს, ორ ჩანაწერით დაამთავრებს ამ მთავრობას.
აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ ფიგურირებს მირზა სუბელიანი, საგამოძიებო მოქმედებები პროკურატურამ მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს დაიწყო, – ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში განაცხადეს.
„გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 157’-ე მუხლის პირველი, 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და 333- ე მუხლის პირველი ნაწილით.
გამოძიებას აწარმოებს საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. გამოძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ხვალ ეცნობება საზოგადოებას“,- აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.