ლიბის ციხიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაური, სოსლან კაკაბაძე ბათუმში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მას ოჯახის წევრები, საკონსულო დეპარტამენტის წარმომადგენლები, აჭარის მთავრობის და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები დახვდნენ.
სოსლან კაკაბაძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მის გათავისუფლებაში მონაწილეობა მიიღო.
„ორი წლის და 7 თვის შემდეგ პატიმრობიდან დავბრუნდი. დიდი მადლობა ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა ჩემს გათავისუფლებაში. მე 5 თვე ძალიან ცუდ ციხეში ვიყავი. ყველა ლიბიელი უძახის ამ ციხეს გუანტანამოს სიმკაცრით. გარეთ არ გვიშვებდნენ,“ – განაცხადა სოსლან კაკაბაძემ.
საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ლიბიის ციხეში დარჩენილი ორი ქართველი მეზღვაურის საქმე მაისის მეორე ანხევარში განიხილება.
„პროცესი იყო საკმაოდ რთული, ამას უძღოდა ძალიან დიდი მუშაობა. რა თქმა უნდა, ლიბიაში ჩვენ გვრჩება ორი ჩვენი მოქალაქე, რომლებზეც მუშაობდა გრძელდება. მათი საქმე უკვე არსებითად განიხილება მაისის მეორე ნახევარში და გამოყენებული გვაქვს ყველა სამართლებრივი და დიპლომატიური ბერკეტი, რომ ჩვენი მეზღვაურები დროულად დაბრუნდენ სამშობლოში,“ – განაცხადა საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

