ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ მის ძმას, მალხაზ მამალაძეს, თავს დაესხნენ.
როგორც “მეტრონომს” თორნიკე მამალაძემ განუცხადა, დღეს, გამთენიისას, მის ძმასთან, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა, უცნობი პირი მივიდა, დააზუსტა იყო თუ ის არა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, რის შემდეგაც თანხის გამოძალვა სცადა. თუმცა მამალაძეების ძმამ უცნობი პირის მოგერიება და პოლიციაში დარეკვა მოახერხა:
“დაახლოებით დილის 6-ის ნახევარი იყო. ჩემი ძმა სახლში მარტო იმყოფებოდა, რაც დროსაც უცნობმა პირმა კარზე დაუკაკუნა. მანაც კარი გაუღო. როგორც ჩემი ძმა მიყვება, უცნობმა პიროვნებამ დააზუსტა იყო თუ არა ის მამა გიორგის ძმა, რაზეც ჩემმა ძმამ უპასუხა, რომ ის მამა გიორგი ძმა იყო, რის შემდეგაც მან მკლავებში ხელი მოუჭირა და გაურკვეველი ოდენობის თანხა მოსთხოვა. ამის შემდეგ, ჩემმა ძმამ ხელი ჰკრა ამ ბიჭს და სახლიდან გამოიქცა. დარეკა პოლიციაში და მოხდა რეაგირება”- აღნიშნა “მეტრონომთან” თორნიკე მამალაძემ.
ის მომხდარ ფაქტს პატრიარქის მდივანის, მამა მიქაელ ბოტკოველის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს:
“ჩემი აზრით, ეს ყველაფერი კავშირშია წინა დღეებში მიქაელ ბოტკოველის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ უნდა შევეგუოთ მამა გიორგის სასჯელს და ვინც არ შეეგუება, ეს მისი პრობლემაა. ეს არის მიმართული იმისკენ, რომ ჩვენ შევწყვიტოთ ბრძოლა. მოგეხსენებათ, ადვოკატებიც დაბარებული იყვნენ, დახურული სასამართლო პროცესებიდან საქმის მასალების მედიაში გახმაურების ფაქტებზეც, მხოლოდ ისინი, არც პროკურორები და არც მოსამართლის თანაშემწეები. ეს მიმართულია იმისაკენ, რომ ჩვენ, ადვოკატებმაც და ოჯახმაც, შევწყვიტოთ ბრძოლა და შევეგუოთ მამა გიორგის უდანაშაულო სასჯელს”- განაცხადა თორნიკე მამალაძემ “მეტრონომთან”.
მამალაძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მან მომხდარი ფაქტის შემდეგ მედიის წარმომადგენლებს დაურეკა და ისინი ადგილზე მივიდნენ, მაღალი თანამდებობის პირები ჩაერთვნენ საქმის გამოძიებაში. როგორც ის აცხადებს, სამართალდამცველები ოჯახს შეპირდნენ, რომ ფაქტის გამოძიება უახლოეს მომავალში მოხდება.
შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. მას 5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 9 წლით პატიმრობა პატრიარქის მდივან-რეფერნტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის მიუსაჯა. მსჯავრდებული დანაშაულს არ აღიარებს.