“პატრიოტთა ალიანსის” ყოფილი წევრი და პარლამენტის დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და იხსენებს “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთ პარტიულ სხდომას იხსენებს:
” დროდადრო”, ასე ერქვა მამაჩემის ჩანაწერებს და ასე დავარქვი მეც.
გადავხედე ამ ჩემს ” დროდადროს” და თვალში მომხვდა ” პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სხდომის შესახებ ჩემი ჩანაწერი სათაურით-
გაფართოებული თათბირი.
პარტიის ლიდერები ბრიუსელში მიდიან და წასვლამდე საღამოს 7 საათზე გაფართოებული თათბირი მოიწვიეს: პარლამენტის და საკრებულის დეპუტატები, პარტიული აქტივი, ადმინისტრაცია.
თათბირის დაწყებამდე დემოკრატიასა და სამართლიანობაზე იყო საუბარი და ბუნებრივად, ამ სულისკვეთებითვე უნდა გაგრძელებულიყო.
პირველ საკითხად
მოისმინეს: ანეგდოტი სტალინზე, რომ მან მოიწვია პოლიტბიურო და უთხრა, ქვეყნის უკეთესი აღმავლობისთვის საჭიროა ” პერეკრასიტ კრემლ ი რასტრელიტ კაჟდავაჩეტვიორტავა ჩელავეკა”. სიჩუმის მერე ერთმა თქვა:” ა ზაჩემ პერეკრასიტ?” და სტალინმა, როგორც ხალხთა მამამ გაითვალისწინა აზრი და დათანხმდა:” და მოჟეტე ი ნე პერეკრასიტტ”.
აზრი გამოითქვა, რომ სტალინმა ომში გაჟლიტა 300 ათასი ქართველი და ომამდე მთელი თავადაზნაურობა.
დაადგინეს: სტალინი ტირანი იყო, მაგრამ მოიგო ომი.
მეორე საკითხად მოისმინეს დიდმარხვის შესახებ ინფორმაცია: რომ საჭიროა არა მხოლოდ საკვებით მარხვა, არამედ სულიერად, ლოცვით და აღსარებით და ფიზიკურად სექსის შეკავებით.
ითქვა, რომ ყველანი შურიანები ვართ და საჭიროა აღსარების დროს ამ ცოდვის მონანიება.
– არა ვარ შურიანი! – გაისმა დარბაზში.
– -არც მე ! არც მე! არც მე!- მაშინვე აჰყვნენ დანარჩენები.
– ეგ თქვენ გგონიათ რომ არ ხართ შურიანი. როგორ არ ხართ. და თან ქედმაღლებიც ხართ, რომ ვერ იგებთ, რომ შურიანები ხართ!- იყო მკაფიო ახსნა.
– -არა ვართ, არა!.. არა!..- არ თმობს სათათბირო.
– არა ხართ, არა?.. აბა მითხარით, არ გინდათ, რომ სხვა პარტიებს აჯობოთ?
– გვინდა!.. როგორ არ გვინდაა!.. აბა მეტი რა გვინდა!.. მაგისთვის არ ვიკლავთ თაავს?.. გვინდა!.. გვინდა!..- მკერდში მჯიღს ირტყავს სათათბირო.
– ჰოდაა, ეგ არის, რომ შურიანები ხართ!.. თან ქედმაღლები და კიდევ ამპარტავნები!..
დაადგინეს:ყველამ ჩააბაროს აღსარება და მოინანიოს შური, ქედმაღლობა, ამპარტავნება და სხვა მისთანანი.
მოისმინეს, რომ დიდმარხვის დროს საჭიროა მარხვა სექსთან მიმართებაშიც.
აზრი გამოითქვა, რომ სექსის შეკავება საზიანოა მამაკაცთა ჯანმრთელობისათვის და სასურველია მისი დაშვება.
მოისმინეს ინფორმაცია, რომ ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი მძიმე მარხვაა და ვერ დაიშვება, რომ შაბათს ადამიანი ფაქტობრივად ქრისტესთან ერთად კვდება და კვირას განახლდბა, ასე რომ ესეც მძიმე მარხვაა და ვერ დაიშვება, რომ ხუთშაბათი ფეხების განბანვაა და მასთან დაკავშირებული თავმდაბლობა ა და შესაბამისად მძიმე მარხვა და ამიტომ ვერ დაიშვება.
რჩება სამშაბათი.
დაადგინეს: დიდმარხვის პერიოდში სექსი დასაშვებია კვირაში ერთხელ, სამშაბათ დღეს.
შეკითხვა დაისვა მორიდებული ხმით:
– შაბათ – კვირას არ შეიძლება?
– შაბათს როგორ შეიძლება, მკვდარი ხარ.- იყო პასუხი.
– – მკვდარი როგორ ვარ, სამშაბათის გადაცვლა მინდა შაბათზე.- გაისმა ისევ მორიდებული , მაგრამ მტკიცების ნოტის მემცველი ხმა.
– არა, შაბათს მკვდარი ხარ!- იყო მკაცრი პასუხი.
– და კვირა? კვირაც არა? – სუსტად გაიბრძოლა ერთადერთმა პროტესტანტმა.
– კვირას განახლდები, ყველა ცოდვას სტოვებ და როგორ შეიძლება. მარტო სამშაბათს!- პასუხი ურყევია.
– სამშაბათი არ მაწყობს, არ მაწ- ყობს…- ხელებს იქნევს პოეტი.
დაადგინეს: მხოლოდ სამშაბათი! და ოთარაშვილი აღდგომამდე მოიცდის.
უკვე რვის ნახევარია.
გაჩქარებული ნაბიჯით შემოდის ერეკლე საღლიანი და ამბობს: შვიდი საათია. ზუსტად დროზე მოვედი.
– დროზე როგორ მოხვედი? – გაისმის აქეთ- იქიდან.
– – შვიდია და მოვედი- არის დინჯი პასუხი.
– სად არის შვიი, სად? – არ ცხრება შეკითხვები.
– ჩემს საათში- ისევ დინჯი პასუხი.
– გვაჩვენე საათი- არ ისვენებენ ურწმუნონი.
– საათი სახლში მაქვს. ზუსტად შვიდი იყო, რომ შევხედე.
– დაადგინეს: არაფერი აღარ უთხრან საღლიანს და მიიღონ ისეთი, როგორიც არის.
–
მოისმინეს მესამე საკითხი: პრემიერის განცხადების ტექსტი და მასზე გამოხმაურების თეზისები.
დაადგინეს: პრემიერს ამ საკითხში ეთანხმებიან. მაგრამ მხოლოდ ამ ერთ საკითხში ანუ ამ თემის ასეთ მიდგომაში. ამ ერთადერთ საკითხში მხოლიდ და … ასე, რომ მაინც ჩვენი გადასაყენებელიაო.
–
მოისმნეს: ცხინვალში მიმდინარე პროცესები, რომ საქართველოს ორი მოქალაქე გამოუშვეს, რაშიც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა კათალიკოს-პატრიარქის წერილმა, ასევე ხელისუფლების განცხადებამაც. გარდა ამისა ამ საქმეში გარკვეული წვლილი შეიტანა უამრავმა სხვა ადამიანმაც პატრიოტთა ალიანსიდან.
დაადგინეს: საჭიოა შევინარჩუნოთ დუმილი.
მოისმინეს: თეზისების სახით ძირითადი გასახმოვანებელი მოსაზრებები.
დაადგინეს: მიღებული მითითებები ურყევად არის შესასრულებელი.
და…
მორჩა თათბირი”, – წერს ჩხეიძე.
შეგახსენებთ, რომ ნატო ჩხეიძემ “პატრიოტთა ალიანსი” მისი განცხადებით იმიტომ დატოვა, რომ “ომეგა ჯგუფის” საქმეზე, პარტიის მხრიდან, საჭირო მხარდაჭერა ვერ იგრძნო.