კულტურის და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ სამინისტრომ, შესაბამისმა საპარლამენტო კომიტეტმა და ოლიმპიურმა კომიტეტმა შექმნეს კომისია, რომელიც ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
მისივე თქმით, კომისიის შემადგენლობაში მისი მოადგილეები და კომიტეტების პირველი პირები და წარმომადგენლები იქნებიან.
“ჩვენ შევთანხდმით იმაზე, რომ სამინისტროს, საპარლამენტო კომიტეტის და ოლიმპიური კომიტეტის ერთობლივი კომისია ჩამოყალიბდა, რომელმაც გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია ფედერაციიდან ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც იყო ამ დღეებში საუბარი. უახლოეს დღეებში მოხდება ყველა ამ საკითხის ძალიან სკრუპულოზური შესწავლა და შედეგებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს ჩვენ გაცნობებთ. გადაწყვეტილებები ძალიან მალე იქნება ცნობილი. ამ პროცესს არ გავწელავთ სიტუაციის სიმწვავიდან გამომდინარე. მინდა მანამდე ყველას ვთხოვო, რომ შეინარჩუნონ სამართლებრივი ჩარჩოები, არ მოხდეს სიტუაციის ხელოვნური ესკალაცია. გარანტიას ვაძლევ ყველას, ვიქნებით მიუკერძოებლები, ძალიან მკაცრები შეფასებებში. ყველაფერს ნათელი მოეფინება. ყველას მოვუწოდებ კიდევ ერთხელ – დარჩით სამართლებრივ ჩარჩოებში“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტების ნაწილი რამდენიმე დღეა აქციებს მართავს. ისინი მოითხოვენ დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი. ~