ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავების საქმეზე პრემიერი განცხადებას ავრცელებს

პრემიერ-მინისტრი „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავების საქმეზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„მსურს, გამოვეხმაურო ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული ახალგაზრდების, მიხეილ მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას საქმეს.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია, რომლისთვის ჩრდილის მიყენების შესაძლებლობა არ უნდა დავუშვათ.ფაქტია, რომ კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით არის ზედმეტად მკაცრი და საჭიროებს ლიბერალიზაციას. ამიტომ, თხოვნით მივმართავ პარლამენტს, დაჩქარდეს ამ საკითხზე მუშაობა, რათა საშემოდგომო სესიისთვის მაინც მოვასწროთ სახეცვლილი, ჰუმანური და ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონის მიღება.

მინდა აგრეთვე მივმართო ახალგაზრდობას – ჩვენი მთავრობის ნებისმიერი ნაბიჯი და გადაწყვეტილება არის მიმართული იიქით, რომ თქვენ, ჩვენი ქვეყნის მომავალს შეგიქმნათ თავისუფალი და ცივილიზებული გარემო. ჩვენმა თაობამ კარგად ვიცით და გამოვცადეთ საკუთარ თავზე, როგორი არ უნდა იყოს სისტემა და მაქსიმალური ძალისხმევა გვაქვს მიმართული ისეთი ქვეყნის შესაქმნელად, სადაც სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება, პიროვნული ინდივიდუალიზმი იქნება არა დაპირება – არამედ ფაქტი.

არცერთი ახალგაზრდა, არცერთი მოქალაქე ამ ქვეყანაში ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამოხატვის თავისუფლების გამო არ დასჯილა და არც მომავალში დგას ჩვენი საზოგადოება ამ საფრთხეების წინაშე. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ორი ახალგაზრდის დაკავებასთან დაკავშირებულ ვითარებას, პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ უმოკლეს ვადაში შეისწავლის აღნიშნული საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, სამართალწარმოების პროცესი ჯერ დასრულებული არ არის“, – აღნიშნულია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

იტვირთბა....