მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, რომელსაც გუშინ 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, საზოგადოებას მოუწოებს, ხვალინდელ აქციაზე მივიდეს. მისი პოზიცია ადვოკატმა გიორგი მახარაძემ გააჟღერა, რომელიც დღეს გლდანის ციხეში “ბახალას” სანახავად იყო შესული.
როგორც “მეტრონომს” გიორგი მახარაძემ უთხრა, გიორაგანაშვილმა იცის, რაც გარეთ ხდება და ის ბრძოლას აგრძელებს:
” რა თქმა უნდა იცის გარეთ რაც ხდება, დღეს ჩავაყენე საქმის კურსში. ის მოუწოდებს ყველას, რომ იაქტიურონ, რადგან ეს არ არის მხოლოდ მისი საქმე, ის მხოლოდ ერთ-ერთი მსხვერპლია ამ პრაქტიკების(ჩადებას ვგულისხმობ)”- აღნიშნა “მეტრონომთან” მახარაძემ.
რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას “ბახალას” განაჩენის შესახებ, რომელიც უწყებამ გუშინ გამოაქვეყნა, ადვოკატი მას სამარცხვინოს უწოდებს. პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი გიორგანაშვილმა თურქეთიდან საქართველოში 843 აბი ნარკოტიკული საშუალება პირს რეანომობილით შემოატანინა.
“პროკურატურას ასეთი სამარცხვინო განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ის 843-აბიანი საქმე თავიდან იყო ბახალას საქმესთან ერთად, თუმცა შემდეგ თვითონ პროკურატურა დარწმუნდა და შესაბამისი დადგენილებით გამოყო ბახალას საქმე ცალკე წარმოებად, რადგან ბახალას კავშირი იმ ამოღებულ დიდი რაოდენობით ნარკოტიკულ ნივთიერებებთან არ დადგინდა. თვითონ დარწმუნდნენ ამაში. ახლა პიარის სტიქიაშია გადასული ეს ყველაფერი, რომ თითქოს, რაღაც უარყოფითი განწყობები შექმნან საზოგადოებაში. აბსოლუტურად უსირცხვილო პოზიციაა სამართალდამცავი ორგანოსგან”- აღნიშნა მახარაძემ.
მისი თქმით, ამ პოზიციას აჟღერებდა პროკურატურა გიორგანაშვილის პროცესებზეც, თუმცა იმ მიზნით, რომ მისი დისკრედიტაცია მოეხდინა:
“ამას პროცესზე ამბობდა(პროკურატურა) სულ, რომ განწყობა შეექმნათ მოსამართლისთვის, მარტო ამაში კი არ არის საქმე, რასაც ვედავებით, რაც ჩაუდეს, ის 45 აბი, არამედ კიდევ დიდი საქმეც არის, მართალია მე ვერ დავადგინე კავშირი ამ საქმესთან, მაგრამ მაინც რომ იცოდეთო, დაახლოებით ეგ ნარატივი იყო. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ემსახურება ადამიანის დისკრედიტაცია. სამარცხვინოა ძალიან”- განუცხადა გიორგი მახარაძემ “მეტრონომს”.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გიორგანაშვილი რამდენიმე თვის წინ, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. ის მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, ხოლო გუშინ კი მას სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა 8-წლით მიესაჯა.
ბრალდებული აცხადებს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა ჩაუდეს. თუმცა მოსამართლემ მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ „თეთრი ხმაურის მოძარაობის“ წევრმა ბექა წიქარიშვილმა სასამართლოს შენობას პროტესტის ნიშნად აგური ესროლა, რის შედეგადაც მინა ჩაიმსხვრა და ის მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. მასთან ერთად დააკავეს რეჟისორი თორნიკე ბზიავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით, რომელსაც 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ბექა წიქარიშვილს დღეს 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
აქცია ლოზუნგით – “ყველა ერთისთვის!” ხვალ, 25 იანვარს, 17:00 საათზე, კანცელარიის შენობასთანაა დაგეგმილი. აქცია გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერებისა და მეგობრების ინიციატივით გაიმართება.
ავტორი: ნინო ცხადაია