ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ბავშვებმა მოიტანეს დროშები და მათი სიხარულის გამო გადავიღე სურათი”: სხეფის სკოლის მასწავლებელი

შუახევში, სხეფის საჯარო სკოლაში მოსწავლეების მიერ “ქართული ოცნების” დროშებით ხელში გადაღებულ ფოტოსთან დაკავშირებით, სხეფის საჯარო სკოლის დირექტორმა, ოთარ დავითაძემ “მეტრონომს” განუცხადა, რომ მასწავლებლის მიმართ დისციპლინარული საქმის წარმოება დაიწყო:

“საქმის წარმოება უკვე დაიწყო. ჩვენ ამას ძალიან ვაპროტესტებთ და ასეთ საქციელს მხარს არ ვუჭერთ. ამ მასწავლებლის საკითხი დისციპლინარულ კომიტეტსაც გადავეცი. თვითონ ამბობს, ბავშვებს ჰქონდათ დროშები მოტანილი და მხოლოდ ერთი დღით, მათი სიხარულის გამო გადავიღე სურათიო. მაგრამ, ჩვენ მას პასუხს კატეგორიულად მოვთხოვთ. რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომიტეტი, უახლოეს მომავალში გვეცოდინება”-განუცხადა “მეტრონომს” სხეფის საჯარო სკოლის დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ შუახევში, სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, მარინე დარჩიძემ სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად “ფეისბუქზე” პირველკლასელებთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

ფოტოზე ჩანს, რომ პირველი კლასის მოსწავლეებს ხელში “ქართული ოცნების” დროშები უჭირავთ.

საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ გავრცელებული ფოტო სოციალურ ქსელში განხილვის საგანი გახდა. “ფეისბუქის” მომხმარებლები წერენ, რომ წინასაარჩევნო კამპანია საჯარო სკოლებშიც დაიწყო.

იტვირთბა....