ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ავთანდილ დემეტრაშვილი: ახალმა კონსტიტუციამ შესაძლოა საპარლამენტო კრიზისამდე მიგვიყვანოს

კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკის საქართველოს სინამდვილეში მორგებამ, შესაძლოა, საპარლამენტო კრიზისამდე მიგვიყვანოს, -ამის შესახებ “მეტრონომთან” კონსტიტუციონალისტმა ავთანდილ დემეტრაშვილმა განაცხადა.

მისი აზრით, ქვეყანა ამგვარი მმართველობისთვის ჯერ მზად არ არის:

“რაც ჩემთვის სადავოა, ეს არის კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკის მორგება საქართველოს სინამდვილეში. არ ვიცი რამდენად იმუშავებს ეს. საპარლამენტო რესპუბლიკა საკმაოდ ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ხელისუფლებაში შიდაბალანსია. ის, რომ მომავალში პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით უნდა აირჩიონ, ის, რომ არ არსებობს ორპალატიანი პარლამენტი, არ არსებობს პარტიული სისტემა, მითუმეტეს, რომ დაწეულია საარჩევნო ბარიერი, შესაძლებელია, საპარლამენტო კრიზისები ვერ ავიცილოთ თავიდან.

თუ 2016 წლის არჩევნების შედეგებს ვნახავთ, სულ ცოტა, 7 პარტიას ექნება საშუალება შევიდეს პარლამენტში. ფრაქციის შექმნა კი უკვე 6 კაცით არის შესაძლებელი. შესაბამისად, მოხდება ბლოკების გაერთიანება. ამიტომ ვფიქრობ, რომ საპარლამენტო კრიზისების ვარიანტებიც იქნება. საქართველოს პოლიტიკური სისტემა მზად არ არის კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკისთვის. აქედან გამომდინარეობს პრეზიდენტის არჩევის წესი, პრეზიდენტის ჩამოცილების წესი და ა.შ. რაც, ირაკლი კობახიძის აზრით, დამახასიათებელია საპარლამენტო რესპუბლიკებისთვის. თუმცა მე შემიძლია 10-15 სახელმწიფო ჩამოგითვალოთ, რომელიც კლასიკურ საპარლამენტო რესპუბლიკად მიიჩნევა, მაგრამ იქ პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩევა. “-განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა “მეტრონომთან”.

პარლამენტმა საკონსტიტუციო რეფორმა მესამე მოსმენით მიიღო.

ახალ კონსტიტუციაში საქართველოს პარლამენტს შემდეგი უფლებები აქვს:

პარლამენტი 4 წლის ვადით აირჩევა და 150 წევრისგან შედგება.

პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება ოქტომბრის ბოლო შაბათს.

პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 10 წელი მაინც.

საქართველოს პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშებელია.

მთავრობის წევრი და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი ან ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთვევაში – ვალდებულია დაესწროს პარლამენტის, მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში.

როგორია ე.წ. ბონუსის გადანაწილების პრინციპი – უმრავლესობა კონსტიტუციიდან აღნიშნული ჩანაწერის ამოღებას მომავალი წლის მარტში გეგმავს

პარლამენტის წევრის მანდატები იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც მიიღებენ. პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე მრავლდება და იყოფა ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

ვინ აირჩევს საქართველოს პრეზიდენტს

საქართელოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი.

საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.

საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.

საქართველოს პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია.

საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელი მაინც.

საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 ხმოსანი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევა იმართება საქართველოს პარლამენტის სასახლეში.

რა უფლებები აქვს საქართველოს პრეზიდენტს

საქართველოს პრეზიდენტი მთვრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას. მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლების ხელმძღვანელებს.

საქართველოს სახემწიფოს სახელით დებს კონსტიტუციურ შეთანხმებას საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართმადიდებელ ეკლესიასთან.

მთავრობის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს.

შეიწყალებს მსჯავრდებულებს.

სჭირდება თუ არა სამართლებრივ აქტსპრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტისთანახელმოწერა

საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი საჭიროებს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას. სამართლებრივი აქტი, რომელიც საჭიროებს თანახელმოწერას, ქვეყნდება და სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ თანახელმოწერის შემთხვევის შემდეგ. თანახელმოწერილ სამართლებრივ აქტზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას.

რა უფლებამოსილება აქვს საქართველოს მთავრობას

საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.

მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე.

მთავრობის მეთაურია პრემიერ-მინისტრი.

პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს საქართველოს სახელით.

როგორია პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა

ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას პარლამენტის წინაშე და განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.

პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, მთავრობის გადაყენებიდან ან პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ორი კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში გამარჯვებული პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.

ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

თუ პარლამენტმა მთავრობას ნდობა დადგენილ ვადაში არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან ორი ან არაუგვიანეს სამი კვირაში დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადს მთავრობას.

თუ პარლამენტი უნდობლობის საკითხის აღძრის შემდეგ მთავრობას უნდობლობას არ გამოუცხადებს, დაუშვებელია პარლამენტის იმავე წევრთა მიერ მომდევნო 6 თვის განმავლბაში უნდობლობის აკითხის აღძვრა.

იტვირთბა....