გურჯაანში, სოფელ ვეჯინში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, შსს-მ მამაკაცი დააკავა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ი.ნ დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, მეუღლესთან და შვილთან ერთად სტუმრად მყოფმა ი.ნ.-მ, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შვილს – 2019 წელს დაბადებულ ქ.ნ.-ს, რომელიც მიღებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა ასევე ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მეუღლეს- 1996 წელს დაბადებულ შ.ც.-ს. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
დაკავებული აღიარებს დანაშაულს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “ბ” და “დ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.