ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ვიდეომასალებში ასახული ავტომობილები ფინანსთა სამინისტროს კუთვნილებაში არ არის”

 

ავტორი: ელზა პაპოშვილი  

მას შემდეგ რაც  „მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს“ წევრმა გივი თარგამაძემ ვიდეოკადრები გაავრცელა და ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ფინანსთა სამინისტროს კუთვნილი ავტომობილებით სარგებლობაში დაადანაშაულა, უწყებაში აღნიშნულ ბრალდებებს პასუხობენ და მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებენ.

თარგამაძის თქმით, დოკუმენტურად არის დაფიქსირებული, რომ სამოქალაქო პირს, ოთარ ფარცხალაძეს ემსახურება სახელმწიფო სტრუქტურის ინფრასტრუქტურა და ამის მტკიცებულებად ვიდეო და ფოტო მასალას ავრცელებს.

„მანქანები, რომლებითაც მოძრაობს ფარცხალაძე, არის ფინანსური პოლიციის საკუთრებაში. ღამით ისინი დგანან ფინანსური პოლიციის სადგომზე, დილით კი გადიან ფარცხალაძის საცხოვრებელი სახლის მისამართზე, ჯანაშიას ქუჩის 28 ნომერთან, სადაც მანქანაში ჯდება ყოფილი მთავარი პროკურორი და დღის განმავლობაში მოძრაობს ამ ავტომობილით.

ასევე, ავტომობილი, რომელიც ემსახურება ფარცხალაძის მეუღლეს, არის ფინანსური პოლიციის საკუთრებაში. შესაბამისად, მძღოლები და დაცვის წარმომადგენლებიც ფინანსური პოლიციის თანამშრომლები არიან.

ფინანსთა სამინისტროში თარგამაძის ბრალდებებს აბსურდს უწოდებენ და ამბობენ, რომ გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალებში ასახული ავტომობილები ფინანსთა სამინისტროს კუთვნილებაში არ არის. ასევე უწყების ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოქალაქე ოთარ ფარცხალაძეს იცავს და ემსახურება  საგამოძიებო სამსახურის „დაცვის თანამშრომლები“, რადგანაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მსგავსი ქვედანაყოფი არ გააჩნია.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ, გადაუმოწმებელი ფაქტების შემცველ განცხადებებს, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მცდარი ინფორმაციის ტირაჟირებას.

კერძოდ, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის თანახმად, ავტომობილები, რომლებიც ოთარ ფარცხალაძეს და მის მეუღლეს ემსახურება, არის საგამოძიებო სამსახურის საკუთრებაში და თითქოს მასში გადახდილია საბიუჯეტო თანხები.

რეალურად, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და არის მცდელობა  საზოგადოებას მიეწოდოს არასწორი ინფორმაცია. არც ერთი ავტომობილი, რომელიც განცხადებაში და ე.წ. „ვიდეომტკიცებულებაში“ არის ნახსენები, არ იმყოფება საგამოძიებო სამსახურის ბალანსზე და არც არასდროს ყოფილა.

აქვე გვინდა ავღნიშნოთ, საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ თანახმად საგამოძიებო სამსახურის ბალანსზე არსებული ავტომობილების შესახებ ინფორმაცია არის საჯარო და მზად ვართ ყველა დაინტერესებული პირს მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია მოდელის, მარკის და საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითებით.

გარდა ამისა, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოქალაქე  ოთარ ფარცხალაძეს იცავს და ემსახურება საგამოძიებო სამსახურის „დაცვის თანამშრომლები“. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მსგავსი ქვედანაყოფი არ გააჩნია. საგამოძიებო სამსახურში არ არსებობს დაცვისა და პიროვნების პირადი კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს ნებისმიერ პირს, თავი შეიკავოს მსგავსი არასწორი ფაქტების გავრცელებისგან. გარდა ამისა, ჩვენი სამსახური მზად არის ნებისმიერ შეკითხვას გასცეს ამომწურავი პასუხი“,- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

„მეტრონომი“ ფინანსთა სამინისტროს განცხადების შემდეგ, გივი თარგამაძესთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

„ქართული ოცნების“ წევრი და დეპუტატი მამუკა მდინარაძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ სიცრუეა და აბსურდი თითქოს ოთარ ფარცხალაძე ფინანსთა სამინისტროს კუთვნილი ავტომობილით დადის. მისი თქმით, ყველა გამოძიების დასრულებას უნდა დაელოდოს და ზედმეტი დასკვნებისგან თავი უნდა შევიკავოთ. მდინარაძის აზრით, თუ კი კომისიის შექმნა საჭირო გახდება, უნდა შეიქმნას და ამ საქმის ირგვლივ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს.

„ჩემი როგორც პოლიტიკოსის შეფასება ამ საქმეზე, სანამ გამოძიება არ დასრულდება არაკორექტულად მიმაჩნია. საუბარი იმაზე ამ საქმეში ვინ არის მტყუანი და მართალი სანამ გამოძიება არ დასრულდება, უბრალოდ მკითხაობა იქნება. ერთი მხარე ამბობს, რომ ასეა და მეორე მხარე ამბობს რომ ისე, ამიტომ არის პროკურატურა და ამ საქმეზე ჭეშმარიტება მან უნდა დაადგინოს.

გასაგებია თქვენი პოზიცია, რომ ფარცხალაძე მთავარი პროკურორი იყო და მის წინააღმდეგ მისსავე უწყებამ უნდა გამოიძიოს, მაგრამ ასე ყველაზე და ყველაფერზე კითხვის ნიშნებს ხომ ვერ დავსვამთ?

ფინანსთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ ფარცხალაძე უწყების კუთვნილი ავტომობილით არ დადის. თუ მის სახლთან ვიღაცამ ფინანსთა სამინისტროს საშვის მქონე ავტომობილი გადაიღო, ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ მისია. შეიძლება მასთან სტუმრად მეგობარი იმყოფებოდა, ვინც უწყებაში მუშაობს. მერე რა პრობლემაა, მას მეგობრები არ უნდა ესტუმრონ? რაც შეეხება მის ქონებას, დაველოდოთ გამოძიებას, ასე ზეპირად ყველაფერზე საუბარი ხომ არ შეიძლება. თუ მას ეს ქონება 2016 წელს აქვს შეძენილი, მაშინ რატომ უნდა ვედავებოდეთ. ის ამ დროს მთავარი პროკურორი არ ყოფილა. ყველა ბრალდებას დამტკიცება უნდა. თუ საგამოძიებო კომისიის შექმნა გახდა საჭირო მაშინ შეიქმნას მე ამის მომხრე ვარ და არ ვეწინააღმდეგები“, – ამბობს მდინარაძე.

სამწუხაროდ, „მეტრონომმა“ ვერ შეძლო გივი თარგამაძესთან დაკავშირება, იმისათვის, რომ გადაგვემოწმებინა გააჩნია თუ არა მას  რაიმე სხვა დამადასტურებელი მასალები, რომ ოთარ ფარცხალაძე ფინანსური პოლიციის ავტომანქანით დადის,  რადგან გამოქვეყნებული ავტომანქანების ფოტოები არ შეიძლება ამ ბრალეულობის  მტკიცებულებად ჩაითვალოს.

შეგახსენებთ,  13 მაისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ თბილისში შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ „ელ ცენტროში“, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი თავს დაესხნენ. ლაშა თორდია მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს.

ლაშა თორდიაზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.

14 მაისს საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მთავარ აუდიტორ ლაშა თორდიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ კონფლიქტის ინიციატორი ლაშა თორდია იყო, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

იტვირთბა....