აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი საზოგადოება სამართალი

„დეკანოზი გაგიჟდა, რას ჰქვია მეუფე დიმიტრიო“: ადვოკატი ამბობს, რომ საპატრიარქოში არასასიამოვნო საუბრები შედგა

„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან

ავტორი: ნინო ცხადაია

რა არის ე.წ ციანიდის საქმის წინასასამართლო სხდომის დახურვის რეალური მიზეზი? ვის ინტერესებში შედის დეკანოზ მამალაძეზე ზეწოლა, რომ მან თანამზრახველებად პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი და მიტროპოლიტი დიმიტრი დაასახელოს? ვისი ინტერესების მსხვერპლია დეკანოზი გიორგი მამალაძე და დაიხურება თუ არა 19 მაისის სასამართლო პროცესი – რა მოლოდინი აქვს ადვოკატს?

ყველაზე გახმაურებულ, ე.წ. ციანიდის საქმეზე წინასასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. პროკურატურამ სხდომის დახურვის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. მათი არგუმენტები ეფუძნებოდა შემდეგს: პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას, საზოგადოებრივ მორალს, ეკლესიის ავტორიტეტის დაცვას, ეროვნულ უსაფრთხოებას და სასამართლო პროცესის მონაწილეთა დაცულობას.

სხდომის დახურვის წინააღმდეგი იყო დაცვის მხარე. დეკანოზმა პროცესზე განაცხადა, რომ მას დასამალი არაფერი ჰქონდა და სურდა, რომ პროცესები საჯაროდ წარმართულიყო. ბრალდებულის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ პროკურატურის არგუმენტები სხდომის დახურვასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია.

პროკურატურამ სხდომის დახურვის საფუძვლად ისიც მიუთითა, რომ ბრალდების მხარის მოწმის მიმართ განხორციელდა მუქარის ზარი, რომელიც რელიგიური ხასიათის იყო. მათი განცხადებით, ამ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარე თვლიდა, რომ საჯაროობა და მედიის მიერ პროცესის გაშუქება საფრთხის ქვეშ დააყენებდა პროცესის მონაწილე პირებს.

„საქმე ეხება ბრალდებულ გიორგი მამალაძეს, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა. აუდიო-ვიდეო ჩანაწერებში, ასევე საქმის სხვა მასალებში, კატეგორიულად მიუღებელ მომენტებში ჩანს გიორგი მამალაძე და აშკარაა, როგორი მიუღებელი მეთოდებით ცდილობდნენ მამალაძე და მასთან დაკავშირებული პირები სასულიერო პირების დისკრედიტაციას”, – განაცხადა პროკურორმა სასამართლო პროცესზე.

მიუხედავად ბრალდებულის პოზიისა, მოსამართლემ სხდომა დახურულად გამოაცხადა. ე.წ ციანიდის საქმეზე „მეტრონომის“ კითხვებს ბრალდებული დეკანოზის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი პასუხობს.

„მეტრონომი“: როგორ შეაფასებთ იმას, რომ წინასასამართლო სხდომა დაიხურა, პროკურორმა კი განაცხადა, რომ მას არ უხსენებია საპატრიარქოს ინტერესები, როდესაც სასამართლოს წინაშე პროცესის დახურვის შუამდგომლობას აყენებდა. მათი თქმით,  შუამდგომლობას არასწორი ინტერპრეტაცია მიეცით დეკანოზის ადვოკატებმა.  როგორ ფიქრობთ, რა არის რეალური მიზეზი სხდომის დახურვის? თქვენ პროცესზე განაცხადეთ, რომ პროკურატურის განცხადებები პოლიტიკურია.

მიხეილ რამიშვილი: ძალიან პატარა შედარებას მოგიყვანთ, როდესაც პირველი სასამართლო პროცესი იყო – 28 მარტს, მოითხოვეს, რომ პროცესები გადადებულიყო ერთი თვით. მაშინ იყო საუბარი, რომ რადგანაც ბრალდებულის ოჯახის წევრები იყვნენ სახელმწიფო დაცვის ღონისძიების პროგრამაში, ამიტომ 28 მარტის პროცესი უნდა დახურულიყო. ამის შემდეგ მამა გიორგიმ ოფიციალურად მოითხოვა ოჯახის წევრების მიმართებაში დაცვის ღონისძიება გაუქმებულიყო, რომ სხდომის დახურვის საბაბი არ ყოფილიყო.

სასამართლოში ედიშერ ქარჩავაც(საპატრიარქოს იურისტი) იყო, რომელიც გამოვიდა და თქვა, რომ საპატრიარქოს სახელით პროცესის დახურვა არ უნდა იყოს საფუძველიო. კარგად მახსოვს, საპატრიარქოს იმიჯის თვალსაზრისითო თქვა პროკურატურამ და მოიყვანა გარკვეული ხელშეკრულებები, რომ მთელი ეს პროცესი არის დაკავშირებული საპატრიარქოსთან. რა შემხებლობაშია საპატრიარქო აღნიშნულ შუამდგომლობასთან? ბრალდებული სასულიერო პირია და დაზარალებული – საერო პირი. ესე რომ გადავხედოთ, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ბევრი სასულიერი პირი დღეს სასჯელს იხდის სხვადასხვა დანაშაულისთვის, თუმცა არც ერთი მათი პროცესი ასეთი რანგის შუამდგომლობებით არ განხორციელებულა და არ დამდგარა დღის წესრიგში, რომ დახურული ყოფილიყო. რა თქმა უნდა, პრესტიჟია, ცოტა უხერხულია, როცა სასულიერო პირებზეა საუბარი, მაგრამ ასე ოფიციალურად და შინაარსობრივად, დიახაც, პროკურატურის განცხადებები პოლიტიკურ განცხადებად ჩავთვალე. ჩვენ სამართლებრივი შეფასებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. პროცესების საერთოდ დახურვა ხდება მაშინ, როცა საქმე ეხება სახელმწიფო საიდუმლოებას, დაცვის ღონისძიებას, როდესაც ბრალდებულია არასრულწლოვანი და როცა  ტრეფიკინგის ან სექსუალური ძალადობის მსგავსი დანაშაულია. ესენია ძირითადი საფუძვლები პროცესების დახურვის.

მამა გიორგი დაცვის ღონისძიებას აღარ ითხოვს და აღარ სჭირდება. კაცი გამოდის და ამბობს, რომ დასამალი არავისთან არაფერი მაქვსო. ეს უფლებაა და არა ვალდებულება, – მე თუ მინდა, რომ ჩემი პირადი ცხოვრება დამალული იყოს, ვიტყვი, რომ პროცესი დაიხუროს, მაგრამ გეუბნები, რომ არ მინდა და რატომ მიხურავ?

– ხომ იყო შესაძლებელი, რომ პროცესი ნახევრად დახურული ყოფილიყო?

– როგორ არ შეიძლებოდა, ნახევრად დახურული კი არა, შეიძლება იყოს ისეთი საკითხები, რომელიც ამ ნაწილში დაიხუროს და არა – მთლიანად. ეს ერთი და მეორე, რაც შეეხება დამოკიდებულებას, ჩვენ ჩვენი შუამდგომლობები გვქონდა, რომელიც აბსოლუტურად, კანონიერი მოთხოვნა იყო და მოსამართლეს შინაგანი რწმენა თუ გააჩნია, ასევე თუ დამოუკიდებელია, უნდა დაეკმაყოფილებინა.

– რა შუამდგომლობები დააყენეთ პროცესზე?

– ეს იყო გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის თაობაზე. ეს იყო დაკავების და პირადი ჩხრეკა. ეს იყო ექსპერტიზების გარკვეული ოქმები, შეტყობინების თაობაზე, რომლითაც პირდაპირ დაირღვა ადამიანთა უფლებების ევროპული კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლი, თუმცა, გარდა ამისა, დაირღვა დაკავების შესახებ, ჩხრეკის შესახებ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და დაირღვა კონსტიტუციის შესაბამისი მუხლები, როდესაც ადამიანს არც შეატყობინეს, არც აუხსნეს, რომ ადვოკატის ყოლის უფლება ჰქონოდა და ა.შ.

ჩვენ გვქონდა 11 შუამდგომლობა და მოსამართლემ არც ერთი არ დააკმაყოფილა. პროკურატურის კი – დაკმაყოფილდა.

– პროკურატურის კიდევ ერთი არგუმენტი, რომ სხდომა დახურულიყო იყო ის, რომ ბრალდების მოწმის მიმართ განხორციელდა სატელეფონო მუქარა. მუქარა კი, მისი თქმით, რელიგიური ხასიათის იყო. მოსამართლემ სხდომის დახურვისას ეს არგუმენტიც მოიშველია. იყო ეს საფუძვლიანი არგუმენტი იმისა, რომ სხდომა დახურულიყო?

– არანაირი საფუძვლიანი არგუმენტი ეს არ არის. გამოძიება მიმდინარეობს, ჯერ გამოიძიონ და მერე შეკრიბონ სრული მტკიცებულება თუ რა შემხებლობაშია აღნიშნულ საქმესთან. იქნებ ვინმემ პროვოკაცია შეგნებულად განახორციელა? არ ვიცი, მე გამომძიებელი არ ვარ და მაგათ საქმეში არ ვერევი, მაგრამ ეს სწორი არ არის. ამ შემთხვევაში ჩვენ აქ მტკიცებულებების გამოკვლევას კი არ ვიხილავდით, არამედ იმას, თუ რომელი იყო სადაო, დაუშვებელი, უდაო და ა.შ. ჩვენ არც არავის დაკითხვა არ დაგვიწყია იქ და არც მტკიცებულებების გამოკვლევა. ამიტომ, რა შემხებლობაშია ეს, არ მესმის.

– რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ სინოდის წევრებისთვის გაგზავნილ წერილს, სადაც ის ამბობს, რომ მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა, რათა თანამზრახველებად დაესახელებინა პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი და ასევე, მიტროპოლიტი დიმიტრი. სანაცვლოდ მას ჰპირდებოდნენ პროცესებიდან განრიდებას. ვის ინტერესებშია, რომ კონკრეტულად ეს პირები ყოფილიყვნენ თანამზრახველებად დასახელებული?

– მე კონკრეტულად ვერ ვიტყვი. გამოძიებამ როგორც განაცხადა, გამოყვეს საქმე და ახლა მიდის იმ ჯგუფის დადგენა, თუ ვის ინტერესებშია. თვითონ დაადგინონ. ვის და რის ინტერესებს ემსახურება არარსებული ჯგუფის არსებობა?

– დეკანოზს რომ შემდეგ ბრალი დაუმძიმდა, თქვენ იმას უკავშირებთ, რომ მან არ დაასახელა თანამზრახველებად აღნიშნული პირები?

– რა თქმა უნდა, ჩემი შეფასებით, პირდაპირ მაგისკენაა მიმართული. იმიტომ, რომ 108-ე მუხლი 14 წელს ითვალისწინებს, 109-ე კი – 16 დან 20-ამდე, ან უვადო პატიმრობას. დაკითხვის დროს არაერთხელ უთხრეს და დაკითხვამდეც, როცა დააკავეს, უფრო სწორად, აეროპორტიდან მოიტაცეს, მანქანაში მასთან ერთად 5 პირი იჯდა. ისინი ეუბნებოდნენ, – ახლა პატრიარქის მოწამვლას თუ აპირებდი, აბა თქვი, მეუფე დიმიტრიც თუ იყო ამ საქმეში ჩართული, სოსო ოხანაშვილიცო. დეკანოზი გაგიჟდა, რას ჰქვია მეუფე დიმიტრიო, ესე იგი ძმის შვილმა უნდა მოწამლოს ბიძა? ეს არის აბსურდი.

– რაც შეეხება პროკურატურის მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ დეკანოზ მამალაძის ადვოკატები მის დაცვას კი არ ცდილობენ, არამედ ცდილობენ, რომ მან თანამზრახველები არ დაასახელოს. ასევე საუბარია იმაზე, რომ ხართ მეუფე პეტრეს მეგობარი…

– მითხრას, ვინ არიან ეს თანამზრახველები და გარკვეული ვიქნები. მე ვიცავ მამა გიორგის და ვინ არიან ეს თანამზრახველები, რას წარმოადგენენ… ასე ამბობენ ჩემზე, რომ მე, თურმე გარკვეული ჯგუფის წევრი ვარ და მითხრან, ამ ჯგუფის წევრები ვინ არიან, მთელი ცხოვრება მარტო დავდივარ და მარტო ვაკეთებ ყველაფერს. რაც შეეხება ვინმეს ცნობას, ძალიან კარგად ვიცნობ პატრიარქს და ახლო ურთიერთობა მაქვს. შორენასაც ვიცნობ, მეუფე დიმიტრისაც და ა.შ. რომელი ერთი ჩამოვთვალო, გიორგი მარგველაშვილსაც ვიცნობ… ადამიანი მეორე ადამიანს თუ იცნობს, ე.ი. მაინცდამაინც მისი მფარველი უნდა იყოს? ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, მამაჩემი ყველას იცნობდა და ასე ვარ მეც…

– სასამართლოში დეკანოზ მამალაძის მეგობარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დეკანოზს დაკავებამდე ემუქრებოდნენ. მან თქვა, რომ „ეს იყო მუქარა, რომ გაჩუმებულიყო“. რა ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ და უკავშირდება თუ არა ეს მის დაკავებას?

– მე ვერ გეტყვით მამა გიორგის მის მეგობართან რა აქვს ნასაუბრები.

– მამა გიორგის არ უთქვამს, რომ მუქარა ხორციელდებოდა მასზე? რასთან დაკავშირებით უთვლიდნენ, რომ გაჩუმებულიყო?

– ყოველ შემთხვევაში, მუქარის ფორმა შეიძლება სიტყვიერადაც იყოს. გარკვეული არასასიამოვნო საუბრები, გარკვეულ პირებთან საპატრიარქოს შიგნითაც ყოფილა.

ჩემი შეფასებით, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანი პატრიარქის ბრძანებით დანიშნულია ქონების მართვის სამსახურის უფროსად. მოგეხსენებათ, მისი საქმიანობის შესახებ – დარღვევები უნდა გამოეკვლია. მე როგორც ვიცი, გარკვეული დარღვევები აღმოაჩინა და ეს არაერთხელ გაჟღერდა, რაც როგორც საერო, ასევე სასულიერო პირებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ასეთ სიტუაციაში ყველგან ხდება საუბარი.

– შესაძლებელია აღნიშნული პროცესები მის შემდგომ დაკავებასთან იყოს კავშირში?

– ეს პირდაპირ შეიძლება ერთ რამეს დავუკავშირო. აქ არ აქვს მნიშვნელობა ბრალს რაში წაუყენებ ადამიანს. მე შემიძლია გითხრათ, რომ მისი ეს მიდგომა და ვალდებულება პატრიარქის მიმართ ვიღაცებისთვის იყო მიუღებელი. ის მსხვერპლია ვიღაცის ინტერესების.

– 19 მაისს განახლდება სხდომა, სადაც თავიდან უნდა დააყენოს პროკურატურამ სხდომის დახურვის შუამდგომლობა. რა მოლოდინი გაქვთ, დახურავენ სხდომას?

– დიახ, საქმე ერთი პროცესით არ იხურება. ყველაფერი შეიძლება იფიქრო, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და სამართლიანი სასამართლოს პრინციპი რომ არსებობდეს, დამოუკიდებელი იყოს მოსამართლე და ზნეობით საზღვრავდეს, მაშინ ვიტყოდი, რომ იმედიანად ვარ, მაგრამ იმას თუ გავითვალისწინებით, რომ არც ერთი ჩვენი შუამდგომლობა არ კმაყოფილდება და კმაყოფილდება მხოლოდ პროკურატურის, რაზე უნდა ვილაპარაკო და რისი იმედი უნდა მქონდეს.

იტვირთბა....