“მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო” ევროპის სახალხო პარტიის წევრი გახდება – ამის შესახებ პარტიის ლიდერებისა და სახალხო პარტიის დელეგაციის წევრების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. ევროპული საქართველო შესაბამის ეტაპებს გაივლის.
დღეს ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები ევროპული საქართველოს რეგიონულ ლიდერებს, ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია, რომ ევროპული საქართველო უერთდება ამ ოჯახს. სწორედ ამ თემაზე არის დღეს ჩამოსული სახალხო პარტიის მისია და დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში წარმატებით დავასრულებთ მოლაპარაკებების პროცესს. ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები, ჩვენ გვყავს მეგობრები სახალხო პარტიის სახით, რომელთაც აწუხებთ საქართველოში დემოკრატიზაცია, რომლებსაც უნდათ, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული, ევროპული ქვეყანა და მზად არიან მთლიანად დაუჭირონ მხარი საქართველოს ევროპულ მომავალს,“ – განაცხადა ფრაქცია “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” წევრმა დავით ბაქრაძემ.
„მთლიანად პარტიის პოტენციალის შესწავლა ხდება. იმისათვის, რომ საბოლოოდ პარტია ევროპული საქართველო გახდეს ამ დიდი ევროპული პარტიების ოჯახის წევრი,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ვიზიტით იმყოფება ევროპის სახალხო პარტიის დელეგაცია.