ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თეთრი სახლი გიორგი კვირიკაშვილის და მაიკ პენსის შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს

თეთრი სახლი აშშ-ში საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტზე განცხადებას ავრცელებს. ოფიცალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიცეპრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრს თეთრ სახლში შეხვდა. შეხვედრაზე ლიდერებმა დაადასტურეს აშშ-საქართველოს პარტნიორობის სიმტკიცე, რომელიც 25 წლის განმავლობაში უფრო ძლიერი გახდა.

“მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს საქართველოს წვლილს გლობალურ უსაფრთხოებაში. კერძოდ, ვიცეპრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერმინისტრს ქართველი ხალხის მიერ გაღებული მსხვერპლისთვის. აღინიშნა, რომ 31-მა ქართველმა სამხედრომ, ავღანეთში ნატო-ს ძალებთან ერთად ბრძოლისას საკუთარი სიცოცხლე შესწირა“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ვიცეპრეზიდენტმა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის ადმინისტრაციის ერთგულება დაადასტურა.

“ვიცეპრეზიდენტმა მოიწონა საქართველოს პრემიერმინისტრის როლი ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების გატარების კუთხით და კვლავ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსადმი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის ნატო-ში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ლიდერებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის გაძლიერების გზებზე.

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის ვაშინგტონში 7 მაისს ჩავიდა. ქართული დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში 8-10 მაისამდე გაგრძელდება. საქართველოს პრემიერმინისტრი ამერიკის ვიცეპრეზიდენტს მაიკლ პენსს და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკლ პენსი და პრეზიდენი ტრამპი კვირიკაშვილთან შეხვედრას Twitter-ზე გამოეხმაურნენ.

გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრები გამართა სენატორებთან ჯონ მაკკეინთან და რონ ჯონსონთან. დღეს დაგეგმილია კვირიკაშვილის შეხვედრა სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან.

იტვირთბა....