ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვაკის პარკში მისული “ღამის მგლები” ამბობენ, რომ პუტინზე დასმული კითხვები არაკორექტულია

„წარმოიდგინეთ, თქვენ ჩამოხვედით ჩემს ქვეყანაში და ასეთი არაკორექტული კითხვა დაგისვით“ – განაცხადა მოტოკლუბ „ღამის მგლების“ წევრმა საზოგადოებრივის კითხვის საპასუხოდ.  ვაკის პარკში მყოფ ბაიკერებს ჟურნალისტებმა კითხეს, ეთანხმებიან თუ არა მოტოკლუბის წევრები პუტინისა და რუსეთის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში.

“ღამის მგლების”  წევრი რომან ვორონცოვი აცხადებს, რომ ის მზად არ არის ამ კითხვებზე საპასუხოდ და უმჯობესია, ეს კითხვები პუტინს დავუსვათ. ​ვორონცოვი ამბობს, რომ მათ ჩამოსვლასთან დაკავშირებული პროტესტის მიზეზი მათთვის გაუგებარია, რადგან ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ჩამოვიდნენ.

„ღამის მგლების“ წევრებმა საქართვლოში შემოსვლის დეტალებზეც ისაუბრეს და განაცხადეს, რომ საზღვარი აპრილის ბოლოს გადმოლახეს. მათ აქ ვინმე “კობა” მასპინძლობს, რომელიც მათი მეგობარია.

ვაკის პარკში, სადაც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს აღნიშნავენ, მოტოკლუბ „ღამის მგლების“ ორი წარმომადგენელი მივიდა. ვაკის პარკში მათ მოქალაქეებმა მაისურები აჩუქეს, რომლებზეც ქართული დროშა იყო გამოსახული. ​მოტოკლუბის წევრებმა ვაკის პარკის ტერიტორია უკვე დატოვეს.

იტვირთბა....