პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საკონსტიტუციო პროექტის განხილვისას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონზე ისაუბრა.
“პირველი მუხლი ეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსს და სტატუსი იგივე პრინციპების შესაბამისად არის განსაზღვრული – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის საქართველოს განუყოფელი ტერიტორიული ერთეული, მას აქვს თავისი სიმბოლოები, მას აქვს თავისი კონსტიტუცია, რომელიც ორგანული კანონით მტკიცდება, მას აქვს თავისი ადმინისტრაციული ცენტრი და ა.შ. სტატუსის ძირითადი ნიშნები რჩება ძალაში და ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს თავისი მაღალი ავტონომიური სტატუსი მინიჭებული.
მეორე მუხლი ეძღვნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებებს. აქ გვქონდა განსაკუთრებული იურიდიული ხარვეზები და პრობლემები. კერძოდ, მთავარი პრობლემა იყო კომპეტენციების გადაფარვა ცენტრალურ, ადგილობრივ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებებს შორის. ახალი კონსტიტუციური კანონით სრულად არის აღმოფხვრილი ეს გადაფარვის პრობლემა. ჩნდება ახალი ჩანაწერი კონსტიტუციურ კანონში, რომლის თანახმადაც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი უფლებამოსილება, რომელიც არ განეკუთვნება ან სახელმწიფო ხელისუფლების, ან ადგილობრივი თვითმმართველობის განსაკუთრებულ კომპეტენციებს. ეს აჭარის ხელისუფლებას მთავრობას მისცემს შესაძლებლობას, სრულფასოვნად შეასრულოს თავისი ფუნქციები და ამოცანები ნებისმიერ სფეროში.
მესამე მუხლი ეძღვნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს. აქაც ფორმირების პრინციპები არის ანალოგიური, რაც დღეს არის განსაზღვრული. მოწესრიგებულია ინსტიტუციური მოწყობის პრინციპები. იგივე ეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მარეგულირებელ ნორმებს. აქ არის გაფართოებული ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები იმ კუთხით, რომ მაგალითად, დღეს მინისტრების დანიშვნას ესაჭიროება ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმება და ეს შეთანხმება აღარ იქნება საჭირო მთავრობის ფორმირების პროცესში.”- განაცხადა კობახიძემ.
იტვირთბა....